2008 წლის აგვისტოს ომის დროს, სოფელ შინდისში ქართველ და რუს ჯარისკებს შორის მომხდარ შეტაკებაზე მხატვრულ ფილმს გადაიღებს რეჟისორი გელა ბაბლუანი. ფილმში მთავარ როლს მსახიობი მერაბ ნინიძე შეასრულებს. „რეპორტიორს" ფილმის პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი ესაუბრა:
„გელა ბაბლუანს დავეკონტაქტე 3 წლის წინ ტელეფონით. ავუხსენი სიუჟეტი, თუ რას ვაკეთებდი, როგორ ვაკეთებდი. გელას მხრიდან მაშინვე გამოითქვა დაინტერესება. მას თემა უკვე გაგონილი ჰქონდა დოკუმენტური ფილმებიდან, ჩვენი სიუჟეტებიდან, ინტერვიუებიდან და ყველაფერი იცოდა. ძალიან გაუხარდა შეთავაზება. მითხრა, ჩემი ოცნებაა, საქართველოში რამე კარგი, ღირებული ფილმი შევქმნაო და ეს არის თემა, რომელზეც შემიძლია ვიმუშაო და დიდი სიამოვნებით ვაკეთოო. მოგეხსენებათ, ბატონი გელა ძალიან დაკავებულია, ბევრი პროექტი აქვს, მიუხედავად ამისა, მან თანხმობა გამოთქვა. მას შემდეგ ჩვენ გვქონდა თვეში ერთხელ კონტაქტი, იდეების გაცვლა, რა როგორ გაგვეკეთებინა. საბოლოო ჯამში, მივედით იქამდე, რომ გელა ამ ზაფხულს ჩამოვიდა, შევხვდით, მივედით იქამდე, რომ იმ პროექტის დასრულების შემდეგ, რომელიც დაწყებული აქვს, მაშინვე ამ ფილმზე გადმოერთვება. დეკემბრის მეორე ნახევრიდან დავიწყებთ მოსამზადებელ სამუშაოებს: გადასაღები ადგილების შერჩევას, ჩატარდება მსახიობების კასტინგები. იდეალურ ვარიანტში, 2016 წლის გაზაფხულზე დავიწყებთ გადაღებებს, რომელიც დაახლოებით 2 თვეს გასტანს", - განაცხადა მინაშვილმა.