2015 წლის 12 ოქტომბერს ქალაქ რიგაში, ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით, დაიწყო თბილისის დღეების - „თბილისობის" დღესასწაულის აღნიშვნა, რომელიც გაგრძელდება 14 ოქტომბრის ჩათვლით.
„თბილისობის" დღესასწაულის ფარგლებში, 12 ოქტომბერს ქ. რიგის საგამოფენო გალერეაში „Makslas Banka Galereja" გაიმართება ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნამუშევრების, მათ შორის ტიხრული მინანქრის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვის გახსნის ცერემონია. სპეციალურად ამ დღისათვის რიგას ეწვია ქართული ტიხრული მინანქრის ორი ხელოსანი, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. 13 ოქტომბერს „დიდი გილდიის" საკონცერტო დარბაზში გაიმართება ქართული სიმღერის ანსამბლ „შვიდკაცას" კონცერტი. თბილისის დღეები დასრულდება 14 ოქტომბერს ქართული კერძების მომზადების მასტერ-კლასის გამართვით, სადაც ქართველი პროფესიონალი მზარეული წარმოადგენს ქართული ტრადიციული კერძების მომზადების ჩვენებას. ზემოხსენებულ ღონისძიებებზე მოწვეულნი არიან ლატვიის მთავრობის, პარლამენტის, ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ლატვიის კულტურის სფეროს, ბიზნესს წრეების და მას-მედიის წარმომადგენლები და ქართული დიასპორა.