თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა, 200-მდე ადამიანი კი დაშავებულია.
თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქებები თვითმკვლელი ტერორისტების მიერ იყო ორგანიზებული.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ანკარაში მომხდარი ტერაქტი მკაცრად დაგმო. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ" იტყობინება.
„ჩვენ ნებისმიერი სახის ტერაქტებსა და ტერორისტულ ორგანიზაციებს შევეწინააღმდეგებით, რაც არ უნდა ერქვათ და როგორი მიზნებიც არ უნდა ჰქონდეთ", - განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.
აფეთქებები პროფკავშირების მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მიტინგის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. მიტინგი სახელწოდებით "შრომა, მშვიდობა, დემოკრატია" ძალადობის წინააღმდეგ იმართებოდა.
მიტინგში მონაწილეობის მიღებისკენ მოსახლეობას „ქურთისტანის მუშათა პარტია" მოუწოდებდა.