„ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერმა აკაკი ასათიანმა უკრაინული მედიის მიერ დღეს გასაჯაროვებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით „რეპორტიორთან" კომენტარი გააკეთა.
„სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებმა გაასაჯაროვეს ეს კადრები, მისი თავიდან მოსაშორებლად. არ მინახავს ეს კადრები, ინფორმაციას ჯერ დაზუსტებით არ ვფლობ...", - განუცხადა აკაკი ასათიანმა „რეპორტიორს".
უკრაინულმა ვებ-პორტალმა tube.ua-მ სათაურით, „როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით", სავარაუდოდ, სამეგრელოში, სამართალდამცავ უწყებაში, წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა.
გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტი, რის შემდეგაც იგი გამომძიებელს ჩვენებას აძლევს. ვიდეო სრულდება ძმები ახალაიების, მიხეილ სააკაშვილის, გივი თარგამაძის, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფოტოსურათებით, წარწერით, „სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების შედეგი".
ვებ-პორტალს არ აქვს მითითებული წყარო, რომელმაც ვიდეომასალა მიაწოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილი მასალის ნაწილი ჟურნალისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააცნო, რის შემდეგაც აღმოჩენილი მასალები სპეციალური დანადგარით, საჯაროდ, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა.
უცნობია, უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებული მასალა წარმოადგენს თუ არა სამეგრელოს საიდუმლო სამალავში აღმოჩენილ ჩანაწერს.
უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული მასალა შეიცავს უმძიმეს კადრებს, რის გამოც მხოლოდ ვიდეოს ნაწილს გთავაზობთ.