ჯამბაზები... მაყურებლისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გმირები არიან. ინგლისურიდან სიტყვა „Clown"-ის ზუსტი თარგმანი ასეთია: ცუდად აღზრდილი, უზრდელი ადამიანი. წარსულში ჯამბაზებს ალკოჰოლის მომხმარებელ და ღარიბ ადამიანებს უწოდებდნენ, შესაბამისად, წითელი ცხვირიც აქედან მოდის.
ორიგინალური ჟანრის მსახიობები, რომლებიც მართლაც ორიგინალურები არიან უპირველესად ვიზუალით, წარმოდგენებით და იდუმალი სამყაროთი.
ერთი შეხედვით უდარდელი და მხიარული გმირის მიღმა, ყოველთვის საუბრობდნენ მის იდუმალ სამყაროზე, მის სევდაზე... მდიდარ შინაგან ბუნებაზე, რომელსაც ყველაზე განსხვავებული ხედვები აქვს სამყაროზე... მაგალითად, გერმანელი მწერლის ჰაინრიხ ბიოლის „კლოუნის თვალთახედვა", სადაც მთავარი გმირი შნირი, ჩვეულებრივი ჯამბაზია, მისი თვალთახედვა კი იმდენად ფართოა, რომ ბოლომდე ვერავინ გაჰყვა მის აზრებსიმდროინდელ ეპოქაზე, სიყვარულზე, სიღარიბეზე, მარტოობაზე და ა.შ... განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ფრაზა, როდესაც ამ გმირს ეკითხებიან: „რა კაცი ხარ სინამდვილეში?" ის კი პასუხობს, -„კლოუნი ვარ და წამებს ვაგროვებ"...
სანამ ბიოლის ამ დიდ შემოქმედებას გავეცნობოდი, მანამდე წლების წინ ჯამბაზის მიმართ სიყვარული, ინტერესი მისი სამყაროსი და ღრმა რწმენა, რომ დიდ ხელოვანებს შორის, ცალკე მდგომი ხელოვანია, რომელიც ინდივიდუალურ აღიარებას იმსახურებს, გამიღრმავა შარლ ბოდლერის „ბებერმა ჯამბაზმა". ის ჩემთვის აღმოჩენა იყო, როდესაც ვკითხულობდი ფრაზებს...
„გერდულების რიგის ბოლოში დავინახე საბრალო, ბებერი ჯამბაზი, მოკაკული, ძალმიხდილი, თითქოს სირცხვილით გამოქცევიაო ამ დიდებულ ზეიმს - ეს იყო რაღაც ნანგრევი ადამიანისა".
„ყველგან სიამე, სიხარული, ღრიანცელი, სარფა, ხვალინდელი დღის იმედი; ცხოველმყოფელი ხალისი; აქ კი უიმედობა, სიდუხჭირე - თანაც სიდუხჭირე ჯამბაზის ჩვრებში მორთული, თვით გაჭირვება ქმნიდა მყვირალა კონტრასტს, ყოველგვარი ხელოვნების გარეშე".
„რა ღრმა, რა დაუვიწყარი მზერით ათვალიერებდა იგი ამ ბრბოს" - ამან ბიძგი მომცა, რომ მთელი ცხოვრება განსაკუთრებული პატივისცემა, განსაკუთრებული დამოკიდებულება და განსაკუთრებული სიყვარული მქონოდა დიდი ხელოვანის - ჯამბაზის მიმართ.
მათ სამყაროში ოდნავ შეხედვა მოვისურვე, რომელიც ასე მიზიდავდა მთელი ცხოვრება...
ამ ინტერვიუს ვრცელი შესავლის გარეშე ვერ დავიწყებდი, რადგან რესპონდენტი თავად ჯამბაზია...
ზაზა ყურუა, იგივე ჯამბაზი „გოშა", რომელიც ბავშვობიდან ორიგინალური ჟანრის მსახიობია, ახლა 50 წლისაა და ამბობს, რომ სანამ ძალა არ გამოელევა, ჯამბაზის როლს მანამდე შეასრულებს...
- კულტურის სახლში, სადაც საცირკო წრე იყო გახსნილი, მეორე კლასიდან მივედი. იქ ქართველი მხოლოდ მე ვიყავი, დანარჩენი სულ ბერძნები, სომხები და რუსები იყვნენ. მერვე კლასისთვის ეს ხელოვნება უკვე ისე კარგად ავითვისე, რომ გადავწყვიტე, ამ გზას ბოლომდე გავყოლოდი. იმ სასწავლებელში ჩაბარება გადავწყვიტე, რომელიც მხოლოდ თბილისში, მოსკოვსა და კიევში იყო. მერვე კლასიდან გამოვედი. ჩემმა მშობლებმა მესამე გამოცდის შემდეგ გაიგეს საცირკო-საესტრადო სასწავლებელში რომ ვაბარებდი. სასწავლებელი წარმატებით დავამთავრე.
დამთავრების შემდეგ ფილარმონიასა და ცირკში გამანაწილეს, მუშაობა ორივეგან მიწევდა. გასტროლებზე დღემდე დავდივარ, 40 ქვეყანა მაქვს მოვლილი. ჩემი ჯგუფი მყავს - „კლოუნ მეჯიქ შოუ", უმეტესად ბავშვთა გასართობ ცენტრებს ვემსახურებით.
- როდესაც ქართული საცირკო დასი არსებობდა, მონაწილეობა არაერთ წარმოდგენაში მიმიღია. სამწუხაროა, რომ ქართული საცირკო დასი აღარ არსებობს. როდესაც უცხოური ცირკი ჩამოდის, მათ პროგრამაში თავისთავად ვერ ჩაჯდები, რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც მსახიობი დაკლდათ და თამაში მომიწია.
არაერთი ჯილდო მაქვს მიღებული, ღირსების ორდენი, ოქროს მედლები, ასევე პრეზიდენტის ჯილდოები, სხვა ქვეყნების მაღალ თანამდებობებზე მყოფი პირებისგან, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ღირებული ჯილდო მაყურებლის სიყვარულია.
- როგორც ვიცი, დღეს საცირკო სასწავლებელი აღარ არსებობს...
- სამწუხაროდ, აღარ არსებობს. ინდივიდუალურად ვასწავლი ახალგაზრდებს, უმეტესად კი თეატრის მსახიობებს. სხვადასხვა კომედიური შოუების მსახიობებიც მოდიან და გვეკითხებიან, რა და როგორ უნდა გააკეთონ... ჩვენც რჩევებს ვაძლევთ...
- რა განსხვავებაა ორიგინალური ჟანრის მსახიობსა და თეატრის მსახიობს შორის?
- მრავალი ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობი მოსულა კონკრეტულად ჯამბაზის საქმიანობის შესასწავლად, თუმცა მაშინვე ვხვდები, ვის რა შეუძლია... და ბევრჯერ მითქვამს - ძალიან ნიჭიერი ხარ, მაგრამ შენ თეატრის მსახიობი ხარ და არა ორიგინალური ჟანრის... ხშირად ფიქრობენ, რომ ამ ორივე პროფესიას იოლად შეითავსებენ...
ჩვენ რაც უფრო მეტ სისულელეს ვიტყვით, მით უკეთესი გამოდის წარმოდგენა, თეატრში კი სიტყვას აქვს დიდი ძალა და მნიშვნელობა... ასევე, უფრო მეტად გვაქვს იმპროვიზირების საშუალება, შეგვიძლია იუმორის „გადათამაშება", პირდაპირი კონტაქტი მაყურებელთან, რომლებთანაც მისვლა, საუბარი, გახუმრება, შეხება შეგვიძლია... აუდიტორიას წარმოდგენის უშუალო მონაწილეებად ვხდით...
- რით მოგხიბლათ ჯამბაზის ხელოვნებამ?
- ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი ჯამბაზებით... ცირკი ძალიან მიყვარდა, წარმოდგენებზე სულ დავდიოდი. აღფრთოვანებული ვრჩებოდი სანახაობითა და განსხვავებული წარმოდგენებით. სურვილი გამიჩნდა, მეც ამ სამყაროში შევსულიყავი... მერე უკვე სხვა რაღაცეები აღმოვაჩინე, თუ რა საოცრებაა, იყო ჯამბაზი...
- როგორია ბავშვებთან ურთიერთობა თავად ჯამბაზისთვის?
- მას ბავშვები ყველაზე მეტად უყვარს... ისინი მისთვის ძალიან ძვირფასია. მათი ემოციები, გაღიმებული სახეები, კისკისი... ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.... მათთვის ხშირად სასაცილო სახელები შემირქმევია და წლების შემდეგ ის მეტსახელი შერჩენიათ... გაზრდილებს ახლა უკვე საკუთარი შვილები მოუყვანიათ... თუ თითოეული ბავშვი გულით არ შეიყვარე, ნამდვილი ჯამბაზი ვერასდროს გახდები...
სასაცილოა, რომ თავად მშობლები უფრო ერთობიან ხოლმე ბავშვების წვეულებაზე... დამიჯერეთ, ისინი უფრო მეტად არიან ბავშვები... სულ ვცდილობ მათთან კონტაქტში შესვლას, რათა ისინიც ავიყოლიო... თავიდან ეზარებათ, უბრალოდ, სხედან და ჭორაობენ ხოლმე, მაგრამ მერე უკვე დგებიან და ვეღარ ჩერდებიან...
ორი შვილი მყავს, ბიჭი და გოგო. საინტერესოა ალბათ, მათთვის ვიყავი თუ არა ჯამბაზი „გოშა" - დიახ, ვიყავი. წარმოდგენებზეც თითქმის ყველგან დამყავდა... ახლა უკვე გაიზარდნენ...
- წარმოდგენის დროს, ალბათ, ხშირად გიწევთ იმპროვიზირება?
- ძალიან ხშირია, როდესაც წინასწარ არ ვგეგმავთ, თუ რა წარმოდგენას დავდგამთ მაყურებლის წინაშე. სცენაზე გასვლისას, მაყურებლის დანახვისთანავე უკვე ვიცი, რა და როგორ უნდა წარიმართოს... ხალხის ემოციებს კარგად ვგრძობ... შეიძლება, ნომერი მომზადებული იყოს, მაგრამ იმ კონკრეტული მაყურებლისთვის წარმატებული არ აღმოჩნდეს... ამ ყველაფერს კი ვითვალისწინებ...
საზღვარგარეთ მაყურებლის აყოლიება უფრო იოლია, აქ ცოტა რთულია და მძიმე... ძალიან მკაცრი შემფასებლები არიან... ტყუილად არ არის ნათქვამი, საქართველოში ხალხმა ტაში თუ დაგიკრა, ჩათვალე, რომ მთელ მსოფლიოში დაგიკრავენო...
- თქვენი აზრით, მსახიობისთვის რომელი უფრო რთულია - მაყურებლის ატირება თუ გაცინება?
- მიუხედავად იმისა, რომ კომედიურის გარდა, არცერთი ჟანრი არ შემითავსებია, ვფიქრობ, ორივე რთულია... მაგრამ გეტყვით, რომ ძალიან ბევრი შრომა სჭირდება მაყურებლის გაცინებას, განსაკუთრებით კი, ქართველი ხალხის ემოციებზე ზემოქმედებას... იყო ჯამბაზი, საკმაოდ რთულია...
- როგორია სცენის მიღმა ჯამბაზის ცხოვრება?
- ეს ის საკითხია, რომელიხ თითქმის ყველას აინტერესებს... მაყურებელსაც არაერთხელ უკითხავს, როგორი ხართ სახლში, შვილებთან და ა.შ... სცენის მიღმა ჯამბაზის ცხოვრება სრულიად ჩვეულებრივია... მაგრამ ოდნავ განსხვავებული ხედვებით, რომელიც მხოლოდ თავად იცის, ეს ხედვა შეიძლება, ერთ დიდ საცირკო წარმოდგენის დროს შეფარული იუმორით გამოხატოს. თითოეულ ჯამბაზს საკუთარი სამყარო აქვს, რომელშიც ბოლომდე ვერავინ შეაღწევს...
როცა გარეთ გამოვდივარ, ყველასთვის ჯამბაზი გოშა ვარ, საკუთარი სახელით არავინ მიცნობს... ვინმე თუ ზაზას დამიძახებს, მაშინვე ვხვდები, რომ ძალიან ახლო მეგობარი ან ნათესავია.
- ყოფილა შემთხვევა, როდესაც ცხოვრებაში ძალიან ცუდი პერიოდი გქონიათ, მაგრამ ამ დროს სცენაზე გასვლა მაინც გიწევდათ?
- როდესაც დედა და მამა გარდამეცვალნენ, მაშინაც სცენაზე ვიდექი. მხოლოდ დასაფლავებას დავესწარი. წარმოიდგინეთ, როგორი მტკივნეულია, როცა შენს გულსა და ცხოვრებაში ცრემლი იღვრება, შენ კი ამ დროს სხვის გაცინებასა და გახალისებაზე ზრუნავ... მაგრამ ეს ის საქმეა, ყველაფრის მიუხედავად, შენი პროფესიული მოვალეობა რომ უნდა განაგრძო... გვასწავლიდნენ, სცენაზე საკუთარი ცხოვრება უნდა დაივიწყოო... სცენა არის სცენა... სადაც უამრავი ადამიანი გელის... ისინი არაფერ შუაში არიან, მათ არ უნდა უღალატო... სცენაზე ჯამბაზის პრობლემები არ აინტერესებთ...
მინახავს მსახიობი, რომელსაც ცხარე ცრემლით უტირია სცენაზე გასვლის წინ, შემდგომ კი სრულიად გარდაქმნილა... სწორედ ესაა ხელოვნება...
- თქვენი აზრით, ვინ არის ჯამბაზი?
- ერთი უბრალო და კეთილი ადამიანი, ამ უბრალოებით ის ხალხის გულებს იგებს. ჯამბაზი თავისი მაყურებლის ერთგულია... მისი მთავარი მოვალეობა ბავშვების სიყვარულია.
მოგეხსენებათ, დიდი ანაზღაურებით არ გამოვირჩევით, ვთქვათ, დაგვირეკეს და მინიმალურ თანხას გვიხდიან გამოძახებაში, ამის მერე სხვამ დამირეკა და 10-ჯერ მეტ ანაზღაურებას გვთავაზობენ, ჩვენ მაინც პირველ გამოძახებაზე მივდივართ, რადგან პირველები ისინი იყვნენ, ამ შემთხვევაში ფულს არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება... ჯამბაზები მოღალატეები არ არიან...
- მსახიობი სლავა პოლუნინი (მისი გამორჩეული ნომერია „ასისაი") ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს - „თუ ირგვლივ სამი ადამიანი შეგროვდა, რომელიმე მათგანი კლოუნის როლს აუცილებლად ირგებსო". თქვენი აზრით, სცენის მიღმა, რეალურ ცხოვრებაში არიან ჯამბაზები?
- კი, არიან უნიჭოებიც და ნიჭიერებიც... მაგრამ ეს ჯამბაზები სრულიად განსხვავდებიან იმ უბრალო ჯამბაზებისგან, ვინც სცენაზე დგანან... ისინი როლს დამახინჯებული ფორმით ირგებენ, რომელთაც ადამიანების გრძნობები ნაკლებად ადარდებთ... და მათთვის სხვა ფასეულობებია უფრო მნიშვნელოვანი, თუნდაც მატერიალური...
- წარმოდგენის დასრულების შემდეგ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩებით, რა შეგრძნება გეუფლებათ?
- წარმოდგენა ყოველთვის ისე არ ჩაივლის, როგორც გსურს... თუ ვხვდები, რომ ჩემი წარმოდგენით მივაღწიე იმას, რაც მსურდა და საჭირო იყო... სასიამოვნოდ დაღლილი... საკუთარ თავს ვეუბნები, რომ მე გავიმარჯვე...
- და როდესაც ყველასთვის კეთილი ჯამბაზი, მხიარული და უბრალო, მის ცნობილ ნიღაბს იხსნის... ვის ხედავს სარკეში?
- იმავეს... უბრალო ადამიანს...