კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი გამარჯვების შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ახალ სტრუქტურას შექმნის. როგორც მარგველაშვილმა რადიო "პალიტრის" ეთერში განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტს აბსოლუტურად ახალი ტიპის ადმინისტრაცია ექნება. კერძოდ, ადმინისტრაციაში ყველა ჯგუფს, მათ შორის, სოციალურად დაუცველებს, ფერმერებს, ბიზნესმენებს, დევნილებსა და სხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს სპეციალური კოორდინატორი ეყოლებათ. მისივე ინფორმაციით, ახალი სტრუქტურისა და კოორდინატორების ყოველდღიური საქმიანობა ამ ჯგუფებთან მუდმივ კონტაქტში ყოფნა იქნება. კოორდინატორები მათგან მოისმენენ ინფორმაციას მათ შორის არსებული პრობლემების, ასევე არსებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. ამის შემდეგ კი ინფორმაცია დამუშავდება და რეაგირება მოხდება.