კუდ-ის ყოფილი უფროსი ღარიბაშვილ-თამაზაშვილების ოჯახს ბოდიშს უხდის. „მეც ამ სისტემის მსხვერპლი აღმოვჩნდი და ბევრჯერ მომიწია ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ წასვლა" _ ეს განცხადება კუდ-ის სიღნაღი-დედოფლისწყაროს სამმართველოს ყოფილმა ძალოვანმა ილია ნატროშვილმა გააკეთა. იგი ღია წერილის საშუალებით, ბოდიშს უხდის ირაკლი ღარიბაშვილის და თამაზ თამაზაშვილის ოჯახებს და საკუთარ ქმედებებზე სინანულს გამოხატავს - „ ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობის პერიოდში მე ძალოვან სტრუქტურებში ვმუშაობდი. ამ სტრუქტურას თავისი შინაგანაწესი და პრინციპები აქვს, ასევე დაწერილი და დაუწერელი კანონები, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მისმა მუშაკმა... ზურაბ ადეიშვილი პირადად იძლეოდა ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა ემოქმედა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. წინასაარჩევნო პერიოდში ჩემზე განსაკუთრებით დიდი ზეწოლა იყო - რადგან დედოფლისწყაროელი ვიყავი, არავის სჯეროდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ წავიდოდი. ამიტომ ხშირად მიბარებდნენ ზედა ინსტანციებში და სხვადასხვა სახის დავალებებს მაძლევდნენ.
ამის გამო დღემდე მქეჯნის სინდისი და სიძულვილი მამოძრავებს ქვეყნის პრეზიდენტის, ვანო მერაბიშვილის, ლალიაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ, ვინც ამ სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და ჩაგვადენინეს ის ცოდვები, რომლებიც რამდენად მოგვეტევება, ჯერ არ ვიცით... ჩემი სურვილის წინააღმდეგ მომიწია წასვლა წინასაარჩევნო პერიოდის დროსაც, როცა "ნაციონალური მოძრაობა" ღიად ებრძოდა "ქართულ ოცნებას".
მინდა, ამ წერილის საშუალებით მოვინანიო ის ცოდვა, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ჩამიდენია, განსაკუთრებით ეს ეხება ბატონ თამაზ თამაზაშვილს. მინდა, მას და მთელ მის ოჯახს საჯაროდ მოვუხადო ბოდიში იმ ტკივილისთვის, რაც მათ წინასარჩევნო პერიოდში დაუმსახურებლად გადაიტანეს," - ნათქვამია ილია ნატროშვილის მიმართვაში.
თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიება პატიმრობის 10 ათასლარიანი გირაოს შეცვლის შესახებ დააკმაყოფილა და ილია ნატროშვილი სასამართლო დარბაზიდან ორი თვის წინ გაათავისუფლა. პროკურატურა ბრადებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, თაღლითობასა და ბანერის ქურდობისთვის წაქეზებაში ედავებოდა.