reportiori.ge - ალექსანდრე ქანთარია: გაერო-ში პრემიერის გამოსვლა უნაკლო იყო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:56
ინტერვიუ
ალექსანდრე ქანთარია: გაერო-ში პრემიერის გამოსვლა უნაკლო იყო!
ავტორი:
05 ოქტომბერი, 2015. 18:00


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს „რეპორტიორთან" ინტერვიუში აფასებს:


- წინა პლენარული სხდომა ჩატარდა გარკვეული აჟიოტაჟის ფონზე. უფრო სწორად, ვეღარ ჩატარდა. უმცირესობამ მოახერხა რამდენიმე ათეული კაცის მოგროვება პარლამენტის მიდამოებში. იქიდან რამდენიმემ გამოიჩინა თავი და იხულიგნა. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრს, დავით ლორთქიფანიძეს. ეს არამარტო ლორთქიფანიძის, არამედ მთლიანად კოალიციის შეურაცხყოფაა.


მე არ ვსაუბრობ სამართალდამცავების ქმედებებზე, მათ დააკავეს შემსრულებლები და სასამართლო თავად გადაწყვეტს, თუ რა ბედი ეწევათ მათ. მაგრამ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება უმცირესობას და კატეგორულად მინდა გავაფრთხილო ისინი, რომ მსგავსი პროვოკაციებით აუცილებლად მიიღებენ უარეს შედეგს. ისინი ამით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ. ამის იქით უკვე პოლიტიკა აღარ არის და მე კატეგორიულად ვაფრთხილებ მათ, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და პოლიტიკურ სივრცეში გააგრძელონ კამათი, დებატები, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ.


- როგორ შეაფასებთ პრემიერ-მინისტრის გაერო-ში ვიზიტს?


- ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის უახლეს წარსულში. ეს იყო იმ ლიდერის გამოსვლა, რომელიც დაინტერესებულია თავისი ქვეყნის ბედით და მაქსიმალურად ზომიერად ახმიანებს ყველა იმ პრობლემას, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ღარიბაშვილი არ ცდილობს, უმაღლესი ლიგის, მსოფლიო ლიდერების საქმეებში მიიღოს მონაწილეობა, რაც ჩვენთვის წამგებიანი იქნებოდა. გახსოვთ, ალბათ, წინა პრეზიდენტი როგორ ურჩევდა ხოლმე საქმეებს ამა თუ იმ ლიდერებს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.


ყველანი ვხედავთ, როგორ იწეწება მსოფლიო წესრიგი, რა რთული მდგომარეობის წინაშე დგას საერთოდ რეგიონი. ამ დროს, ჩვენ ძალიან მცირე ნაბიჯებით, მაგრამ მაინც მივდივართ წინ ევროპული ოჯახისკენ. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სტაბილურობა და მშვიდობა. ამ მხრივ ჩვენი პრემიერის გამოსვლა უნაკლო იყო. ყველაფერზე იყო საუბარი და ზომიერება იყო დაცული, რაც ამ შემთხვევაში, ჩვენი უპირატესობა გახლდათ.

 

- როგორ შეაფასებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს? რამდენად გამჭვირვალედ და კარგად ჩაიარა ამ პროცესმა?


- ჩვენ არ ვერეოდით ამ საკითხში. რასაც საინფორმაციო საშუალებებით ვადევნებდი თვალს, მთელი დღე დაძაბული და რთული იყო. ემოციური დონე იყო საკმაოდ მაღალი, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფრის ბოლო იყო ძალიან კეთილი, როდესაც გამარჯვებული კობიაშვილი და რეზი არველაძე ერთმანეთს გადაეხვივნენ. ვფიქრობ, ამ ფინალმა ყველაფერს დაუსვა წერტილი და ყველაფერი მშვიდ, საქმიან ვითარებაში გადაიყვანა. აქვე მინდა მივულოცო ბატონ ლევან კობიაშვილს და ამავე დროს დიდი მადლიერება გამოვხატო არველაძეების მიმართ ზოგადად და პირდად ბატონი რეზი არველაძის მიმართ.


- მედიაში მიმდინარე პროცესებზე რას ფიქრობთ?


- სახელმწიფოს, ხელისუფლების მხრიდან არავითარი ზეწოლა არ ყოფილა არცერთ მედიასაშუალებაზე. ზოგჯერ ჩვენ ამას ნაკლადაც კი გვითვლიან. ეს ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია და ამით ბევრ რამეს ვკარგავთ კიდეც. საერთოდ, ნებისმიერი მედიასაშუალება შეუძლებელია სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი იყოს. ყველა კერძო მედიაკომპანიას ჰყავს თავისი მფლობელი და მასზეა დამოკიდებული. ყველას სხვადასხვა მიზნით აქვს ეს ტელეკომპანიები. ზოგს ბიზნესი აინტერესებს, ზოგს შორს მიმავალი პოლიტიკური მიზნები აქვს და ა.შ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც პერიოდში ტელეკომპანია დამოუკიდებელია თავის სარედაქციო პოლიტიკაში, ისიც კი დამოკიდებულია თავის პატრონზე და მან მისცა ამის საშუალება. ამიტომ, თუკი ზოგი თოქ-შოუ იხურება, ეს არის კერძო მფლობელის სურვილი. მთავარია, კანონი არ დაირღვეს.


„რუსთავი 2"-ის შემთხვევაშიც მიმდინარეობს კერძო დავა, რაშიც ჩარევას ჩვენ არ ვაპირებთ. მაქსიმალურად ცდილობს ნიკა გვარამია, ეს სიტუაცია გაბეროს და დაუკავშიროს ხელისუფლებასა და ივანიშვილს. ერთი კითხვა მიჩნდება სულ, სად არიან ამ ტელევიზიის პატრონები და რატომ ლაპარაკობს მხოლოდ გვარამია? „რუსთავი 2" არ და ვერ დაიხურება. პირიქით, ვფიქრობ, ეს არხი პროფესიონალიზმის მაღალ დონეზე ავა. ზოგისთვის ეს არის საწამლავი, ზოგისთვის კი - წამალი. ამაშიც არავინ ერევა. მთავარია, კანონი არ დაარღვიონ. საქმეს განიხილავს სასამართლო და გაარკვევს რეალობას.


ახლა საარჩევნო წელია და ველოდებით პროვოკაციების კასკადს. ყველაფერზე იქნება პროვოკაციები, სპეკულაციები და შეეცდებიან, შექმნან ამღვრეული ფონი. მიმართულება, სამიზნე არის ორი მხარე, ერთი არის ბიძინა ივანიშვილი და მეორე - შსს. ყველანაირად ცდილობენ, საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილი წარუდგინონ როგორც ბოროტი მდიდარი, აი, ისეთი, ზღაპრებში რომ არიან ხოლმე. თითქოს ამ კაცს არაფერი გაუკეთებია, ეკლესიები არ უშენებია, არც სკოლები, არც მუზეუმები აუშენებია, ხალხი არ გადაურჩენია და კაპიკი არ ჩაუდია თავისი ქვეყნის განვითარებაში. ასე ურცხვად უნდათ, რომ ყველაფერი გადაატრიალონ და გადმოატრიალონ. ასევე ყველანაირი ხერხებით ცდილობენ და შეეცდებიან შსს-ს დისკრედიტაციას. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ჩაუფლავდებათ, რადგან ახლა აღარ არის 2003 წელი და 2012 წლის შემდეგ აბსოლუტურად სხვა ეტაპზე გადავედით.


- როგორ აფასებთ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 3 წელიწადს?


- როდესაც ხელისუფლებაში მოდის ახალი ძალა, ნელ-ნელა მისი დივიდენდები კლებულობს. ეს ბუნებრივი მოვლენაა, მთელ მსოფლიოში ასე ხდება. მაგრამ ის, რაც „ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ დავამკვიდრეთ მშვიდობიანი, სტაბილური, სამართლიანი არჩევნები და არჩევნების გზით შესაძლებელი გახდება ნებისმიერი ხელისუფლების მოსვლა და წასვლა. ადამიანი გახდა პრიორიტეტი და მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა გახდა უმთავრესი. საავადმყოფოს კარები გაიღო ადამიანებისათვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასა და სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ რეფორმებს. რა თქმა უნდა, პრობლემები არის, ორგანიზების თვალსაზრისით, კოორდინაციის თვალსაზრისით. უმრავლესობაშიც არის ბევრი რამ დასახვეწი და განსახორციელებელი, მაგრამ იმ უმთავრესს, რაც მოხდა და რაც არის,  ჩვენი ამომრჩეველი გვერდს ვერ აუვლის და ამაზე ვერავინ დახუჭავს თვალს. ვფიქრობ, არჩევნებამდე კიდევ ბევრი რამ გაკეთდება. ჩვენს მოსახლეობას შეეძლება, შედარება გააკეთოს ჩვენს დაპირებებსა და შესრულებელ საქმეებს შორის და თავად გააკეთებს შემდეგ არჩევანს. ამ მხრივ ჩვენ თავის დასახრელი და დასარცხვენი არაფერი გვაქვს.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016