1990 წლის 9 ოქტომბერს ლეგენდარული ფეხბურთელი ბორის პაიჭაძე გარდაიცვალა. „ფეხბურთის კარუზო" (ასე უწოდებდნენ მას) დაიბადა 1915 წლის 3 თებერვალს ჩოხატაურში, სოფელ ონჭიკეთში. ბორის პაიჭაძე თბილისის „დინამოს" შემადგენლობაში თამაშობდა.
1936-1951 წლებში თბილისის „დინამოს" თავდამსხმელი იყო. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში წვრთნიდა თბილისის „დინამოს".
მის სახელს ატარებს საქართველოს უდიდესი ეროვნული საფეხბურთო სტადიონი - „დინამო არენა". სტადიონის ტერიტორიას კი მისივე ძეგლი ამშვენებს.
2015 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დააწესა ბორის პაიჭაძის სახელობის პრიზი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისათვის.
ბორის პაიჭაძე პირველია, ვისი სახელიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში. ის ქართული ფეხბურთის პირველი ნაღდი ვარსკვლავი გახლდათ, მოთამაშე, რომლის შემხედვარე უამრავმა ადამიანმა შეიყვარა სპორტის მეფე.
ტიტულები: სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1939, 1940; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1936 (შემოდგომა), 1946, 1947, 1950; დამსახურებული ოსტატი - 1944
ღირსების (1941) და შრომის წითელი დროშის (1957) ორდენების კავალერი.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (გარდაცვალების შემდეგ).
1991 წელს ეროვნულ სტადიონს ბორის პაიჭაძის სახელი მიენიჭა. იქვე დაიდგა მისი ბიუსტი.
2001 წლის 26 მარტს, სპეციალურმა კომისიამ (ფეხბურთის სპეციალისტები, ჟურნალისტები, ვეტერანები) თბილისის ფილარმონიაში გამართულ საზეიმო გალა-დაჯილდოებაზე ბორის პაიჭაძე საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.