„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებას საქართველოს უსაფრთხოების გარანტიად და დიდ გამოწვევად მიიჩნევს და აცხადებს, რომ აღნიშნული შანსის ხელიდან გაშვება ისტორიული შეცდომა იქნება. რა მოლაპარაკებაზეა საუბარი და რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, ამის შესახებ ახვლედიანი „რეპორტიორთან" ინტერვიუში საუბრობს.
- ბატონო გიორგი, გაირკვა, რომ საქართველოსა და „გაზპრომს" შორის გარკვეული სახის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თქვენი აზრით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს სჭირდება თუ არა გაზის დამატებითი რესურსი და იქნება თუ არა „გაზპრომი" საიმედო პარტნიორი?
- რაც შეეხება თავად „გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებს, თითქოსდა პირველი რაუნდი წარიმართა, ახლა მეორე რაუნდისთვის მზადება მიმდინარეობს, არავინ იცის, იქ რას განიხილავენ და ა.შ. ეს ერთმნიშვნელოვნად ძალიან ცუდია. ეს არის სწორედ იმ არასწორი პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" აწარმოებდა მაგალითად 2010-ში, როდესაც „ენგურჰესს" ყიდდა რუსულ კომპანიაზე. მათ მაშინ მემორანდუმი გააფორმეს, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში გრიფი „საიდუმლო" ედო და ვერა და ვერ გავასაჯაროვებინეთ, რომ ელემენტარულად გაგვეგო, „ენგურჰესი" რა პირობით, რისი გულისთვის გადავიდა რუსული კონტროლის ქვეშ. მაშინ არ იყვნენ ის კომპანიები რუსული გეოპოლიტიკური სტრატეგიული ინტერესების გამტარებლები და ახლა გახდნენ სხვა რუსული კომპანიების წარმომადგენლები ქართველოფობები?!
რეალურად რომ ვთქვათ, საქართველოს წინაშე დღეს არანაირად არ დგას აუცილებლობა, რომ დამატებით დიდი მოცულობის გაზი შევიძინოთ. დღეს საქართველოში შემოდის დაახლოებით მილიარდ-ნახევარი კუბური მეტრი გაზი. მისი აბსოლუტური უმრავლესობა შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან 148 დოლარად. მაგრამ 148 დოლარი სულაც არ არის იაფი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ კუთვნილ ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრ გაზში, რომელიც შაჰდენიზის გაზსადენიდან გამომდინარე გვეკუთვნის, 55 დოლარად, მთლიანად ვუტოვებთ აზერბაიჯანს. სწორედ ამის გამო გვაქვს 148 დოლარად გაზი. დღეს არც „გაზპრომის" ეკონომიკურ ინტერესში არ არის საქართველოში 200-300 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოწოდება და არც ჩვენს წინაშე დგას ამის გარდაუვალი აუცილებლობა. საქმე ის არის, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს აბსოლუტურად სხვა მიმართულებით და დღის წესრიგში სულ სხვა რეალობა დგას. რეალობა, რომელსაც ჰქვია ენერგეტიკული კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბება. ამ შემთხვევაში საუბარია ირანის ფაქტორზე. ირანი გადაჯაჭვულია „გაზპრომის" თემასთან იმ კონტექსტში, რომ ფიქრი და საუბარი დაწყებულია უკვე, რომ ძალიან იაფი და უზარმაზარი მოცულობის ირანული გაზი როგორმე გავიდეს ევროპაში. ამის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც აქტიურად განიხილება არის ირანიდან სომხეთში მიმავალი, სომხეთიდან საქართველოში და საქართველოდან რუსეთში მიმავალი გაზსადენის მშენებლობა, რომელიც საბოლოო ჯამში ევროპას დაუკავშირდება. ეს რა თქმა უნდა, რუსეთისა და ირანის უმნიშვნელოვანესი ინტერესია. ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია იმ პროცესებთან, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს, ომს ვგულისხმობ და იმ დაპირისპირებას, რომელიც რეალურად იკვეთება სუნიტურ და შიიტურ ისლამურ სამყაროში. ყველანი ვხედავთ, რომ პროექტები, რომლებიც ითვალისწინებდა ირანიდან თურქეთის გავლით ევროპაში მიმავალი გაზსადენის მშენებლობას, შეჩერებულია იმ მიზეზით, რომ დღეს შიიტური და სუნიტური ფართომასშტაბიანი კონფლიქტის საშიშროება არსებობს.
ეს არის ძალიან სერიოზული შანსი საქართველოსთვის, უმნიშვნელოვანესი რეალობა, რომლის ხელიდან გაშვება ჩვენი ისტორიული შეცდომა იქნება. საუბარი იმაზე, აზერბაიჯანი ხომ არ გაგვებუტება - არასერიოზულია. არავინ გაგვინაწყენდება, ჯერ ერთი იმიტომ, რომ საქართველოზე გამავალ შაჰდენიზის მილში გაზი უნდა გავიდეს და ვერსად გაჩერდება. რამდენიმე წელიწადში მისი გაზრდაც კი არის დაგეგმილი. ამავე დროს მეორე გაზსადენის საქართველოზე გაყვანა შეგვიქმნის კონსტრუქციულ რეალობას რუსეთთან მიმართებაში და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე რეალური ფიქრი დაიწყება.
ალბათ ხშირად მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას საუბარი, რომ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი არის საქართველოს უსაფრთხოების გარანტია. ყველა, ვინც ამ გაზსადენით ეკონომიკურად დაინტერესებულია, ცდილობს, საქართველოში იყოს სიმშვიდე, საქართველო იყოს სტაბილური სახელმწიფო და იქ ერთი ტყვია არ გავარდეს. წარმოიდგინეთ, რატომ არის ცუდი, თუკი საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის ისეთივე გაზსადენი, რომელიც იქნება რუსული ეკონომიკური ინტერესის შემადგენელი და რუსეთი დაინტერესდება საქართველოში სტაბილურობით. რუსეთი დაინტერესდება, რომ საქართველოში არ გავარდეს ტყვია, არ მოხდეს არეულობა. ამ რეალობის მიღწევა ჩვენი გეოპოლიტიკური ინტერესია.
- თუ ეს ყველაფერი რეალურია, ხელისუფლება რატომ არ ახმაურებს მოლაპარაკებების რეალურ მიზეზს?
- ხელისუფლების პრობლემა არის ის, რომ მას ეშინია ამ თემაზე ღიად საუბარი. მათ ეშინიათ თავიანთი დასავლელი პატრონების თითის დაქნევის.
- მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებზე რა აზრის ხართ?
- ის პროცესები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს „რუსთავი 2"-ის გარშემო, ძალიან დიდი ალბათობით, საბოლოო ჯამში ორი პოლიტიკური ძალისთვის აღმოჩნდება დამაზიანებელი. ეს იქნება დამაზინებელი „ნაციონალური მოძრაობისთვის", რომელსაც აქვს ძალიან დიდი ეჭვები და შიშები, რომ თავის გავლენას ვეღარ გაავრცელებს „რუსთავი 2"-თან მიმართებაში. მეორე იქნება „ქართული ოცნება", რომელიც უნდა ხვდებოდეს, რომ ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოუწევს საერთშორისო დონეზე და ქვეყნის შიგნითაც მედიასთან მიმართებაში, იმ ქმედებების გათვალისწინებით, რისი საშიშროება და პერსპექტივაც არსებობს მომავალში.
ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა". ჩემთვის მნიშვნელოვანია ის გუნდი და ის ადამიანები, რომლებიც „რუსთავი 2"-ში მუშაობენ. მნიშვნელოვანია თავად „რუსთავი 2" და ის, რომ მისი მუშაობის გაგრძელების პერსპექტივა ერთი წამითაც არ უნდა შეფერხდეს.
იმედს გამოვთქვამ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნებს არ გააჩენს. ასევე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება არ ჩაიდენს ისეთ არაადეკვატურ ქმედებებს, რაც რამდენიმე დღის წინ ფეხბურთის ფედერაციაში ჩაიდინა.
- რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხზე? ხედავთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საჭიროებას?
- სწორედ „დემოკრატიული მოძრაობა" იყო პირველი, რომელმაც დააყენა ამ საკითხის აუცილებლობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან ძალიან მალე. ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველანაირი მეთოდით მოახერხა, რომ 45%-ით შესულიყო პარლამენტში. ეს ერთმნიშვნელოვნად ძალიან დიდი უსამართლობაა.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ვის-ვის და, „ნაციონალურ მოძრაობას" ნამდვილად არ აქვს უფლება, გვიკარნახოს პოლიტიკური წესრიგი, როგორ ჩავატაროთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ვისთან გავიაროთ კონსულტაცია. ეტყობა, მათ ძალიან ნაადრევად ჩათვალეს, რომ აბსოლუტურად გასუფთავებულნი და უკვე თეთრი ყორნები არიან. თუმცა, ძალიან ცდებიან. რეალურად რომ ვთქვათ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იურიდიული წინაპირობები დღესდღეობით არ არსებობს. „ნაციონალურ მოძრაობას" კარგად ესმის, რომ 2016 წელს ჩატარებულ არჩევნებში 10 %-ზე მეტს ვერ გადალახავს. ეს ნიშნავს, რომ 50 ნაციონალი ვეღარ მოხვდება პარლამენტში, შესაბამისად, ისინი დაიშლებიან. იქ ისედაც უამრავი დაპირისპირებული ინტერესია და მათ თუ პარლამენტში დიდი რაოდენობით შესვლა არ გააერთიანებთ, აუცილებლად დაიშლებიან. ამიტომ, მათი ინტერესია, რომ როგორმე არიონ სიტუაცია. მიიყვანონ ვითარება სამოქალაქო დაპირისპირებამდე. თუმცა, ეს არანაირად არ არის განხორციელებადი, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას" საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს. „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, ასევე, დაიბრალოს ოპოზიციონერობა, ოპოზიციის მარაქაში გაერიოს და კონსულტაციებზე საუბრობს. მიმაჩნია, რომ 2016 წლის არჩევნები იქნება „დემოკრატიული მოძრაობის" გამარჯვების, „ნაციონალური მოძრაობის" დასრულების არჩევნები და ხელისუფლებისთვის სახელისუფლებო ბერკეტების ჩამორთმევის არჩევნები. ასე რომ, ბუნებრივია, „დემოკრატიული მოძრაობა" „ნაციონალურ მოძრაობასთან" არანაირ კონსულტაციებს არ აპირებს.