reportiori.ge - ჯონდი ბაღათურია: ალასანია გაუგებრობას იწვევს არა მხოლოდ ჩვენში, არამედ მისივე პარტიის წევრებშიც
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:16
ინტერვიუ
ჯონდი ბაღათურია: ალასანია გაუგებრობას იწვევს არა მხოლოდ ჩვენში, არამედ მისივე პარტიის წევრებშიც
ავტორი:
15 ოქტომბერი, 2015. 17:25


„ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დასარეგულირებლად უნდა გამოიყენოს. ამ და სხვა თემებზე ბაღათურია „რეპორტიორთან" ინტერვიუში საუბრობს.


„ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია:


- საქართველოს ირგვლივ ძალიან ფეთქებადსაშიში სიტუაციაა შექმნილი. ხელისუფლება უნდა გათავისუფლდეს დასავლური შიშებისგან და რუსეთთან, გარდა კიტრით, პომიდვრითა და მწვანილით ვაჭრობისა, სხვა თემებზეც უნდა დაიწყოს დიალოგი. ხელისუფლება არის დაკომპლექსებული ამერიკელების შიშით, რუსეთთან რაიმე ურთიერთობა არ დაბრალდეს. 13 ოქტომბერს ჩატარდა ძალიან კარგი შეხვედრა დიასპორების წარმომადგენლებთან, სადაც ყველა დიასპორის წარმომადგენლები იყვნენ მოწვეულები, გარდა რუსეთში მყოფი ქართველებისა. არადა 1 600 000 ქართველია გასული ჩვენი ქვეყნიდან და აქედან 1 200 000-მდე ქართველი იმყოფება რუსეთში. ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან მქონდა შეხვედრა, მათ დიდი გავლენები აქვთ რუსულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ჩვენ შეგვიძლია, ქართული დიასპორა რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, კარგი გაგებით, გამოვიყენოთ. უნდა გამოვიყენოთ ქართული დიასპორა არა დასაპირისპირებლად, არამედ ურთიერთობების დათბობისთვის, დარეგულირებისთვის, მეტი კონტაქტებისთვის. ხელისუფლებას მოვუწოდებ, დაამყარონ კავშირი ყველა დიასპორასთან. მილიონ ქართველს რუსეთში საქართველოსთან კავშირის გარეშე ვერ მივატოვებთ.


- ჰააგის სასამართლოს 2008 წლის აგვისტოს ომით დაინტერესებაზე რა აზრის ხართ?


- აგვისტოს ომი მოხდა 2008 წელს. მას მერე 7 წელი გავიდა. 7 წლის მერე ჰააგის პროკურორის გულის აჩუყება ქართველი დევნილების ბედზე დამაჯერებლად არ გამოიყურება და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამას პოლიტიკური ინტრიგის სუნი ასდის. როგორც ჩანს, საქართველო კიდევ ერთხელ უნდა გააქეზონ და მერე დათვს დააგლეჯინონ. სხვა დამაჯერებელ არგუმენტს ვერ ვხედავ, თუ სად იყო 7 წელი ჰააგის სასამართლო. დღეს აშკარაა ქართული და რუსული საზოგადოების სწრაფვა დიალოგისკენ. ამიტომ ინტრიგების ავტორებისათვის ახლა ძველი ტკივილების გაღვიძება და ძველ ჭრილობებზე მარილის დაყრა ძალიან მომგებიანია. სად იყვნენ 2008 წლის აგვისტოში და შემდეგი 7 წელი?

 

- რა დამოკიდებულება გაქვთ მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებზე?


- მედია ჩვენთან თავისუფალი არასდროს რომ არ ყოფილა, ეს ფაქტია და ამ თვალსაზრისით ახლა რაიმე განსაკუთრებული გაუმჯობესება გვაქვს-თქო, ვერ ვიტყვი. გვაქვს თავისუფალი არხებიც, „მეორე არხი", „ობიექტივი" და ძალიან დამაიმედებლად გამოიყურება დღესდღეობით „მაესტრო". ბოლო პერიოდი „მაესტროს" აშკარად აქვს დაბალანსებული ინფორმაცია.


რაც შეეხება „რუსთავი 2"-ს, მინდა, მივმართო მის ხელმძღვანელობას, რომ ჩვენ ნუ ჩაგვრევს მფლობელების კამათში. ეს კამათი რომ ეხებოდეს თავისუფალ მედიას ან ჟურნალისტებს, ან არხის დახურვას, რა თქმა უნდა, ჩავერეოდით. მაგრამ ახლა საუბარია მფლობელების კინკლაობაზე. რომ ვთქვა, რომ ან ეროსის დროს, ან ქიბარ ხალვაშის დროს, ან მერე „რუსთავი 2" დაბალანსებულ ინფორმაციას გადმოსცემს-თქო არ ვიქნები მართალი. მაგრამ დღეს არც „რუსთავი 2"-ის კრიტიკას ვაპირებ, რადგან მესმის, რომ დღეს მათ რაღაც უჭირთ. მაგრამ მინდა ვთხოვო მათ, რომ ზუსტი ინფორმაცია გააშუქონ.


- პარტია „თავისუფალი დემოკრატების" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე რას ფიქრობთ?


- „თავისუფალი დემოკრატები" ჩვენი კოლეგები არიან და მიმაჩნია, ჩემი მხრიდან მათ შიდა საქმიანობაში ჩარევა არაკორექტული იქნება. თუმცა, როგორც კოლეგის და ძველი თანამებრძოლის, ირაკლი ალასანიას ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის. ვგულისხმობ მის დაახლოებას „ნაციონალურ მოძრაობასთან". ოღონდ, ეს მისი არჩევანია და არ მინდა, ამაში ჩავერიო. თუმცა, ეს იწვევს გაუგებრობას არა მხოლოდ ჩვენში, არამედ მის პარტიაშიც კი.


- ფიქრია ჩიხრაძის პრეზიდენტის პოლიტიკურ მრჩევლად დანიშვნაზე რას ფიქრობთ?


- ალბათ, მათი პოლიტიკური ხედვები ემთხვევა. ფიქრია გამოცდილი პოლიტიკოსია. ბევრს გაუკვირდა ეს ამბავი და მათ შორის მეც. შემიძლია ვივარაუდო, რომ პრეზიდენტი გარკვეული პოლიტიკური გუნდის შემოკრებას ცდილობს. როგორც ჩანს, პრეზიდენტი იკრებს კონკრეტულ თანამოაზრეებს. ეს მისი არჩევანია, მე რა უფლება მაქვს, გავაკრიტიკო ან არ მოვიწონო. პრეზიდენტი თავის გუნდს აყალიბებს და ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს ქვეყნის სასიკეთოდ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016