ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დღევანდელ არჩევნებს UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტი გრიგოლი სურკისი დაესწრება და საარჩევნო პროცესს დააკვირდება. სპეციალურად არჩევნებისთვის თბილისში ჩამოსული არიან UEFA-ს სხვა წარმომადგენლებიც.
ამას გარდა, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში", სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს, ერთმანეთს სიტყვიერად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების ლევან კობიაშვილისა და რევაზ არველაძის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ რევაზ არველაძის მხარდამჭერებს დელეგატების გარკვეული ნაწილი ორ ოთახში ჰყავთ ჩაკეტილი. ერთ-ერთმა დელეგატმა - გიორგი ხაჩიძემ, რომელიც რევაზ არველაძის მხარდამჭერია, სიცრუეში დაადანაშაულა კობიაშვილი. აღნიშნულს კობიაშვილის ერთ-ერთი მხარდამჭერის აღშფოთება მოჰყვა და ხაჩიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სიტუაცია ამ დროისთვის განმუხტულია.