გორის მოსახლეობა საქართველოს პარლამენტს თვითმმართველობის კოდექსის დროულად მიღებისკენ მოუწოდებს. გორის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მელაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და გორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გორს რეფორმის შედეგად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება, მიეცემა უფლებამოსილებები და ექნება საკუთარი ბიუჯეტი, რომელიც მთლიანად ქალაქის განვითარებას მოხმარდება. როგორც შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა, გორისთვის თვითმმართველობის დაბრუნება ქალაქის ურბანული განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
„2006 წელს გორს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი გაუუქმეს და ამით, პრაქტიკულად, უარი თქვეს მისი, როგორც ქალაქის განვითარებაზე. ჩვენ ვუბრუნებთ ამ სტატუსს ქალაქს და გარდა ცალკე აღებული სტატუსისა, ვაძლევთ ბიუჯეტსა და უფლებამოსილებებს, რაც ადრე გორს არ ჰქონია. გორის მოსახლეობა თავად აირჩევს საკუთარი ქალაქის მერს, თავად განსაზღვრავს პრიორიტეტებს და იზრუნებს ქალაქის განვითარებაზე," - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.
დღევანდელ შეხვედრაზე შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვაც მიიღეს და, ხელმოწერებთან ერთად, გორის მაჟორიტარ დეპუტატს გადასცეს, რათა პარლამენტში თვითმმართველობის კოდექსის განხილვისას გორის მოსახლეობის მოთხოვნა დააფიქსიროს.
„ჩვენ, გორის სამოქალაქო საზოგადოება, გავეცანით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტს, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუხლის მიხედვითაც, გორს ქალაქის სტატუსი უბრუნდება, ეძლევა რეალური უფლებამოსილებები და ეს ჩვენს უსაზღვრო სიხარულს იწვევს. მოგმართავთ გორის სამოქალაქო საზოგადოება, რაც შეიძლება აქტიურად დაიწყოთ თვითმმართველობის კოდექსის შემოთავაზებული პროექტის განხილვა-მხარდაჭერა, რაც უფლებამოსილებებით აღჭურვილი და ფინანსურად ძლიერი, საკუთარი მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებული თვითმმართველობების ჩამოყალიბებისა და ადგილებზე სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურების წინაპირობა გახდება." - ნათქვამია განცხადებაში.
თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს მთავრობამ 30 ოქტომბრის სხდომაზე დაამტკიცა და ის განსახილველად საქართველოს პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.