საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას დღეს შეუდგა. მისი თქმით, სამუშაო ოთახში რაიმე ცვლილებებს არ აპირებს, რადგან ყველა პირობაა სამუშაოდ.
„უნდა შევხვდე ყველა თანამშრომელს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა, იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ და 21-წლამდე ნაკრებებს აქვთ თამაშები. ჩემი ინფორმაციით, გარკვეული პრობლემებია საორგანიზაციო კუთხით და შევეცდებით ამ პრობლემების მოგვარებას. ეს დღე არამარტო ჩემთვის, არამედ ქართული ფეხბურთისთვის არის ბედნიერი დღე. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში გვერდით მედგა. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ძალიან ბევრი ადამიანია ფედერაციაში, ვინც თავის საქმეს აკეთებდა და არიან პროფესიონალები. მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად მომიწევს მუშაობა. შევისწავლი ყველა პრობლემას, რომელიც არსებობს და გავეცნობი", - განუცხადა კობიაშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ყველა პროფესიონალი, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა, გააგრძელებს მუშაობას სფფ-ში.
რაც შეეხება მაღალ თანამდებობებს, როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, ჯერ აღმასკომის რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამ საკითხებზე სამომავლოდ ისაუბრებს.