reportiori.ge - „შინდისის გმირები“ - ედმონდ მინაშვილი და გელა ბაბლუანი მაღალბიუჯეტიან მხატვრულ ფილმზე მუშაობას იწყებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:12
ინტერვიუ
„შინდისის გმირები“ - ედმონდ მინაშვილი და გელა ბაბლუანი მაღალბიუჯეტიან მხატვრულ ფილმზე მუშაობას იწყებენ
07 ოქტომბერი, 2015. 18:57


რუსთაველის თეატრის მსახიობი, პროდიუსერი, პროექტ „შინდისის გმირების" ავტორი ედმონდ მინაშვილი პროფესიონალებით დაკომპლექტებულ შემოქმედებით გუნდთან ერთად, მხატვრულ ფილმ „შინდისის გმირების" სცენარზე აქტიურად მუშაობს. ეს იქნება რიგით მეორე, ყველაზე მაღალბიუჯეტიანი მასშტაბური კინოპროექტი ქართულ კინემატოგრაფიაში. ფილმის სცენარი დოკუმენტურ ფაქტზეა აგებული და აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისში რუს ჯარისკაცებთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულ ქართველი ჯარისკაცების ისტორიასა და სოფლის მკვიდრის ბადრი ხუციშვილის განსაკუთრებული გმირობის ამბავს გვიამბობს. ფილმის რეჟისორი გელა ბაბლუანია, ხოლო მთავარ როლს მსახიობი მერაბ ნინიძე შეასრულებს. გამომდინარე იქიდან, რომ ფილმი ყველა საჭირო სტანდარტს დააკმაყოფილებს, შემოქმედებითი ჯგუფი მის წარდგენას უმაღლესი დონის საერთაშორისო კინოფესტივალებზე აპირებს. პროექტის ავტორის სურვილია, ფილმი „ოსკარის" დაჯილდოებაზე მოხვდეს. დეტალების შესახებ „რეპორტიორს" ედმონდ მინაშვილი ესაუბრა:



-მხატვრულ ფილმს საბოლოოდ შესაძლოა, არ დავარქვათ „შინდისის გმირები"; რასაც მოითხოვს მონტაჟი, სცენარი და საბოლოო ვერსია, შესაძლოა, სახელიც შევცვალოთ. ეს ფილმი იყო ჩვენი პროექტის („შინდისის გმირების" ) ბოლო ეტაპი. თავიდან როდესაც პროექტი გავწერეთ, იყო იქ დოკუმენტური ფილმები - გამოძიება - თუ რა მოხდა სოფელ შინდისში. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს უკვე ნახა. პროექტში იყო ტაძრის მშენებლობა და ტაძარიც დასრულებულია. პროექტში ასევე შეტანილი იყო მემორიალიც, რომელიც აგებულია და ასევე მონუმენტი, რომლის მშენებლობაც მალე დასრულდება. პროექტის ბოლო ეტაპი იყო დიდი მხატვრული ფილმი - დაგვირგვინება ამ ყველაფრის. ეს იქნება ბოლო პერიოდში საქართველოში ყველაზე  მასშტაბური კინოპროექტი. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის თემა, ის სცენარი, ის სიუჟეტი, ის დრამატურგია, რაც ამ ფილმში იქნება აღწერილი, კონკრეტულად, გორის რაიონის სოფელ შინდისის ტრაგედია. ვფიქრობ, ეს არის საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი. შევეცდებით, ყოველივე გადმოვცეთ ღირსეულად. სცენარი კარგი გამოდის, ძალიან საინტერესო ხაზი გვაქვს. საერთოდ, ფილმის წარმატების მთავარი განმსაზღვრელი სცენარია. თუ სცენარი გაქვს ძლიერი, დრამატურგიულად, სიუჟეტურად სწორად აწყობილი და ისეთი, რომელიც საზოგადოებისთვის მტკივნეული, სულში ჩამწვდომია, ნიშნავს იმას, რომ ფილმი 70 %-ით წარმატებული იქნება. ამას ემატება ის ძლიერი სტაფი, რომელიც ჩვენ გვყავს: დაწყებული რეჟისორიდან, დამთავრებული ოპერატორით და საპროდიუსერო ჯგუფით.



-შემოქმედებითი ჯგუფის წევრების შესახებ გვიამბეთ და მუშაობის რა ეტაპზე ხართ?

 


-დღესაც ვიკრიბებით შემოქმედებითი ჯგუფის ნაწილი. ვმუშაობთ სცენარზე, ვამუშავებთ, ვწმენდთ. ვიკრიბებით მე, ცნობილი ქართველი პროდიუსერი ვოვა კაჭარავა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპერატორი მინდია ესაძე და საქართველოში ერთადერთი, ვიტყოდი, ყველაზე მაგარი სცენარისტი ირაკლი სოლომანაშვილი. ოთხივენი დღეს დავსხდებით და კიდევ ერთხელ 3-4 ნაბიჯს გადავდგამთ სცენარის დამუშავებაში. გარდა ამისა, თვის ბოლოს, ოქტომბრის 19-ში, მე, ვოვა კაჭარავა და მინდია ესაძე მივდივართ პარიზში, სადაც ვხვდებით ინგლისელ პროდიუსერებს. ისინი დაგვეხმარებიან ფილმის საერთაშორისო ბაზარზე გატანაში, მათგან მივიღებთ რჩევებს, რეკომენდაციებს. შევთანხმდებით ერთ საერთო კონცეფციაზე და იმ გზით გავაგრძელებთ მუშაობას. ისინი არიან ძალიან გამოცდილი პროდიუსერები; ერთი ევროპის კინოაკადემიის წევრის და მეორე  -ხელმძღვანელი. ძალიან დიდი პიროვნებები არიან. პარიზში გავმართავთ სისტემატურ შეხვედრებს, რათა ერთ საბოლოო იდეამდე მივიდეთ. გარდა ამისა, იქ შევხდებით გელა ბაბლუანს და გავაცნობთ დასრულებულ სცენარს. შესაძლოა, მივიღოთ კიდეც გარკვეული მითითებები მისგან, რა როგორ ჩავასწოროთ. ეს იქნება ბეჭდის დარტყმა გელას მიერ.


- ადვილად დაგთანხმდათ ფილმის რეჟისორობაზე?


-გელა ბაბლუანს დავეკონტაქტე 3 წლის წინ ტელეფონით. ავუხსენი სიუჟეტი, თუ რას ვაკეთებდი, როგორ ვაკეთებდი. გელას მხრიდან მაშინვე გამოითქვა დაინტერესება. მას თემა უკვე გაგონილი ჰქონდა დოკუმენტური ფილმებიდან, ჩვენი სიუჟეტებიდან, ინტერვიუებიდან და ყველაფერი იცოდა. ძალიან გაუხარდა შეთავაზება. მითხრა, ჩემი ოცნებაა, საქართველოში რამე კარგი, ღირებული ფილმი შევქმნაო და ეს არის თემა, რომელზეც შემიძლია ვიმუშაო და დიდი სიამოვნებით ვაკეთოო. მოგეხსენებათ, ბატონი გელა ძალიან დაკავებულია, ბევრი პროექტი  აქვს, მიუხედავად ამისა, მან თანხმობა გამოთქვა. მას შემდეგ ჩვენ გვქონდა თვეში ერთხელ კონტაქტი, იდეების გაცვლა, რა როგორ გაგვეკეთებინა. საბოლოო ჯამში, მივედით იქამდე, რომ გელა ამ ზაფხულს ჩამოვიდა, შევხვდით, მივედით იქამდე, რომ იმ პროექტის დასრულების შემდეგ, რომელიც დაწყებული აქვს, მაშინვე ამ ფილმზე გადმოერთვება. დეკემბრის მეორე ნახევრიდან დავიწყებთ მოსამზადებელ სამუშაოებს: გადასაღები ადგილების შერჩევას, ჩატარდება მსახიობების კასტინგები. იდეალურ ვარიანტში, 2016 წლის გაზაფხულზე დავიწყებთ გადაღებებს, რომელიც დაახლოებით 2 თვეს გასტანს.

 

 

-რაც შეეხება მსახიობებს, როგორი იქნება მათი შერჩევის პროცესი? ითამაშებენ თუ არა ფილმში ცნობილი მსახიობები?



-მსახიობები, რა თქმა უნდა, პროფესიონალები იქნებიან. ერთს გაგიმხელთ, გვინდა, რომ იყოს და აუცილებლად იქნება მთავარი როლის შემსრულებელი, სცენარიც მასზე იწერება - ეს არის მერაბ ნინიძე. ის შეასრულებს სოფელ შინდისის ერთ-ერთი მკვიდრის როლს, რომელიც ფილმის მთავარი პერსონაჟია. ესაა ბადრი ხუციშვილი, მეტსახელად „ახმეტა". არტისტისთვის ეს საოცრად მაგარი სათამაშო როლი იქნება. დანარჩენ მსახიობებს შევარჩევთ კასტინგებით.

 


-ვიცით, რომ ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში ეს ფილმი ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი იქნება. როგორ შეძელით თანხების მობილიზება და პროექტისთვის დაფინანსების მოპოვება?

 


-ბიუჯეტი ქართული ფილმისთვის არის საკმაოდ დიდი. საკმაოდ მაღალბიუჯეტიანია. როგორ მოვიპოვეთ დაფინანსება? ჯერჯერობით იმ ადამიანებისგან არ მაქვს ნებართვა, დავასახელო მათი ვინაობა. თუმცა, დროთა განმავლობაში ამას გაიგებს საზოგადოება. სხვათაშორის, ერთ-ერთ მსხვილ დამფინანსებელს ახლა შევხვდები პარიზში, რომ საბოლოო დეტალებზე ჩამოვყალიბდეთ. არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, ამ თემაზე ვისაუბროთ თუნდაც ფილმის, შემოქმედებითი ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე. რომ დავბრუნდებით პარიზიდან, პირობას გაძლევთ, თქვენ გეტყვით პირველად. ისე, ამ ადამიანს ყველა კარგად იცნობს.


-გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ფილმი ბიუჯეტის მოცულობით  იქნება მეორე ფილმი „აგვისტოს ომის" შემდეგ ქართულ კინემატოგრაფიაში...

 

 

- „აგვისტოს 5 დღის" ბიუჯეტი საკმაოდ დიდი იყო. აქვე ვიტყვი, რომ ეს იყო ფულის ფლანგვა. არ გამოირჩეოდა არც მსახიობებით, არც დრამატურგიით, არც სცენარით. ამის დასტურია ისიც, რომ ფილმმა ვერ მოიპოვა ვერცერთ საერთაშორისო ფესტივალზე ჩვენების უფლებაც კი. ელემენტარულად მოწონებაც კი არ ჰქონდა. ეს იყო ჩავარდნილი პროექტი. ჩვენს სცენარს არც შევადარებ „აგვისტოს 5 დღეს", ახლოსაც კი ვერ მოვა. როგორც ვიცი, 45 მილიონი დაჯდა, ჩვენი ფილმი ბიუჯეტის მხრივ კი, მეორეა, მაგდენი არაა, თუმცა რაც საქართველოში ფილმები კეთდება, მათზე მაღალბიუჯეტიანია.



-უცხოელი მსახიობები თუ ითამაშებენ ფილმში?

 

 

-სხვათაშორის, ინგლისელ პროდიუსერებთან ვოვა კაჭარავას ჰქონდა კომუნიკაცია ამ საკითხზე, მოგვეწვია თუ არა უცხოელი მსახიობები. იქიდან იყო პასუხი: არავითარ შემთხვევაში, გააკეთეთ სუფთა ქართული კინო, გააკეთებინეთ ქართველ რეჟისორს და ათამაშეთ ქართველი მსახიობებიო. გვირჩიეს, რომ ეს გაცილებით საინტერესო იქნება როგორც ევროპული ფილმისთვის, ასევე ამერიკული კინოაკადემიისთვისაცო.


 

-გადაღებებისთვის ადგილები თუ გაქვთ შერჩეული?

 


-დაახლობით კი, ეს იქნება სოფელ შინდისის მიმდებარე ტერიტორია. იყო ვერსია, გადაგვეღო თავად შინდისში, მაგრამ შეტაკების ადგილზე ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ, ვერ მოხერხდება. ახლომახლო არის ბევრი მსგავსი ტერიტორია, სადაც მოხდება შეტაკების გადაღება. სოფელ შინდისში გადავიღებთ ორიგინალ სახლებს, სადაც ხდებოდა კონკრეტული ფაქტები. ე.წ. „მასოვკებში" გვეყოლება ასევე სოფლის მკვიდრები.


-თავად თუ მიიღებთ მონაწილეობას?

 


-კი, გამოვიყენებ ამ უფლებას, ოღონდ პატარა ეპიზოდში პატარა როლს ვითამაშებ, რომ ჩემი ჭია გავიხარო. ეს ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა, მითუმეტეს, იმ დონის ფილმისთვის, რომელსაც ვიღებთ.

 

 

-სახელმწიფო უწყებები თუ გიცხადებენ მხარდაჭერას?

 


-კი , რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ესენია თავდაცვის სამინისტრო, კულტურის სამინისტრო. არიან კერძო ინვესტორებიც. თუმცა თავდაცვის სამინისტროა ძირითადად ჩვენი თანამშრომელი, რადგან ფილმი ეხება ომს და რა თქმა უნდა, უწყებისგან კონსულტაციები და რეკომენდაციები დაგვჭირდება. მოგეხსენებათ, ომს თავისი წესები და კანონები აქვს და ყველაფერი ამ ჩარჩოებში უნდა იყოს ჩასმული. გარდა ამისა, დაგვჭირდება სამხედრო ტექნიკა, ჯარისკაცები ე.წ. „მასოვკაში".



-როგორც აღნიშნეთ, ფილმის გატანას საერთაშორისო კინოფესტივალებზე აპირებთ...

 


- პირველად შემოქმედებითი ჯგუფი რომ შევიკრიბეთ, ვთქვი, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოვხვდეთ „ოსკარზე". ამის უფლებას მაძლევს რიგი გარემოებები, რაც თავშივე აღვნიშნე. ვაპირებთ ასევე ევროპის წამყვან ფესტივალებზე კანის, ბერლინის კინოფესტივალებზე გატანას. ჩვენ ვაკმაყოფილებთ აბსოლუტურად ყველა სტანდარტს. პირობას ვდებ, ერთ დღესაც მე მოგესალმებით „ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიიდან. ჩემს მეგობარ მიშა მესხს გავეხუმრე: შენ დაიძინე, მაგრამ მე თვალს ერთხელაც არ მოვჭუტავ-მეთქი (იცინის). ზუსტად ვიცი, ჩვენ ამ ფილმით „ოსკარზე" მოვხვდებით. მხოლოდ ჩვენებაზე კი არა, ხუთეულში.

 


-რისი თქმა გსურთ ამ ფილმით, რა არის თქვენი მთავარი მიზანი?

 

 

-ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და საჭირო ფილმი იქნება, რომელიც წერტილს დაუსვამს პროექტ „შინდისის გმირებს", ამ მართლაც დიდ პროექტს. ამით საშუალება გვეძლევა, მსოფლიოს გავაგებინოთ უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფაქტი და ყველას ვაჩვენოთ, რომ ქართველი გლეხი, ქართველი ჯარისკაცი სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს და თავის მიწა-წყალს არ დათმობს. ვეტყვით მსოფლიოს, რომ გმირები გვყავდა, გვყავს და გვეყოლება!!!



წარმატებები ვუსურვოთ შემოქმედებით ჯგუფს და დაველოდოთ პირველ „ოსკარს".


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016