reportiori.ge - როგორ უღებენ ქართველ ჩვილებს ფოტოებს უცნაურ პოზებში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 05:17
სხვადასხვა
როგორ უღებენ ქართველ ჩვილებს ფოტოებს უცნაურ პოზებში
ავტორი:
04 ოქტომბერი, 2015. 23:11

29 წლის ეკა ოძელაშვილი ფოტოგრაფიით შვილის გაჩენის შემდეგ დაინტერესდა. დეკრეტში იყო, როცა პატარას ფოტო-კოლაჟებს უკეთებდა. მისმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და გაჩნდა იდეა, ამ საქმისთვის სერიოზულად მოეკიდა ხელი... დაახლოებით აპრილის ბოლოს მეუღლესთან მირიან ჯუღელთან ერთად დაიწყო აქტიური მუშაობა და მას მერე ახალშობილებს საოცარ ფოტოებს უღებს, ისეთებს, რომლებიც აქამდე მხოლოდ ინტერნეტში თუ გვენახა და ვერ წარმოგვედგინა, თუ აქაც იღებდნენ.


- ბავშვობიდან ხატვა მიყვარდა ძალიან, მაგიტომაც ჩავაბარე არქიტექტურულზე, 10 წელი ჩემი პროფესიით ვმუშაობდი, მაგრამ რაც შვილი შემეძინა, ფოტოგრაფიით დავინტერესდი. დეკრეტში ყოფნისას დავიწყე სურათების გადაღება, მაშინ ბავშვი 5 თვის იყო, სხვადასხვაგვარი დეკორაციები შევქმენი სპეციალურად ფოტოსესიისთვის და ვაკეთებდი კოლაჟებს. რა თქმა უნდა, დავდე ფოტოები ფეისბუქზე, რასაც კარგი გამოხმაურება მოჰყვა, მეტიც, რამდენიმე ადამიანმა მოისურვა, მათი შვილებისთვისაც გამეკეთებინა იგივე. მერე და მერე უკვე მეუბნებოდნენ, რატომ არ აქცევ ამ საქმეს სირიოზულ ყურადღებასო. ბოლოს, მე და ჩემმა მეუღლემ მირიან ჯუღელმა გადავწყვიტეთ, დაგვეარსებინა სტუდია, რომელიც ჩვილ ბავშვებთან იმუშავებდა და მოაწყობდა ფოტოსესიებს.

 

 


- ტექნიკურად რამდენად რთულია იმუშაო ჩვილ ბავშვთან, "დაიჭირო" მისი ემოციები?

- საქართველოში ახალშობილებს იშვიათად იღებენ, ამიტომაც მოვკიდე ამ საქმეს ხელი, მაგრამ ადვილი ნამდვილად არ არის. მაგალითად, არსებობს რაღაც პოზები, თუნდაც ნიკაპის ხელებზე ჩამოდება, ბაყაყისებური წოლა, რომელიც უნდა გადაიღო მანამ, სანამ ბავშვი ერთი თვის გახდება, შემდეგ შეუძლებელია ამ მდგომარეობაში გადაღება. გადაღების პროცესი ძირითადად ბავშვის ძილის დროს ხდება. ჩვილებს დრეკადი ტანი აქვთ, ამიტომ დაძინებული ბავშვის სხვადასხვა პოზაში გადაღება უფრო მარტივია. მძინარე ბავშვს ვსვამთ სხვადასხვანაირ დეკორაციაში და ვიღებთ. რა თქმა უნდა, მერე ფოტოშოპის მეშვეობით ვამუშავებთ ფოტოებს.

 



- ალბათ გადაღების პროცესი საკმაოდ რთულია და დიდხანს გრძელდება.

- კი, ასეა, 3-5-6 საათი გაგრძელებულა გადაღება, იმიტომ, რომ აუცილებელია პატარამ დაიძინოს, ზოგ შემთხვევაში ბავშვი არ იძინებს, ხან შია, ხან უბრალოდ წუხს, ამიტომ გვიწევს დალოდება. ერთხელ ტყუპს ვიღებდით, სამნი იყვნენ, 7 საათი ვიმუშავეთ მათთან, ერთმა რომ დაიძინა, მეორეს გაეღვიძა, მესამეს მოშივდა და ა.შ. სანამ ერთდროულად დაიძინეს, დიდი დრო გავიდა და დიდხანს გაგრძელდა გადაღება. ეს უფრო ახალშობილებთან ხდება, თორემ ჩვენ სხვა ასაკის ბავშვებთანაც ვმუშაობთ, ასევე ვიღებთ ბავშვებისთვის მნიშვნელოვან თარიღებს. ერთხელ ერთი წლის ბავშვის დაბადების დღეს ვიღებდით, მთელი პროცესის განმავლობაში პატარა ტიროდა, ვერაფრით ვერ დავიჭირეთ კადრი, სადაც მოწყენილი და ცრემლიანი არ იქნებოდა, ბოლოს აცრემლებული სახის მოღიმარ სახედ "გადაყვანამ" მოგვიწია.

 



- რაც შეეხება დეკორაციებს, თქვენ თვითონ აკეთებთ, იწერთ საიდანმე, თუ...

- ძირითადად ჩვენ თვითონ ვაკეთებთ, ან აქაურ დიზაინერებს ვაკეთებინებთ, ზოგჯერ ვიწერთ, ზოგჯერ ვყიდულობთ... გარდა იმისა, რომ დეკორაცია ლამაზი უნდა იყოს, ასევე მნიშვნელოვანია კომფორტი, რომ ბავშვმა მასში თავი კარგად იგრძნოს, ყველანაირად გათვლილი უნდა იყოს პატარებზე. აქსესუარებს ძირითადად მე ვაკეთებ, მაგალითად, ჩვეულებრივი თმის სამაგრები ამ შემთხვევაში არ გამოდგება, იმიტომ, რომ ის უნდა იყოს რბილი, ჰაეროვანი, რომ პატარას დისკომფორტი არ შეექმნას.

 


- ფოტოსესიაზე ძირითადი მოთხოვნა ახალშობილების მშობლებისგან მოდის ალბათ...

- კი. ისედაც მუშაობა ახალშობილების გადაღების მიზნით დავიწყეთ. სანამ სტუდია გვექნებოდა, გადასაღებად სახლებში დავდიოდით, რადგან ეს გარემო მშობლებისთვისაც და პატარებისთვისაც უფრო კომფორტულია, სამაგიეროდ, რთულია ის, რომ არ ვიცით, როგორი სივრცე დაგვხვდება სახლში, გვეყოფა თუ არა ფართი, განათება და ა.შ. მერე და მერე მოთხოვნა რომ გაიზარდა, გადავწყვიტეთ, სტუდია ჩამოგვეყალიბებინა. ახალშობილების გარდა ვიღებთ ბავშვების პირველ დაბადების დღეს, მნიშვნელოვან თარიღებს და ა.შ.



- თქვენი შვილი რა ასაკისაა? ალბათ დიდი ფოტოალბომი აქვს...

- 1 წლისაა... ყველა მაგას მეუბნება, ალბათ თქვენს შვილს ბევრი ფოტო აქვსო, მაგრამ ასე არაა. ფიზიკურად დრო არ მრჩება ამისთვის. ერთხელ მოვუწყვე ფოტოსესია, პატარა რომ იყო, და მეორედ - ახლახანს, დაბადების დღეზე. ესაა და ეს.



წყარო: mshoblebi.ge




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016