ირანული სააგენტო „მეჰრის" ინფორმაციით, ირანი და ბულგარეთი ერთმანეთს სატრანზიტო კორიდორით დაუკავშირდებიან, რომელიც აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და შავი ზღვის ტერიტორიაზე გავა. სატრანზიტო კორიდორი საშუალებას მისცემს ირანს, ევროპულ ქვეყნებზე გავიდეს.
მედიის ინფორმაციით, ამ პროექტში მონაწილეობას თურქეთი არ მიიღებს. თურქეთი ბოლო პერიოდში „ტერორისტების სამიზნედ იქცა".
როგორც „მეჰრი" აღნიშნავს, ამ მარშრუტით იგეგმება არა მხოლოდ სამგზავრო, არამედ სატვირთო გადაზიდვების განხორციელება, რაც მედიის ინფორმაციით, „მთელ რეგიონზე მოახდენს გავლენას".
„სატრანზიტო კორიდორის შესახებ შეთანხმების კანონპროექტს თეირანსა და სოფიაში შეიმუშავებენ, რის შემდეგაც, 2016 წელს, დოკუმენტს სატრანზიტო კორიდორში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები მოაწერენ ხელს", - წერს გამოცემა „მეჰრი".
სააგენტოს ცნობით, ირანმა და ბულგარეთმა ურთიერთგაგების მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი, რომელიც ვიზის გაცემის გამარტივებულ პროცედურასა და საბორნე მიმოსვლის განხორციელებას ითვალისწინებს.