სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, დავით ჭაკუას ადვოკატს, არარეალურად მიაჩნია პროკურატურის განცხადება ჭაკუას ექსტრადირების თაობაზე. როგორც ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, ჭაკუას დაკავების შესახებ იგი ინფორმაციას არ ფლობს და ამის შესახებ მედიის მეშვეობით შეიტყო. ამასთან, ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს ჭაკუას პოზიციაც გააცნო წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ სად-ის ყოფილი ხელმძღვანელი თავს არც ერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. "არ მიმაჩნია სწორად ის განცხადება, რომლის მიხედვითაც იგეგმება დავით ჭაკუას ექსტრადირება. მსგავსი განცხადება გააკეთეს ჩემი მეორე დაცვის ქვეშ მყოფის ოლეგ მელნიკოვის შემთხვევაშიც, თუმცა მისი ექსტრადირება ამ დრომდე არ განხორციელებულა. იმასაც იმუქრებოდნენ, რომ ერთ თვეში მოვახდენთ ექსტრადირებასო, თუმცა 8-9 თვეა გასული და დღემდე არ მომხდარა", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა. დავით ჭაკუა ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული. ადვოკატის ინფორმაციით, ერთი საქმე, რომელშიც მას ბრალი აქვს წაყენებული, ციხის ბუნტს უკავშირდება, მეორე კი, ციხის კადრების ერთ-ერთ ეპიზოდს. კერძოდ, ჭაკუას ბრალად არაადამიანური მოპყრობის წაქეზება, ჩვენების მიცემის წაქეზება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას მიმართ მთავარი პროკურატურა საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას ამზადებს. ამის შესახებ მთავარმა პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა.