„საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჩინეთიდან თურქეთამდე პირველი მატარებელი საქართველოს გავლით მიმდინარე თვის ბოლოს მივა. ამის შესახებ ბახტაძემ „თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმზე პანელის „ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთი ცდილობს, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დაასრულოს პროექტი, თუმცა, არის გარკვეული შეფერხებები, რომელიც გამოწვეულია გეოგრაფიული ბარიერებით. მისივე შეფასებით, აღნიშნული დერეფანი არის კარგი ტარიფების, დროისა და უსაფრთხოების მიმართულებით. ბახტაძის განცხადებით, ჩინეთიდან მატარებელი საქართველოში 9 დღეში ჩამოვიდა, ეს კი ძალიან მოკლე დროა და კარგი ალტერნატივაა საავტომობილო გზის, რომელსაც ჩამოსასვლელად 25 დღე მაინც სჭირდება. ბახტაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სახმელეთო ტრანსპორტის ტარიფები უფრო მაღალია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დროის ფაქტორიც, რადგანაც დროც ფულია. სარკინიგზო მიმოსვლას კი დროის უპირატესობა გააჩნია.
მისივე განმარტებით, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან საქართველოს აქვს გეგმა, რომ შეძლებს 300 ათასამდე კონტეინერი გაატაროს ამ დერეფნის მეშვეობით. ბახტაძე ამბობს, რომ დღეს თურქეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 22 მილიარდს შეადგენს, სამომავლოდ კი ეს მაჩვენებელი 100 მილიარდამდე გაიზრდება, რასაც აუცილებლად დასჭირდება ახალი დერეფანი. ამავე პანელზე სიტყვით გამოვიდა „აზერბაიჯანის რკინიგზის" თავმჯდომარე ჯავიდ გურბანოვი, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩინეთი გეგმავს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფნის მეშვეობით წელიწადში 10 მილიარდი ტონა ტვირთი გადაზიდოს, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ამასთან, მხარეების განცხადებით, ერთიანი სარკინიგზო ხაზის სრულად ამოქმედების დროს მათ ექნებათ შემუშავებული ერთიანი დოკუმენტი, რომელიც საერთო პირობებსა და ტარიფებს შესთავაზებს მათ კლიენტებს. აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარის განცხადებით, თუ მხარეები ამ გზას არ აარჩევენ, დაკარგავენ ამ ტვირთს და ის სხვა დერეფანს მოძებნის.