პარტია „თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი „რუსთავი 2"-ის ირგვლივ შექმნილ პროცესებზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„რუსთავი 2"-ზე საუბარი ჩვენ გუშინ არ დაგვიწყია. ყოველთვის ვაყალიბებდით ჩვენს დამოკიდებულებას. რაც დღეს ხდება, სასარგებლოა სწორედ „რუსთავი 2"-სთვის და საზიანოა ქვეყნის ინტერესებისათვის. შეიძლება ითქვას,რომ ხელისუფლება არეულობის ხელშემწყობი ხდება და ნებსით თუ უნებლიეთ, ასრულებს ანტიქართულ ძალთა სურვილს, ქვეყნის დამანგრეველი „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების თაობაზე.
„რუსთავი 2" არის ნაცებისაგან მართვადი უძლიერესი საშუალება! მათი მიზანი გასაგებია - შეინარჩუნონ და გააძლიერონ ტელევიზია, რომლის მეოხებით გააგრძელებენ ქვეყნის გარე ძალების ინტერესების წარმატებით დაცვას... ხელისუფლებას კი სურს, ან მისი გავლენის ქვეშ მოაქციოს, ან შეზღუდოს. ორთავე პოზიცია დამანგრეველია. ორთავე მხრიდან ეს არის ბრძოლა არა საქართველოსათვის, არამედ საძალაუფლებო ინსტრუმენტისათვის.
„რუსთავი 2"-ის არსებობაზე მეტი ტრაგედიაა ის, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის, მეტიც, ებრძვის საქართველოს. ქართული ტელევიზიები კი ცალკეულ პოლიტიკოსთა, პოლიტიკურ პარტიათა აგიტპუნქტებად იქცნენ.
მე არ ვიცი, რას ნიშნავს სახელმწიფო ტელევიზია, მე არ ვიცი, რას ნიშნავს ოპოზიციური ტელევიზია, მე ვიცი მხოლოდ მართალი ტელევიზია! არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ პოლიტიკურ ძალას ისეთი დამანგრეველი დარტყმა არ მიუყენებია ქართული ეროვნული საყრდენებისათვის, ქართული ცნობიერებისათვის, როგორც ეს დამოუკიდებელ საქართველოში გააკეთეს ყველაზე ძლიერმა საინფორმაციო საშუალებებმა, უპირველესად ტელევიზიებმა, ელექტრონულმა მედიამ. თუნდაც იმის გამო, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებდა ბინძური ანტიქართული ზრახვების განხორციელებას, რომ მას არ ჰქონოდა საინფორმაციო, უპირველესად, სატელევიზიო მხარდაჭერა. „რუსთავი 2" პირველობდა ამ საქმეში, მრავალი სხვა კი მას ემსგავსებოდა... ეს დამანგრეველი პროცესი დღესაც გრძელდება.
სამწუხაროა, რომ აგიტპუნქტ-ტელევიზიებს მხარდამჭერი და მაყურებელი ჰყავს. მაგრამ ამ უარყოფით პროცესს აქვს თავისი პოზიტივიც - პოლიტიკოსთა ერთი ნაწილის ვაჭრული სულისა და ნამდვილი სახის წარმოჩენა.
დრომ დაადასტურა ბატონი რეზო ჩხეიძის გენიალური აზრი, რომ საჭიროა ბრძოლა არა მიუღებელი პოზიციის ტელევიზიების წინააღმდეგ, არამედ მართალი, დემოკრატიული და ქართული ცნობიერების ტელევიზიისათვის...
ძალიან ადვილია ანტიქართული განწყობის, დაპირისპირებაზე, ლანძღვა-გინებაზე ორიენტირებული საინფორმაციო საშუალების, ტელევიზიის შექმნა, ვინაიდან აქვს ძალიან ძლიერი უცხოური მხარდაჭერა. მაგრამ ძალზე ძნელი, ურთულესია ეროვნული განწყობის და პლანეტარული აზროვნების ტელევიზიის შექმნა, ვინაიდან ამას ეწინააღმდეგება ქვეყნის გარე ძალები. მე იმ ადამიანებთან დგომას ვამჯობინებ, ვინც მეორე, რთული გზა აირჩია. ეს არის ჩემი პოზიცია", - ნათქვამია განცხადებაში.