14 ოქტომბერს ქართული ეკლესია ზეიმობს სვეტიცხოვლობას, ადიდებს „კვართსა საუფლოჲსა და სვეტსა ღმრთივბრწყინვალესა და მირონმდინარესა" ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.
„ვხარობთ და ვმადლობთ უფალს, რომ ჩვენს ქვეყანაში დაბრძანებულია მრავალი სიწმინდე. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ჩვენმა წმინდა მიწამ მიიღო კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რაც არის ურიცხვი წყალობა ღვთისა! და არა ჩვენი დამსახურება... სვეტიცხოველი არის დიდი და მძლავრი კელაპტარი, რომელიც დაანთეს წმინდა ნინომ, მირიანმა და ნანამ"...
ვერავინ შეძლო კვართის ხელყოფა
... როცა უფლის კვართზე წილი ჰყარეს ჰურიათა, ღვთის განგებულებით იგი მცხეთელებს შეხვდა. ელიოზმა და ლონგინოზმა კვართი ქართლში წამოასვენეს. მცხეთას მოსულ ელიოზს წინ შემოეგება „დაჲ თჳსი", სიდონია. მან გულში ჩაიკრა კვართი მაცხოვრისა ჩვენისა, ტირილით და გოდებით მოისმინა ძმისაგან ჯვარცმის ამბავი და სული განუტევა. ეს სასწაული სწრაფად გახმაურდა მთელს ქართლში. ადერკი მეფემ მოისურვა თავად შეემოსა კვართი, მაგრამ იგი სიდონიას გაცივებულ მკლავებს ვერავინ მოაშორა, ელიოზმა თავისი და წმიდა კვართთან ერთად დამარხა. სიდონიას საფლავზე კვიპაროსის ხე ამოვიდა, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ სვეტები - ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.
მეთერთმეტე საუკუნეში, თურქების შემოსევისას, სულთნის მეუღეს შაჰრი-ხათუნს სიწმინდის ამოთხრა მოუნდომებია, მაგრამ სვეტის ძირიდან ამოვარდნილ ცეცხლს ფერფლად უქცევია ღვთის მგმობელი... ვერც თემურ-ლენგი და ვერ შაჰ-თამაზი ვერ გაკადნიერებულან სიწმინდის ხელყოფად. მხოლოდ შაჰ-აბასს გაუბედავს და უბრძანებია სვეტი-ცხოველის საძირკვლის გათხრა, მაგრამ მიწიდან ამოვარდნილ ცეცხლს კვლავ დაუწვავს ამ მკრეხელობის ჩამდენნი. შაჰს შეშინებია, ჩამომხდარა, ტაძრისთვის მოკრძალებით შემოუვლია გარს, სვეტის წინ ულოცია და კათოლიკოსისთვის ხელშეუხებლობის გარანტია მიუცია.
სვეტიცხოვლის სიწმინდეები
სვეტიცხოვლის ტაძარი მრავალ სიწმინდეს ფლობდა: უფლის კვართს, სასწაულმოქმედ სვეტს, წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენს. XX საუკუნის დასაწყისში (და ახლაც) იქვე გახლდათ დაბრძანებული ერთი იმ ოთხ ჯვართაგანი, რომლებიც წმინდა ნინომ სასწაულმოქმედი ხისგან შეაქმნევინა. ადრე, თემურ ლენგის შემოსევამდე, იგი მცხეთის ჯვრის მონასტერში ბრძანდებოდა. სასწაულმოქმედ ჯვარს (მის მიმართ განსაკუთრებით უშვილოებს ჰქონდათ სასოება) 2004 წლის 16 თებერვალს მირონი დაედინა. პატრიარქის კურთხევით, იგი მინანქრული ხატებით გაამშვენეს. მასში ჩატანებულია ძელიცხოველისა და წმინდა ნინოს ჯვრის ნაწილები.
სვეტიცხოვლის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე ყოფილა საქადაგო ხატი სვეტი-ცხოველისა. ეს არის კარედში ჩაბრძანებული სვეტი-ცხოველის 36ხ17სმ ზომის ჭედური გამოსახულება. კარედის გვერდებზე გამოსახულნი არიან წმინდა ნინო და წმინდა მირიანი. კარედის ზემოთა ნაწილი მოოქროვილია. მასზე გამოსახულია კუბოში მწოლიარე სიდონია, მის მკერდზე კი აღმართულია სვეტი, რომელიც ანგელოზებს უპყრიათ ხელთ. სიდონიას ფერხთით გამოსახულია მლოცველი წმინდა ნინო, ხოლო ზემოთ - ორივე ხელით მაკურთხებელი მაცხოვარი. ხატში 44 წმინდა ნაწილი ყოფილა ჩატანებული. ის ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
ეს სიწმინდენი სწორედ ის საფარველი გახლავთ, რომელიც ბურავდა „არა ოდენ ვიდრემე გუამსა ღვთაებისასა, არამედ უფროისღა შიშლოებასა სულთა ჩვენთასა ცოდვისა მიერ".
შეგახსენებთ, რომ სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში დღეს ღვთისმსახურება შესრულდება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წმინდა სინოდის წევრებთან ერთად სადღესასწაულო ლოცვას სვეტიცხოვლში დღეს, 18:00 საათზე, დაიწყებს, ხოლო საღვთო ლიტურგიას - ხვალ, 10:00 საათზე.
სადღესასწაულო წირვაზე დასწრების მსურველთათვის საპატრიარქოდან ავტობუსები მცხეთის მიმართულებით 08:00 საათზე გავლენ.
სვეტიცხოვლობა არის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც ქართველები სულიერი ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.