სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ რაჭის რეგიონში რთველის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
რამდენიმე დღეში რთველი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დაიწყება. რთველის საორგანიზაციო საკითხები ფაქტობრივად დასრულებულია. ხელისუფლება სრულ მზადყოფნაშია, რომ წლევანდელმა რთველმა ორგანიზებულად ჩაიაროს და მოსავლის რეალიზაცია-დაბინავების პრობლემა არცერთ მევენახეს არ შეექმნას.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს ხელშეწყობით მოსახლეობისგან ყურძნის მიმღები 6 პუნქტი გაიხსნება, რომლებიც 08:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე იმუშავებს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართული იქნებიან ამპელოგრაფები.
სახელმწიფო მოსახლეობისგან მწიფე (კონდიციურ) 1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მიღებას 5 ლარად, ხოლო არაკონდიციური ყურძნის, რომლის შაქრიანობა 21 გრადუსზე ნაკლები იქნება - 3 ლარად მოახდენს. ძელშავისა და შერეული ჯიშის ყურძენში სახელმწიფო 70 თეთრს გადაიხდის.
რაჭაში რთველის მიმდინარეობის პერიოდში იმუშავებს ცხელი ხაზი - 2 47 01 01, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს რთველთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლება. ყურძნის მიღება-გადამუშავების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვას მოსახლეობა ონლაინ რეჟიმში რთველის სპეციალურ ვებგვერდზე www.rtveli2015.gov.ge შეძლებს.
კახეთის რეგიონში რთველი დასასრულს უახლოვდება. 7 ოქტომბრის 10:00 სთ-ის მონაცემებით, გადამუშავებული 122 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. მათ შორის 65 ათას ტონამდე რქაწითელი, 42 ათას ტონაზე მეტი საფერავი, 3 ათას ტონამდე კახური მწვანე და 12 ათას ტონაზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ყურძნის გადამუშავებით მიღებულმა შემოსავალმა 82 მლნ ლარს გადააჭარბა.