ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთში ქუჩები და სახლები დაიტბორა. სტიქიის ადგილზე მაშველები გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან ჩავიდნენ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ქუჩებში წყლის დონე მაღალია.
ძლიერმა წვიმამ დატბორა მაღალი ძაბვის ქვესადგური „ქობულეთი", რამაც განაპირობა ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა 14 000-მდე აბონენტისთვის ქობულეთში და მის მიმდებარე სოფლებში. „ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ბრიგადები, სტიქიის გამო გათიშული აბონენტებისთვის ენერგომომარაგების აღდგენისთვის, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ამას გარდა, ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით დაახლოებით 3-კილომეტრიანი საცობია. ბობოყვათიდან მდინარე კინტრიშის ხიდამდე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა გზა მას შემდეგ გადაკეტეს, რაც მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ცენტრალური გზა დატბორა. სამაშველო სამსახურები და მძიმე ტექნიკა გზებზე ჩარჩენილი ავტომობილების გამოყვანის სამუშაოებს ახორციელებენ.
სტიქიის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები. ასევე ჩართულები არიან დამხმარე ძალა, გურიის, იმერეთის და სამეგრელოს განყოფილების მეხანძრე-მაშველები.