საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. რეგიონებში განსახორიცლებელი პროექტების ფონდიდან ყვარელს წელს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 3 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება გამოეყო.
„ეს შარშანდელ დაფინანსებაზე 1 მილიონ 300 ათასი ლარით მეტია. წელს ყვარლის მუნიციპალიტეტში გადაიჭრება 8 დიდი სოფლის წყალმომრაგების პრობლემა, რაც ათწლეულების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა, რამდენიმე სოფელში დაიგება ხარისხიანი გზები. კაპიტალური სამუშაოები მიმდინარეობს ილიას ტბაზე, სადაც არ იყო გათვალისწინებული ის ძირითადი საფრთხე, რომელსაც მდინარე უქმნიდა აქაურობას. შედეგად, რამდენიმე თვის წინათ განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა, ფაქტობრივად, გზა წაიღო. ახლა კეთდება შესაბამისი გამაგრება, ჯებირები, რომ მომდევნო ძლიერი წვიმების დროს აქაურობა დაცული იყოს. შეიძლება ითქვას, რომ ეს წელი ყვარლისთვის და მისი სოფლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელია." - განაცხადა შოთა მურღულიამ.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ყვარლის მუნიციპალიტეტში წელს 12 პროექტი ხორციელდება.
„ეს პროექტები სამი სახის პრობლემების გადაჭრას ემსახურება, ესაა: საავტომობილო გზების მოწესრიგება, სასმელი წყლების რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრი სამუშოები, ამჟამად, თითქმის ყველა პროექტი დაწყებულია, სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და, დარწმუნებული ვარ, შედეგებიც კარგი იქნება". - განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა აკაკი ნათალიშვილმა.