ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „დღის შოუში" რუბრიკაში „პერსონა" რობერტ ბარძიმაშვილის შემოქმედებას და მოღვაწეობას მიეძღვნა. კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის განცხადებით, სწორედ რობერტ ბარძიმაშვილი გახლდათ საქართველოში პირველი პროდიუსერი, რომელმაც შეძლო, სახალხო მუსიკა გამხდარიყო ელიტარული მუსიკა:
„რობერტ ბარძიმაშვილმა დაიწყო გზის გაკვალვა. დღეს ბევრი რომ იბრალებს, პროდიუსერი ვარო და თითო სატელევიზიო წამყვანს 27 პროდიუსერი რომ ჰყავს, პროდიუსერი მიკროფონის დამჭერი და ქარის ამტეხი კი არ არის, პროდიუსერი არის პროექტის ყველაზე მაღალი რანგი. რობერტ ბარძიმაშვილი იყო პირველი ქართველი პროდიუსერი,რომელმაც შექმნა სახალხო მუსიკა და აქცია ელიტარულ მუსიკად. საზოგადოების ყველა ფენა მოიცვა ამ მუსიკის სიყვარულმა. ყველა სიმღერას, რომლის მომზადებაშიც რობერტი იღებდა მონაწილეობას, ჰქონდა უზომოდ დიდი პოპულარობა. ამასთან, ეს იყო დიდი საბჭოთა კავშირი და ქართული სიმღერის პოპულარობა ადვილი არ იყო. მაგრამ რუსულადაც კარგად მღეროდნენ, აიძულებდნენ რუს მსმენელს, ქართულისთვის მოესმინათ, ქართული ესწავლათ!
პროდიუსერის უმთავრესი ფუნქცია რა არის? - გაზარდოს! რობერტ ბარძიმაშვილმა „ორერაც“ გაზარდა, „75“-იც გაზარდა, რამდენი ბავშვი გაზარდა! ეს ყველაფერი ხდებოდა რობერტ ბარძიმაშვილის საოცარი ორგანიზებულობის, დახვეწილობის და საოცარი გემოვნების ფონზე. ძალიან დიდი კაცი იყო რობერტი! გაიხსენეთ, „ტიტების“ ჩაწერის დროს პატარა კონფლიქტი იყო. „ტიტებმა“ რა ქნა? - გააერთიანა ყველა. ამის მოთავე იყო რობერტ ბარძიმაშვილი. ყველა მისი შვილი იყო! რობერტი ქმნიდა ნაღდ მუსიკას!", - განაცხადა ჯემალ სეფიაშვილმა.