სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას მრევლს და სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს ასევე არის წმინდანთა მირიანისა და ნანას, ასევე კათალიკოს მელქისედეკის ხსენების დღე.
„გილოცავთ ამ დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას, დღეს არის მთელი ერის ზეიმი. დღევანდელი დღე არის დღესასწაული არა მარტო ეკლესიის, არამედ ეროვნული დღესასწაულია და მე გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. კვართი უფლისა - ეს არის უდიდესი სიწმინდე, რომელიც ეკუთვნის მთელ მსოფლიოს. ღმერთმა ინება, რომ ეს სიწმინდე ჩამოეტანათ საქართველოში და საქართველოში ყოფილიყო დასვენებული. ეს მეტყველებს იმის შესახებ, რომ ღმერთი განსაკუთრებით სწყალობს საქართველოს, განსაკუთრებული მადლი ტრიალებს საქართველოზე და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ანალიტიკური აზროვნება სჭირდება ადამიანს, რომ გაანალიზოს, სად არის კეთილი და სად არის ბოროტი. საქართველო მადლმოსილია და არ შეცდება ამაში. საქართველო მუდამ იდგება სიკეთის და სიწმინდის გზაზე. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე, სიმშვიდე და ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს საქართველო, მალე დაგვიბრუნდეს აფხაზეთი და სამაჩაბლო. უფალი ბძანებს: ითხოვდეთ და მოგეცეთ, თქვენ ეძიებდით და ჰპოვოთ. დღევანდელ დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გამთლიანდეს საქართველო და გაიხაროს ქართველმა ხალხმა და არა მარტო ქართველმა ხალხმა, ყველამ, ვინც ცხოვრობს საქართველოში.
მინდა, დღევანდელი დღესასწული მივულოცო ყველას, აფხაზებს, რუსებს, სხვა ერების წარმომადგენლებს, ოსებს, ბერძნებს, წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და სიყვარული ღვთისა სუფევდეს თქვენზე, საქართველოზე და მთელ მსოფლიოზე", - ბრძანა პატრიარქმა.