„კავკასიური სახლის" ინიციატივით, საქართველოში ქართულ-რუსული დიალოგი მიმდინარეობს. დიალოგში მონაწილეობენ რუსი ჟურნალისტები, ანალიტიკოსები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. როგორც „რეპორტიორს" „კავკასიურის სახლის" აღმასრულებლმა დირექტორმა, გიორგი კანაშვილმა განუცხადა, მხარეები ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.
„ახლახანს ჩამოვედით დიცში. მანამდე ხურვალეთში ვიყავით. ადგილზე გავეცანით ვითარებას, მოსახლეობის პრობლემებს. რუს სტუმრებთან ერთად დავათვალიერეთ სად და როგორ გადის საოკუპაციო ზონა, გავეცანით ვითარებას, თუ რა უარყოფითი შედეგები მოაქვს ამ ყველაფერს. არსებული სიტუაცია რეგიონში ბევრი ოჯახის ცხოვრებაზე მწვავედ მოქმედებს. ახლა დიცში ვართ და კონფლიქტის ზონაში ჩვენი ვიზიტი უკვე მთავრდება. ვნახეთ დამწვარი სახლებიც. როგორც მოსახლეობისგან შევიტყვეთ, ზოგიერთი სახლიდან ოსი მარადიორები სხვადასხვა ნივთებს იპარავენ", -აღნიშნა გიორგი კანაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე, აქ არსებულ ვითარებაზე გარკვეულ ინფორმაციებს ფლობდნენ, თუმცა აღნიშნეს, რომ რუსული მედია-საშუალებებით კონფლიქტის ზონაში შექმნილი მდგომარეობა საკმაოდ მწირად შუქდება.
„სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ეს ყველაფერი არანაირ ნორმებში არ ჯდება და რომ აუცილებლად უნდა იყოს უბრალო მოსახლეობის ბედი გათვალისწინებული",- განაცხადა კანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „კავკასიურმა სახლმა", მოსკოვის "კარნეგის ცენტრის" პარტნიორობით უკვე მეცხრე შეხვედრა გამართა. პროექტს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტების მოგვარების ფონდი აფინანსებს.