ხვალ თელავში, ტრადიციული დღესასწაული „ერეკლეობა" გაიმართება.
12:00 საათზე ნიკო სულხანიშვილის სახელობის თელავის სამუსიკო სასწავლებელში კლასიკური მუსიკის კონცერტი ჩატარდება. კონცერტის დასრულების შემდეგ, თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის, „ერეკლე II"-ის პრეზენტაცია გაიმართება.
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში ბავშვთა ნახატების გამოფენა მოეწყობა; გაიმართება საჭადრაკო ბლიც-ტურნირი. პარალელურად, მოეწყობა კახური სამზარეულო.
„ერეკლეობა" 16:00 საათზე, თელავის თეატრის დიდ დარბაზში, მეფე ერეკლესადმი მიძღვნილი ღონისძიებით დასრულდება, სადაც საპატიო თელაველებს აირჩევენ.
„ერეკლეობა 2013"-თვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარია გამოყოფილი.
ცნობისთვის: სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა" ტრადიციულად ყოველი წლის 7 ნოემბერს აღინიშნება. მეფე ერეკლე II-ს საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი მხედართმთავრული და პოლიტიკური ნიჭით იყო დაჯილდოვებული. ერეკლე II-მ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის. ქვეყანაში შემოიღო სამხედრო სისტემა, მმართველობა ცალკეული უწყებების მიხედვით დაანაწილა. თანამიმდევრული ღონისძიებების განხორციელებით ქვეყანაში შექმნა კულტურისა და განთლების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები: თბილისსა და თელავში დაარსდა სკოლები და სემინარიები, ჩამოყალიბდა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი; აშენდა საწარმოები, განახლდა ზარაფხანის მუშაობა.
ერეკლეს სახელს უკავშირდება ციხე-სიმაგრეების, ეკლესია-მონასტრების, ხიდების, გზების და სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობების აშენება და აღდგენა.