ისრაელში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და ისრაელის პრეზიდენტებმა, ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ძალადობის ძალადობით დამარცხება შეუძლებელია. მისი თქმით, ძალადობა სიყვარულით უნდა დავძლიოთ, საერთო მიზნებითა და იდეებით.
საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გახშირებული ტერაქტების გამო და განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყნებს აქვთ ხანგრძლივი ტრადიცია, დაძლიონ ძალადობა მშვიდობით და საერთო ღირებულებებით.
„ჩვენ ვართ პატარა ერები, რომლებიც თანამედროვე დემოკრატიას აშენებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ სირთულეები და ავაშენოთ მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემო საკუთარ რეგიონში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშევილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მოლაპარაკებების, მშვიდობიანი და დიპლომატიური გზითაა შესაძლებელი. მისივე თქმით, საქართველოს საგარეო მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო შეთანხმებებისა და სამართლის ნორმების მტკიცე დაცვით. გიორგი მარგველაშვილმა ისრაელის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
მარგველაშვილის თქმით, საქართველო, როგორც წამყვანი გეოპოლიტიკური როლის მქონე ქვეყნა, ქმნის ახალ შესაძლებლობებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კავშირის გაძლიერებისათვის.
„ეს კავშირები მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც ფიქრობს სასარგებლო პროექტების განვითარებაზე, კეთილდღეობასა და მომავალზე და არა, სხვა ადამიანების უფლებების დარღვევაზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, გააღრმავოს ეკონომიკური ურთიერთობები და უკვე არსებული თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებში.