უკრაინის ნაციონალური ხსოვნის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ისტორიულ პირთა სია, რომლებსაც დეკომუნიზაციის კანონი ეხებათ. ამ სიაში 520 ყოფილი საბჭოთა და კომუნისტი პირია. როგორც ინსტიტუტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ სიაში არიან „სსრკ, უსსრ, სხვა საბჭოთა რესპუბლიკების ლიდერები, ასევე „ჩეკა-გეპეუ-ენკავედე-კაგებე"-ს ხელმძღვანელები, კომპარტიის მოღვაწენი, 1917წლის ოქტომბრის გადატრიალების მონაწილენი".
ამ სიაში აღმოჩნდნენ კომუნისტური იდეოლოგიის ავტორები - კარლ მარქსი, ფრიდრიხ ენგელსი, ვლადიმერ ლენინი, სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი, სსრკ კომპარტიის გენმდივანი ლეონიდ ბრეჟნევი, საბჭოთა მხედართმთავრები კლიმ ვოროშილოვი და სემიონ ბუდიონი, სხვა ქვეყნების კომპარტიის ლიდერები.
„აკრძალულ პირთა" სახელობის ყველა გეოგრაფიულ პუნქტს თუ ქუჩას სახელი უნდა შეეცვალოს ამა წლის 15 ნოემბრამდე.
დეკომუნიზაციის კანონი შეეხო, რა თქმა უნდა, ძეგლებსაც. მაგალითად, ქალაქ მელიტოპოლში უკვე ლიკვიდირებულია კომპარტიის მოღვაწეთა ყველა სკულპტურული გამოსახულება.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 15 მაისს ხელი მოაწერა 4 კანონს „კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმების დაგმობის შესახებ". ამ კანონების მიხედვით, აიკრძალა საბჭოთა სიმბოლიკა, იხსნება საბჭოთა სპეცსამსახურების არქივები და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებად გამოცხადდნენ უკრაინის მეამბოხეთა არმიის წევრები.
სხვათაშორის, „აკრძალულ პირთა სიაში" მოხვდა საბჭოთა მწერალი არკადი გაიდარიც, რომლის შვილთაშვილი მარია გაიდარი ამჟამად ოდესაში მოღვაწეობს - გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის მოადგილეა.