2 ოქტომბერს არტ-სალონ „VETRO VARIO"-ში ახლაბედა მოქანდაკის ქეთი მელქაძის პირველი გამოფენა მოეწყო, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
მხატვარმა კახი ერაძემ საქართველოში პირველმა თავისი შემოქმედებისთვის მასალად მეტალის ბადე გამოიყენა. ეს ძალიან საინტერესო მიგნებაა მის ნამუშევრებში. მისმა შემოქმედებამ ბიძგი მისცა კიდევ ერთ პიროვნებას-ქეთი მელქაძეს. ყველაზე უჩვეულო კი ის ფაქტია, რომ ამ ქალბატონმა საკუთარი ნიჭი 50 წლის ასაკში აღმოაჩინა. მანამდე არანაირი სპეციალური განათლება არ მიუღია, არანაირი ტიპის სასწავლებელში, არც რომელიმე მხატვარ ან მოქანდაკესთანაც კი. ის პროფესიით ფილოლოგია. როგორც თვითონ ამბობს, ხელოვნებასთან მხოლოდ დიდი ინტერესი და სიყვარული აკავშირებდა.
ქეთი მელქაძემ წარმატებით დაიწყო მუშაობა მეტალის ბადით. ხელოვნებაში თავისი დამახასიათებელი ხელწერით შემოვიდა. მისი ქანდაკებები სპეციფიკურია ინტერიერული გარემოსთვის.
-როდესაც ჩემს მეგობარ კახისთან, მის ნამუშევრებში ვნახე, რა მასალასაც იყენებდა, მომეწონა და თავადაც ვცადე სამშენებლო რკინის ბადით რაღაცეების გაკეთება, მაინტერესებდა, რა გამომივიდოდა... ამის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, რომ ეს საქმე გამეგრძელებინა, რომელიც ჩემს ჰობად ვაქციე.
-როგორც ვიცი, ამ მხრივ არანაირი გამოცდილება და განათლება არ მიგიღიათ...
-არანაირი... პროფესიით ფილოლოგი ვარ, ამ სფეროსთან შეხება ამ დრომდე არ მქონია. ხელოვნება სულ მაინტერესებდა და მიყვარდა, მაგრამ არაფრის კეთება არ მიცდია.... ნამუშევრების შექმნა დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყე. ამ გამოფენაზე რაც გამოტანილი მაქვს, შვიდი თვის განმავლობაში მაქვს გაკეთებული.
-ნამუშევრების შექმნისთვის განსაკუთრებული განწყობაც მჭირდება...
-თქვენს ახალ შემოქმედებასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?
-ჯერჯერობით, განსაზღვრულად რაღაცეები დაგეგმილი არ მაქვს. გამოფენისთვისაც კი არ ვიყავი მზად.. ეს ჩემი მეგობრის ინიციატივით უფრო მოხდა... მხოლოდ ის ვიცი, რომ ახალი ნამუშევრების შექმნას კვლავ გავაგრძელებ...
-გამოფენაზე, თქვენმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა... რამდენად კმაყოფილი ხართ დღევანდელი დღით?
-ეს ყველაფერი ძალიან მახარებს და ერთგვარ სტიმულს მაძლევს შემოქედებაში მეტის გაკეთების... დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ყველა ახლობელსა და მეგობარს, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი შემოქმედებით დაინტერესდნენ და აქ მობრძანდნენ. ძალიან ბედნიერი ვარ...