23 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ფონდი „ავტოგრაფი" და რუსთაველის თეატრი წარმოგიდგენთ გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს.
მუსიკას ლეგენდარული სპექტაკლებიდან ახალი ინტერპრეტაციით ასრულებენ ნატო მეტონიძე და Xylem Trio ლატვიიდან.
პროექტის პარტნიორია ქალაქ თბილისის მერია. ბილეთები გაიყიდება 16 ოქტომბრიდან რუსთაველის თეატრის სალაროებში.
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მაესტროს საიუბილეო თარიღს მთელი წლის განმავლობაში კონცერტების სერიას მიუძღვნის. პირველი კონცერტი 22 აგვისტოს „იანგ ეურო კლასიკ" ფესტივალის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში ბერლინის ისტორიულ დარბაზში „კონცერტჰაუზში" გაიმართა.
გია ყანჩელი 1935 წლის10 აგვისტოს დაიბადა, 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში, საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა.
1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.
გია ყანჩელმა ოპერისა თუ თეატრისთვის ბევრი ცნობილი კომპოზიცია შექმნა. მის შემოქმედებას მიეკუთვნება ოპერა „და არს მუსიკა", 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისთვის (1962 წ.); „სევდა ნათელი" - ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა", „კავკასიური ცარცის წრე", „რიჩარდ III"; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო", „ქვევრი", „არაჩვეულებრივიგამოფენა" „მიმინო", „შერეკილები" და ა.შ.