სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმეში რამდენიმე ბრალდებულის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი დღეს დაცვის მხარის ხელთ არსებული ჩანაწერების გამოქვეყნებას აპირებს. როგორც ბარათაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ჩანაწერებში აშკარად ჩანს, თუ როგორც ხორციელდება ექსპერტებზე - ბედიაზე და შაფაქიძეზე ზეწოლა გამომძიებლისა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ერთ-ერთი ექსპერტის მხრიდან. "არსებობს ფარული ჩანაწერები, სადაც ბედიაზე და შაფაქიძეზე პირდაპირ არის ზეწოლა განხორციელებული. რადგან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ბრალდების მხარე ავრცელებს ჩანაწერებს, დაცვის მხარეც გაავრცელებს მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებს", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა. ადვოკატის თქმით, ეს ჩანაწერები ბრალდების მხარემ გადასცა. "ის, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხდება უპრეცედენტო მოვლენაა. როდესაც სრულიად აშკარა, აღვირახსნილი, სამარცხვინო პიარკამპანია უდანაშაულოობის პრეზუმპციის დარღვევით მიმდინარეობს, შელახვითა და თვალთვალით კონკრეტული ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს ხდება სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე და ამით ცდილობენ, საზოგადოება როგორმე დაარწმუნონ, რომ ამ საქმეში ბრალდებულები დამნაშავეები არიან", - განაცხადა ბარათაშვილმა. ამასთან, მისივე თქმით, უკანონო იყო მოპოვებული მამუკა ივანიაძის მიმართ ვიდეოჩანაწერი. "გამომძიებლების მიმართ უნდა დაისვას კითხვები, თუ რატომ იყო საჭირო, რომ მკერდზე მიმაგრებული კამერით ჩაეწერა ივანიაძე, თან იმ დროს, როდესაც მას არ ახლდა ადვოკატი. აქაც აშკარად იკვეთება სამართალდარღვევა", - განაცხადა ბარათაშვილმა.