დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" ახალი ინგლისური თარგმანის პრეზენტაცია მოეწყო. ეს ბოლო 40 წლის განმავლობაში 16-მარცვლიანი შაირით შესრულებული პირველი პოეტური თარგმანია ინგლისურ ენაზე. თარგმანი ამერიკელ მწერალს, პოეტსა და მთარგმნელს ლინ კოფინს ეკუთვნის. სიტყვით გამოსვლისას ლინ კოფინმა „ვეფხისტყაოსნიდან" მისივე თარგმნილი რამდენიმე ამონარიდი წაიკითხა.
ბწკარედები დოდონა კიზირიას ეკუთვნის, წიგნის რედაქტორია ნოდარ ნათაძე, გამომცემელი - ნატო ალხაზიშვილი.
პრეზენტაცია პოეტმა გიორგი კეკელიძემ გახსნა.
„ეროვნული ბიბლიოთეკა ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. რომელიც „ვეფხისტყაოსნის" პოეტურ თარგმანს ინგლისურ ენაზე გულისხმობს. „ვეფხისტყაოსანი", მოგეხსენებათ, ქართული კულტურის ერთ-ერთი მთავარი ბრენდია. რაც შეეხება თავად მთარგმნელს, ლინ კოფინი შესანიშნავი მთარგმნელია, შესაბამისად, ნაშრომიც მაღალკვალიფიციურია. თუმცა, ცხადია, მან შეიძლება პოლემიკა გამოიწვიოს, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქართული კულტურისკენ ყურადღებას მიიპყრობს",- აღნიშნა „რეპორტიორთან" საუბრისას პოეტმა გიორგი კეკელიძემ.
„რეპორტიორი" წიგნის გამომცემელს ნატო ალხაზისშვილსაც გაესაუბრა.
„ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც „ვეფხისტყაოსანი" შაირის ფორმით ითარგმნა, სწორედ იმ პოეტური ფორმით, რომლითაც დაიწერა. ასეთი რამ ინგლისურად აქამდე არ მომხდარა. ასე რომ, დღეს ფაქტობრივად ისტორიული დღე გვაქვს",- ამბობს ნატო ალხაზიშვილი.
„ვეფხისტყაოსნის" ახალი ინგლისური თარგმანის პრეზენტაციას განათლების მინისტრი თამარ სანაკიძეც ესწრებოდა და სიტყვითაც გამოვიდა.
„ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა. ვფიქრობ, ამას აუცილებლად ექნება სათანადო ეფექტი, რადგან „ვეფხისტყაოსნის" მრავალენოვან თარგმანებს კიდევ ერთი ინგლისურენოვანი თარგმანი შეემატა. რაც მთავარია, აბსოლუტურად განსხვავებული სტილითაა შესრულებული. თუ გადავხედავთ ინგლისურ ვერსიებს, მრავალ საინტერესო თარგმანს აღმოვაჩენთ. კარგია, როდესაც კულტურული ძეგლის გადამუშავება პერიოდულად ხდება, რათა ყველა დროის მკითხველისთვის დარჩეს საინტერესოდ და მომხიბლავად. აქედან გამომდინარე, ეს ვერსიაც, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული სტილით ითარგმნა, ვფიქრობ, XXI საუკუნის მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს,"- აღნიშნა „რეპორტიორთან" საუბარში თამარ სანიკიძემ.
ლინ კოფინს ასევე ნათარგმნი აქვს თანამედროვე ქართველი პოეტების შემოქმედება.