ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების ყრილობაზე UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტმა გრეგორი სურკისმა UEFA-ს სუპერ თასის მაღალ დონეზე ჩატარებისთვისა და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერისთვის, საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. სურკისმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინსიტრს ბიძინა ივანიშვილსა და მოქმედ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ფეხბურთის ფედერაციისთვის გაწეული დახმარებისთვის. როგორც სურკისმა აღნიშნა, ერთობლივი, კონსტრუქციული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას.
„სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ როგორც ცდილობს ფეხბურთის ფედერაცია თამაშის ყველა ასპექტის განვითარებას და შეჯიბრებების საორგანიზაციო საკითხების გაუმჯობესებას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის წარმატებით განხორციელება, მათ შორის UEFA-ს უშუალო მონაწილეობით. თქვენთვის ცნობილია, რომ UEFA ახორციელებს საფეხბურთო ინფრასტრუქტურის პირდაპირ ინვესტიციებს, მათ შორის ეს ეხება სტადიონებს და მინდვრებს. თბილისში, UEFA-ს ინვესტიციის წყალობით, კარდინალურად განახლდა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, რამაც საშუალება მისცა თბილისს UEFA-ს სუპერ თასის ფინალის მაღალ დონეზე ჩატარება. მე, როგორც ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი, მადლობას გიხდით მატჩის უმაღლეს დონეზე ჩატარებისა და ორგანიზებისთვის. გარდა ამისა, 2013 წელს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ჩატარდა ფუტსალის თასის ფინალი და ახლა ემზადებით 2017 წელს, 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის. პირველად მიიღებს თქვენი ქვეყანა საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ასეთ მაღალ ტურნირს. ეს ყველაფერი მოხდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ფეხბურთის ფედერაციის დიდი მხარდაჭერით, კერძოდ კი ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის მეთაურ ირაკლი ღარიბაშვილის ხელშეწყობით. მთავრობის, ფედერაციისა და UEFA-ს ეფექტური, ერთობლივი მუშაობა გახდა ამ ყველაფრის ხელშემწყობი. საქართველოში იქმნება მყარი ფუნდამენტი იმისთვის, რომ მომავალში ფეხბურთი კიდევ უფრო განვითარდეს", - განაცხადა გრეგორი სურკისმა.