reportiori.ge - მაია ბათიაშვილი - შემტვრეული ჭიშკარი (ეძღვნება ყველა რეპრესირებულს)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:20
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მაია ბათიაშვილი - შემტვრეული ჭიშკარი (ეძღვნება ყველა რეპრესირებულს)
ავტორი:
09 ოქტომბერი, 2015. 12:33


(ეძღვნება ყველა რეპრესირებულს, ყველა ემიგრანტს, ყველას, ვინც საკუთარ თავზე იწვნია სახელმწიფო მანქანის ძალადობა და უსამართლობა)


გვიანი შემოდგომა იდგა. ზამთრის სუსხი ნისლთან ერთად ეპარებოდა ჩაძინებულ სოფელს. უეცრად ღამის სიჩუმე ჭიშკრის ლაწანმა გაარღვია.


- ნინო, ნინო.


ახალგაზრდა კაცი ჩუმად ჩასჩურჩულებდა მის მკერდზე ტკბილად მთვლემარე მეუღლეს. აღელვებული ჩანდა.


- ნინო.


- რა მოხდა, ლევან, ბავშვმა გაიღვიძა?


- არა, რაღაც ხმაურია. მანქანების ხმაა.


ნინომ ყური მიუგდო. ფანჯრების მიღმა მართლაც მანქანების ძრავის ხმა ისმოდა.


- რა უნდა იყოს ნეტავი ამ შუაღამისას?


- სატვირთო მანქანების ხმაა.


ცოტა ხანში ძრავის ხმაური შეწყდა და შორიდან ხმამაღალი კამათისა და მოთქმის ხმა შემოესმათ.


ახალგაზრდა კაცი ლოგინიდან წამოდგა, იქვე პატარა მაგიდაზე მდგარ ლამფას შუქი აუწია და ფანჯარას მიუახლოვდა. გარეთ მეზობლის ეზოდან ყრუდ მოისმოდა ქალის კივილი: „დამიბრუნეთ! ბავშვი დამიბრუნეთ, თქვე მხეცებო!" „ერთად გვამყოფეთ...." „ჩქარა! დროზე! ეს რა არის?! ეს არ დაგჭირდებათ! ესენი აქეთ!" - უცნობი მამაკაცის ღრიალი ყველა დანარჩენის ხმას ფარავდა.


„თქვე ოხერძაღლებო! რას შვრებით! რას სჩადით?!" -ეს დავითის ხმა იყო. მართალია, მეზობლის სახლ-კარი მოშორებით იდგა, მაგრამ სამოცდათოთხმეტი წლის მოხუცის ლანძღვა ლევანის სახლამდე აღწევდა. - „თქვე უწმინდურებო, ქალებმა და ბავშვებმა რა დაგიშავათ?! თქვე სისხლისმსმსმელებო! მტარვალებო! ხელი გამიშვით!.."


ლევანს გული ძალუმად უცემდა.


- ლევან, რა ხდება? ვინ ყვირის? დავითის ხმაა, მგონი. ლევან.


ნინომ ლოგინიდან წამოდგომა დააპირა. დაძაბული უსმენდა შორიდან მოსულ ხმაურს. უეცრად, ბავშვების ტირილის ხმა და კესოს წყევლა შემოესმა. თვალებგაფართოებულმა ფანჯრისკენ გაიხედა. - ლევან, რა ხდება ჩვენს თავს? რატომ მაშინებ, ხმას რატომ არ მცემ? - ფანჯრისკენ დააპირა წასვლა.


- არა, ფანჯარას ნუ მიუახლოვდები.


ლევანმა ფანჯარას ზურგი შეაქცია და საყვარელ მეუღლეს შეხედა. ცდილობდა, ნევიულობა არ დასტყობოდა, მაგრამ ლამფის შუქიც კი ვერ მალავდა მის შეშლილ და ქაღალდის ფურცელივით გაფითრებულ სახეს.


- ლევან, - ნინოს ხმა აუკანკალდა - დავიღუპეთ?


- მაპატიე, ნინო, - ჩუმად, ძლივს გასაგონად წარმოთქვა. ახალგაზრდა კაცი სრულიად განადგურებული იყო. აკი, ეუბნებოდნენ, ეხვეწებოდნენ: „ლევან, უნდა წამოხვიდეთ. აქ დიდი საფრთხე გელოდებათ. შენ ვერც კი წარმოიდგენ, ესენი ვინ არიან. ხომ გაიგე, რა მოხდა იქ..." „ოჯახს ნუ გაიმეტებ. ესენი არავის დაინდობენ, როგორ არ გესმის?!" თვალწინ დაუდგა თავისი ბიძაშვილი. „მე არაფერი დამიშავებია, რატომ უნდა მერჩოდნენ? მე ჩემს მიწა-წყალს ვერ დავტოვებ. სად წავიდე? უცხო მიწაზე რა მინდა?! სანდრო, შენი გამკვირვებია, ასე როგორ შეგიძლია მოიქცე? არ მესმის". „არა, წარმოუდგენელია, შეუძლებელია, რამე დაგვიშაონ. ბარბაროსები ხომ არ არიან, შე კაცო, ქართველები არიან..." „როგორ არ დაგიჯერე, ჩემო სანდრო, ჩემო ერთგულო მეგობარო". თვალებზე ხელი აიფარა. რამდენი ხანია მისგან წერილიც კი არ მიუღია. „ეჰ, ჩემო მეგობარო, რომ შეიძლებოდეს დროის უკან დაბრუნება", - გაიფიქრა და ნინო გულში ჩაიკრა.


- მაპატიე, ჩემო სიცოცხლევ, ეს რა დღეში ჩაგაგდეთ. ეს რა გავაკეთე, - ჩურჩულით ბოდიშს უხდიდა მეუღლეს.


- ნუ, ჩემო სანუკვარო, თავს ნუ იდანაშაულებ, - ნინოს გრძელი შავი წამწამები ცრემლებით დაენამა.


ლევანმა მეუღლე ლოგინზე დასვა, ძველ მოჩუქურთმებულ კარადასთან მდგარ სკივრთან მივიდა და საგულდაგულოდ გადამალული წერილი ამოიღო.


- ეჰ, ჩემო სანდრო, რომ შეიძლებოდეს დროის უკან დაბრუნება, - წერილი გადაიკითხა ლანგარზე დადო და ცეცხლი წაუკიდა.


„ვაიმე, სად, სად მიგვერეკებით?! ჩემს შვილებთან დამტოვეთ..." - განწირული ყვირილი ისევ შემოესმათ. ნინო ერთიანად კანკალებდა, სულ უფრო ეკვროდა ლევანს.


- ღმერთო, რა იქნება ახლა?!? ვაიმე, შვილებო, - ნინო ცრემლებს ვერ იკავებდა და ჩუმად ქვითინებდა.


ამის გაფიქრებაზე ორივეს სუნთქვა შეეკრა. ერთმანეთს გაქვავებულები შეჰყურებდნენ.


- ღმერთო! - არაადამიანური ხმით ძლივს ამოთქვა ლევანმა და ხელები თავზე შემოირტყა. - ჩემი შვილები. ჩემი ელისაბედი, ჩემი გიორგი, ჩემი პატარები.


ლევანი ბავშვების ოთახისკენ გაემართა. დაბნეული ნინო ქვითინით მიჰყვებოდა უკან. ლამაზ პირსახეზე მძიმე, მბზინავი თმა ჩამოშლოდა.


ლევანმა ოთახის კარები ფრთხილად შეაღო. საწოლში გოგონას უდრტვინველად ეძინა.


- ბატონო ლევან, - სამოცდარვა წლის ქალბატონი გაოცებული წამოიწია გვერდით მდგარი საწოლიდან. ლევანს ღამით არასოდეს შეუღია ბავშვების საწოლი ოთახის კარები და თან, დაუკითხავად. მაგრამ ლევანისა და მის უკან მდგარი ნინოს შეშლილი სახე რომ დაინახა, გული გადაუქანდა. - ხომ მშვიდობაა, ბატონო? - მხოლოდ ამის თქმა მოახერხა.


- თინა, ჩაიცვით, - სთხოვა შემცბარმა თავადმა. ისეთი აღელვებული იყო, სულ გადაავიწყდა, რომ ბავშვებთან ძიძას ეძინა და თავისი უსაქციელობისა შერცხვა. - მომიტევეთ, - დასძინა დაბნეულმა და ოთახიდან გავიდა.


- ნინო, რა მოხდა, სახეზე ფერი არ გაქვთ, - ძიძა ლოგინიდან ფრთხილად წამოდგა. წლინახევრის ბიჭუნას საბანი შეუსწორა, კაბა ნაჩქარევად გადაიცვა და ნინოს მიუახლოვდა.


ერთ ადგილას გაშეშებული ახალგაზრდა ქალი თვალცრემლიანი დაჰყურებდა თავის შვილებს. ხელებს იწვდიდა მათკენ და პირზე იფარებდა, ძლივს იკავებდა თავს. თითქოს არც ესმოდა ძიძის ხმა.


- ნინო, ნინო, რა მოგდით? - თინა თავის ქალბატონთან ახლოს მივიდა და ხელი მორიდებით შეახო. - ნინიკო, რა მოხდა? მითხარით, რა დაგემართათ.


ერთგული თინა დიდი ხანია, რაც მათ ოჯახში იმყოფებოდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, თავადს ოჯახში რომ მიუყვანეს. მთელი თავისი ყმაწვილქალობა იქ გაატარა. ძალიან უყვარდა თავადის ოჯახი. ლევანიც და მისი უფროსი ძმაც გიორგი, ნათელში ამყოფოს მისი სული, მისი გაზრდილი იყო. გიორგის ტრაგედიამ დაღი დაასვა მთელ ოჯახს. ჯერ დიდი ქალბატონი გარდაიცვალა, ორ წელიწადში კი - ბატონი. თინა თავს ვალდებულად თვლიდა, ბოლომდე დედობა გაეწია ლევანისთვის და მისი ოჯახისთვის. მათ გარდა არც არავინ ჰყავდა.


- ნინო, ჩემო კარგო, შემომხედე, ნინო.


ნინომ არეული მზერა მიაპყრო შეშინებულ ქალს და აცახცახებული ტუჩებით ძლივს წარმოთქვა:


- მოვიდნენ, თინა, მოვიდნენ. გესმის?! ვაიმე, შვილებო!


თინამ უკან დაიხია, ფერწასულმა მძინარე ბავშვებს გადახედა, შემდეგ ნინოს შეხედა და პირზე ხელი აიფარა.


სიჩუმე ისევ მანქანის ძრავის ხმამ დაარღვია. მომართული მანქანების ხმა მათ კარ-მიდამოს უახლოვდებოდა.


ძიძა გონს მოვიდა. სახეზე ეტყობოდა, რა სისწრაფით ეცვლებოდა ფიქრები.


- ნინო, გონს მოდი. რაღაც უნდა ვიღონოთ.


ახალგაზდა ქალი ძიძას მოწოდებამ გამოაფხიზლა. ადგილიდან მოწყდა და ქალიშვილის ლოგინთან მიიჭრა. მძინარე ბავშვი გულში ჩაიხუტა და ნაზი ხმით შეეცადა გამოეფხიზლებინა.


- ელისაბედ, ჩემო ტკბილო, ჩემო პატარავ, ლიზი, გაიღვიძე, დედიკო, - სახეზე ეფერებოდა და ყოველ ნაკვთს უკოცნიდა. - ლიზიკო.


გოგონამ თვალები გაახილა და გემრიელად გაიზმორა.


- დედიკო, უკვე გათენდა? - სახეზე ხელით მოეფერა და თვალების სისველე იგრძნო. თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, უცბად გამოფხიზლდა. - დედა, რატომ ტირი? - თვალებში შიში ჩაუდგა.


- არაფერია, დედა შემოგევლოს. ჩაიცვი, საყვარელო, ნურაფერს მკითხავ, - ძიძის მოწოდებულ ტანსაცმელს სწრაფად აცმევდა.


- დედიკო, - ფანჯრისკენ გაიხედა - ჯერ ხომ ღამეა? - ბავშვის თვალები ნინოს სასოწარკვეთილ მზერას შეეფეთა. გოგონას ხმა აღარ ამოუღია. მორჩილად იცვამდა. გული დამფრთხალი ჩიტივით უფრთხიალებდა. მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახში სიამტკბილობა სუფევდა და ყველას ერთმანეთი საოცარი სინაზით უყვარდათ, მთელი ბავშვობა გაურკვეველ დაძაბულობას გრძნობდა. თითქოს მათ სახლში შიში ჩასახლებულიყო და კუნჭულებში შემალული ყურადღებით უთვალთვალებდა, ყველგან თან სდევდა. პატარა გოგონა ისე მიეჩვია ამას, რომ ვეღარც კი ამჩნევდა. ზოგჯერ უსიამოვნო გრძნობა თუ დაეუფლებოდა ხოლმე. - დედიკო, უნდა წავიდეთ?


ბავშვის მიერ აბსოლუტური სიზუსტით ნათქვამი სიტყვა განაჩენივით გაისმა საძინებელ ოთახში.


ნინოს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ გოდება არ ამოსვლოდა პირიდან. ეს, მართლაც, გმირობის ტოლფასი იყო.


პატარა ლიზიმ დაინახა, როგორ უკანკალებდა განაწამები სახე დედას და მიხვდა, რომ ყოველი მისი სიტყვა ხანჯალივით ესობოდა მას.


- ერთი კვირის წინა სოფელში მისულან სატვირთოებით. მთელი სოფელი აუსხიათ და გაუყვანიათ. იოსებს მოუსწრია გაქცევა. გაღმა სოფლისთვის შეუფარებია თავი და იქიდან გორში გადასულა. თურმე, სად არ ეძება თავისიანები და ვერსად უპოვია. ვიღაცებს უთქვამთ, გაუსახლებიათო იქ, - თინამ ბოლო სიტყვები ჩუმად წარმოთქვა, თითქოს ეშინოდა ვინმეს არ გაეგო. - საწყალი იოსები. ამათ ვინ დაემალება.


ნინო კარადიდან ბავშვის ტანსაცმელს და საცვლებს ჩანთაში ალაგებდა. მექანიკურად მოძრაობდა.


- ქალებმა და ბავშვებმა რა დაუშავათ? წლინახევრის ბავშვმა რა უნდა დაუშავოს? ეს რა ხდება ამ ქვეყანაში?!


- საერთოდ უნდა აყარონ ყველა და ეს ადგილი ჩაკეტონ. მოღალატეთა ბუდეაო აქ.


- ვინ არის მოღალატე? ღმერთო ჩემო. ესენი არიან მოღალატეები?!? თორმეტი წლის ელისაბედი და წლინახევრის გიორგი? თინა, ესენი არიან მოღალატეები?! არა, სულ გაგიჟდნენ. შეჩენილი ჰყავთ. უფლის არ ეშინიათ?! ღმერთო, გვაკმარე განსაცდელი. შენ დაგვიფარე, წმინდაო გიორგი!


- შეჩენილი კი არა, უწმინდურები არიან ეგენი. უსულგულოები. ბაბუცამ იოსების ამბავი რომ მითხრა, ისიც თქვა, რომ იქამდე ბევრი ვერც აღწევს, გზაში იღუპებიან. პატარა ბავშვებს უფრო უჭირთო ძალიან, - თინამ ენა მოიკვნიტა, მიხვდა, რომ ბოლო სიტყვები არ უნდა ეთქვა.


გიორგის საწოლთან მდგარი ნინო თინასკენ შემოტრიალდა. ანთებული თვალებით შეჰყურებდა ძიძას. მოცელილივით დაეშვა ლოგინზე და მძინარე ბავშვი გულში ჩაიკრა. ასე იჯდა ჩუმად და არწევდა თავის პირმშოს. მოხუცი ძიძის დამჭკნარ ღაწვებზე ცრემლების ნაკადი უწყვეტად მოედინებოდა. სინამდვილე და მწარე მომავალი ორივე მანდილოსანს მთელი სიცხადით თვალწინ დაუდგა.


- თინა, - ნინოს უღონო ხმა ვედრებასავით გაისმა ღამის სიჩუმეში. ახალგაზრდა ქალის სათნო და ლამაზ სახეზე ქარტეხილები ბობოქრობდა. - გიორგი ვერ გაუძლებს ამხელა გზას და ასეთ პირობებს. შენ უნდა უპატრონო. შენ ხელს არ გახლებენ. - თინას თვალებში უყურებდა. მიღებული გადაწყვეტილება სახის ყოველ ნაკვთში უძრავად ჩაბეჭდილიყო. - მიმიხედე ჩვენს გიორგის. მოწყალე ღმერთს გაფიცებ, თინა, უარი არ მითხრა. გევედ... - ნინომ სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო. უეცრად, ღამის სიმყუდროვე საშინელი დარტყმის ხმამ გადაფარა. ეზოს ბოლოს მდგარი კარიბჭე გრუხუნით, მძიმედ დაენარცხა მიწაზე და ეზოში მანქანების ხმაური გაისმა.


ნინო გველნაკბენივით წამოხტა საწოლიდან. მძინარე ბავშვი ისევ ხელში ეჭირა, ისარივით გასწორდა. თვალებით ოთახის ყოველ კუნჭულს ათვალიერებდა.


- თინა, მომყევი, - კარებისკენ გაიჭრა. თავზარდაცემული მოხუცი მორჩილად გაჰყვა. ნინომ ისე ჩაუქროლა ოთახებს, რომ ოთახიდან გამოსული ლევანი ვერც კი შენიშნა, კიბის ქვეშ დატანებულ კედელს მიუახლოვდა. კიდეს მეორე მხრიდან პატარა კარი ჰქონდა, ოთახის მხარეს კი სწორი კედელი იყო ამოშენებული. ვერც კი იფიქრებდით, რომ აქ შეიძლებოდა საკუჭნაო ყოფილიყო. თუ არ იცოდი ან ძალიან არ მიუახლოვდებოდი, ვერც კი შენიშნავდი, რომ კიბის მეორე მხარეს ნიშივით სიცარიელე იყო. სწორედ, ამ მხარეს ჰქონდა კარი კიბისქვეშა პატარა ოთახს, სადაც ლევანის ოჯახი საჭირო ნივთებს, შოთის პურებს, ჩურჩხელებს, თხილს, ნიგოზს, მწნილს და მურაბით სავსე ქილებს ინახავდა, იმ შემთხვევისთვის, თუ სახელდახელოდ დასჭირდებოდათ, სწრაფად გამოეღოთ მურაბა იქნებოდა ეს თუ მწნილი ან კიდევ სხვა რამ და ამისთვის სარდაფში არ წასულიყვნენ. ერთ-ერთ გრძელ, საკმაოდ ფართო თაროზე ცარიელი ქილები ელაგა. ნინომ სწრაფად გადმოალაგა ქილები და პლედში გახვეული პატარა გიორგი თაროზე ფრთხილად დააწვინა, თავქვეშ პატარა ბალიში ამოუდო და შუბლზე ეამბორა. შემდეგ პირჯვარი გადაწერა, უფალს მიანდო თავისი თვალისჩინი, ფქვილით სავსე ტომრები თინასთან ერთად ძლივს გადმოსწია და გვერდით დაულაგა ისე, რომ ბავშვი არ გამოჩენილიყო.


- თინა.


ქალი გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა თავის ქალბატონს.


- ნინიკო, შვილო...


- არ დაგავიწყდეს, რაც გთხოვე, - სიტყვა გააწყვეტინა და გადაეხვია.


სახლის კარების მტვრევის ხმამ იქაურობა გააყრუა. ნინომ საკუჭნაოს კარი მიხურა. სასწრაფოდ მოწყდა იმ ადგილს და სახეწაშლილი ლევანს და ელისაბედს მიუახლოვდა. ისინი გაუნძრევლად უყურებდნენ ნინოს ქცევას და თითქოს ერთ ადგილზე მიაჭედესო, ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ბედავდნენ.


- ლევან, ის ძალიან პატარაა, ვერ გაუძლებს, ვერა. ვაიმე, დედა. - ნინიკომ თვალები ზევით აღაპყრო, მუშტებად შეკრულ ხელებს გულზე იჭერდა - გევედრები, დედა ღვთისმშობელო, შენც ხომ დედა ხარ და იცი, რა სიმწარეა შვილის დაკარგვის შიში, დაიფარე ჩემი გიორგი, გემუდარები, - ახალგაზრდა ქალის ჩურჩული გულიდან ამოხეთქილი კივილის ტოლფასი იყო. შეშინებული ელისაბედი გულში ჩაკვროდა მამას, თვალს არ აშორებდა კიბის ქვეშ დამალულ საკუჭნაოს, უხმოდ ყლაპავდა გაფითრებულ ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლებს, გული მობუზული ბეღურასავით უფართხალებდა. მძიმე ფეხაცმელების ხმა სწრაფად უახლოვდებოდა ოთახს. დერეფნის ბოლოს ავტომატებიანი მცირე რაზმი გამოჩნდა. წინ შავ ტყავის ქურთუკში და ტყავის ქუდში გამოწყობილი მამაკაცი მოუძღოდათ.


ლევანმა ნაბიჯი გადადგა და რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მამაკაცმა პირში მიახალა:


- აბა, ახლა ყვირილი და კივილი არ დაიწყოთ. სწრაფად გაახვიეთ, რაც აუცილებელია და წამომყევით!


ნინომ კუთხეში თინას მიერ საჩქაროდ გამონასკული ბოხჩა დაინახა. მწარე ღიმილი ბაგეების კუთხეში ჩამალა. „ჩემო კეთილო, ამაზეც გიზრუნია", - გაიფიქრა. ცოლ-ქმარი პატარა ლიზისთან ერთად უხმოდ გაჰყვა უკან გაავებულ მამაკაცს. სასოწარკვეთილი ლევანი მძიმედ მიაბიჯებდა, ისე ძალუმად მოეკუმა მუშტები, რომ ხელისგულებში სისხლი აღარ უმოძრავებდა. მთელი თავისი არსებით ითმენდა, თავს იკავებდა, რომ პირში არ მიეხალა, არ მივარდნილიყო, მაგრამ ეშინოდა, ცოლ-შვილისთვის უარესი უბედურება არ დაეტეხა თავზე. გასასვლელ კართან იყვნენ მისული, რომ უეცრად ქვითინის ხმა შემოესმათ. დერეფნის ბოლოდან მოდიოდა. ლევანს ფეხები მოეკვეთა.


- სდექ! - გაისმა მამაკაცის ხრინწიანი ხმა. ყველა გაჩერდა. მამაკაცმა გამომცდელი თვალით შეხედა ლევანს და გვერდზე მდგომ ფორმაში გამოწყობილ ახალგაზრდას მიმართა:


- აბა, ერთი ნახე, რა არის მანდ!


ლევანი წინ გადაეღობა. წამში სახეზე იარაღის კონდახი იგრძნო. სისხლი წასკდა.


- არ გაინძრე! - დაუყვირა სახეშეშლილ ნინოს ფორმიანმა. - ჰა, ეშმაკობაც გცოდნიათ? არ გეკადრებათ, ბატონო ლევან, - მიუბრუნდა ლევანს. „ბატონო ლევან" ისეთი ცინიზმით და ამრეზით წარმოთქვა, რომ სიტყვებთან ერთად მთელი ზიზღი ამოანთხია. - აბა, ვნახოთ. სოროში ვირთხები გყოლიათ? - სიამოვნებისგან სახე ულაპლაპებდა. ნიში გულდასმით დაათვალიერა. საკეტი შენიშნა და კარი გააღო. საკუჭნაოდან გამეხებული ქალი გამოვარდა.


- დეიდა თინა, თქვენ? - ახალგაზრდა კაცი შეცბა. პატარა რომ იყო, რამდენჯერ დაუპურებია დეიდა თინას, რამდენჯერ გამოქომაგებია. დედაქალაქში წასვლის წინ, სრულიად ახალგაზრდა ბიჭს, დეიდა თინამ თავისი დანაზოგი ხელში სულ ძალით ჩაუდო, „შენგან კარგი კაცი დადგება, შვილო, სწორად მოიხმარეო", - ასე უთხრა. თითქოს მდუღარე წყალი გადაასხესო, გაშეშებული იდგა. არ იცოდა, რა ექნა.


- ჰა, რა მოხდა, რას გაშეშებულხარ! არ გესმის! წამოიყვანე! - დაუღრიალა შავტყაოსანმა.


თინა სასწრაფოდ გაეცალა საკუჭნაოს. ერთ რამეზე ფიქრობდა მხოლოდ, საკუჭნაო არ გაეჩხრიკათ და ფქვილით სავსე ტომრებს იქით დამალული მძინარე გიორგი არ ეპოვათ. საკუთარი ხელებით საკუთარი გულის ამოგლეჯვა უნდოდა იმისთვის, რომ ვერ შეაჩერა ნიაღვრად ქცეული ცრემლები. საწყალი, ნინოსკენ გახედვას ვერ ბედავდა. გამწარებული მის წინ მდგარ კაცს თვალებით ბურღავდა. ახალგაზრდა კაცი ისე დააბნია თინას გამგმირავმა მზერამ, რომ საკუჭნაოში არც კი შეუხედია ისე წაილაპარაკა:


- ეს არის სულ. - შემდეგ თინას მიუბრუნდა - მობრძანდით, დეიდა თინა.


დერეფანში ახალგაზრდა ქალის სიმღერის ხმა გაისმა. ნინო თავის საყვარელ სიმღერას მღეროდა, იმას, ბავშვებს რომ უმღეროდა ძილის წინ. შავ სპეცფორმებში თავმომწონედ გაჯგიმული რაზმელები გაოცებულები შეჰყურებდნენ ნინოს. მარტო ლევანმა და დეიდა თინამ იცოდნენ, ხმამაღლა რატომ მღეროდა ნინო. ის თავის გულის ნაწილს, თავის პატარას უმღეროდა უტკბესი ხმით, ხმამაღლა მღეროდა, სიმღერით უნდოდა გადაეფარა ხმაური. ახალგაზრდა ქალს რწმენით სავსე ნათელი გადაფარებოდა სახეზე. ფრესკას მოგაგონებდათ, ტაძრის კედელზე ამღერებულ ფრესკას.


- „მობრძანდით". ჰმ. რა ბრინჯივით დაიბენი, ბიჭო. მადლიერების გრძნობა ცუდი მრჩეველია, დაიმახსოვრე, - დამცინავად გადახედა დანარჩენებს შავტყაოსანმა და კბილებს შორის გამოსცრა - „მობრძანდით" კი არა, ფეხი გამოადგით! ჩქარა! - ისეთი ძალით ჰკრა ფეხი დერეფნიდან გამავალ კარებს, რომ კარები ხმაურით მიეხეთქა კედელს და შუშების მტვრევის ხმა ნინოს ძლიერ და საოცრად რბილი ხმის ტემბრში ჩაიკარგა.


- ფუი, შენი... - შეიკურთხა კაცმა და ენერგიულად ჩაირბინა მაღალ ბელეტაჟზე საუკუნეებით მდგარი სახლის კიბეები.


ნახევრად ღია საკუჭნაოში კი პატარა გიორგის პაწია ფუმფულა ხელი ლოყის ქვეშ ამოედო და ნინოს იავნანით დამშვიდებულს ძილში ტკბილად და უდრტვინველად ეღიმებოდა.




ავტორი: მაია ბათიაშვილი 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016