reportiori.ge - ნანა კაკაბაძე: არ გვეღირსება წინსვლა და განვითარება, სანამ რეჟიმი არ გასამართლდება და დამნაშავეები პასუხს არ აგებენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:47
ინტერვიუ
ნანა კაკაბაძე: არ გვეღირსება წინსვლა და განვითარება, სანამ რეჟიმი არ გასამართლდება და დამნაშავეები პასუხს არ აგებენ!
ავტორი:
19 ოქტომბერი, 2015. 16:02


„ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქმიანობას აფასებს და უწყების მთავარ მიღწევად მიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში პატიმრებს ციხეებში აღარ აწამებენ. ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა აქტუალურ პროცესებზე კაკაბაძე „რეპორტიორს" ესაუბრა:


- შესაძლოა, ცოტა გასაოცრად ჟღერს, მაგრამ თუნდაც ის, რომ დღეს ციხეებში არ არის წამება და ადამიანის უფლებების შემლახავი მოპყრობა, რომ დღეს პატიმრების საჩივრები მხოლოდ მათ სასჯელებს უკავშირდება, არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენს ქვეყანაში. თუ არის უფლებათა შელახვის ფაქტები, მხოლოდ  გამონაკლისის სახით, ისე როგორც ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში. დღეს შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ჩვენს ციხეებში ადამიანური მოპყრობა ნორმაა.


ასევე წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ დღეს ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლებისთვის ფოტოებისა და ვიდეოს გადაღება დაშვებულია. ეს ნიშნავს, რომ პენიტენციარულ სისტემას აღარ აქვს შიში, რომ ასეთი შემოწმებისა თუ გადაღების შემთხვევებში, იქ ისეთი დანაშაული და მდგომარეობა დაფიქსირდება, რომელიც მათ იმიჯსა და ავტორიტეტზე იმოქმედებს. დღეს ისინი უკვე მყარად დგანან. ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ და მიჩვეულნი ვართ, რომ ცუდი ყველაფერი უნდა დავმალოთ. დასავლეთში ამას სხვანაირად უყურებენ. თუ იქ რაიმე პრობლემაა, ყოველთვის ცდილობენ, გამოააშკარაონ, რათა პრობლემა აღმოიფხვრას. როდესაც დღეს, ჩვენი მენტალიტეტის მიუხედავად, ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ ციხეები შეიძლება იყოს გახსნილი და იქ შესაძლებელია ვიდეოგადაღება, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. თქვენ იცით, რომ სასამართლოებში 9-წლიანი რეჟიმის დროს ვიდეოგადაღება ჟურნალისტისთვისაც კი აკრძალული იყო. ეს, რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯია. უამრავი სხვა ალტერნატივა შეიქმნა დღეს პატიმრებისთვის, მათ შეუძლიათ იყვნენ დასაქმებულნი და ა.შ. ეს ძალიან კარგია. როდესაც ახალი მინისტრი მოდიოდა სამოქალაქო საზოგადოებიდან, კახა კახიშვილს ვგულისხმობ, ვფიქრობდი, რომ ასეთი წინგადადგმული ნაბიჯები იქნებოდა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ წინამორბედი მინისტრების დროსაც უკვე იყო ტენდენცია, რომ ციხეებში წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა აღარ ხდებოდა.


თუმცა, რა თქმა უნდა, პრობლემები რჩება. მაგალითად, ჯანდაცვასთან დაკავშირებით არის პრობლემები. ციხეებში ჯერ კიდევ არიან წინა რეჟიმის წამების მსხვერპლი პატირები, რომლებსაც მათ აქვთ უამრავი დაავადება და პრობლემა. ბუნებრივია, ციხე ბოლომდე ვერ უმკლავდება იქ არსებულ ყველა პრობლემა. მაგრამ, თავისთავად ტენდენცია, სურვილი, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს, კარგია. ციხე აღარ არის დახურული და შეუვალი, როგორიც იყო წლების განმავლობაში და რამაც განაპირობა ის კადრები, რაც 2012 წლის არჩევნებამდე ვნახეთ და ის, რაც ამ დღეებში უკრაინულ საიტებზე გაჩნდა. დღეს ეს გამჭვირვალობა არის გარანტია, რომ მსგავს რაღაცებს ადგილი არ ექნება.


- უკრაინულ მედიაში გავრცელებული კადრები ახსენეთ, თქვენი აზრით, აღნიშნულზე. რა არის მთავარი პრობლემა ამ მიმართულებით?


- კადრების გავრცელების წუთიდან, ჟურნალისტები მეკითხებიან თუ ვის შეიძლება გაევრცელებინა ეს კადრები. რა თქმა უნდა, ამაზეც არსებობს პასუხი და კი ბატონო, ამაზეც ვისაუბროთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე ის, თუ ვის შეიძლება გაევრცელებინა ეს კადრები. პრობლემა და ჩვენი ქვეყნის უბედურებაა ის, რომ ეს კადრები ავთენტურია. ასევე, დღევანდელი ხელისუფლების დანაშაულია, რომ ამ სისტემის, რეჟიმის შემქმნელები დარჩნენ დაუსჯელები. ფაშისტური რეჟიმის შეცვლა გერმანიაში ხელისუფლების ცვლილებას არ გამოუწვევია. რეჟიმი გასამართლდა, დამნაშავეები დაისაჯნენ და საზოგადოებამ გაიგო და პასუხი გასცა იმ დანაშაულებს, რომლებიც ფაშიზმის დროს ხდებოდა. ამიტომ მოხდა იქ ფაშიზმის აკრძალვა და ამიტომ განვითარდა გერმანია. მანამდე არ გვეღირსება წინსვლა და განვითარება, სანამ ხელისუფლება არ შეიგნებს, რომ ეს დანაშაული, რომელიც მიმართულია კაცობრიობის წინააღმდეგ, ისეთი მძიმეა, რომ სანამ არ მოხდება დამნაშავეების პასუხისგება, მანამდე ჩვენი ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია. რადგან სააკაშვილი და მისი გუნდი ამ დანაშაულის გამო არ გასამართლდა, დღეს ამიტომაც ხდება ასეთი კადრების სხვადასხვა საიტებზე გამოჩენა. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ბოლო. ასეთი რაღაცები მოხდება მანამ, სანამ ამ ფაქტებზე კონკრეტული პირების პასუხისგების საკითხი არ დადგება.


ის საიტი, სადაც ვიდეო გავრცელდა, არის ძალიან ცნობილი მილიარდერის საკუთრება, რომელიც დაპირისპირებულია სააკაშვილთან. სულაც არ არის გამორიცხული, რომ მან თავის საზოგადოებას, უკრაინელ ხალხს აჩვენა სააკაშვილის რეალური სახე და დაანახვა, ვინ არის ეს ადამიანი და რას აკეთებდა თავის ქვეყანაში. ამით მანიპულირება ვიღაც მილიარდერს და ოლიგარქს კი არ უნდა შეეძლოს, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ეჩვენებინა მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის, თუ როგორ პასუხობენ და სჯიან დანაშაულის გამო.


დღეს ხელისუფლების რეიტინგი ეცემა მხოლოდ იმის გამო, რომ მათ არაადეკვატური ნაბიჯები გადადგეს „ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ და დამნაშავეები დარჩნენ დაუსჯელნი.


- NDI-ის კვლევის შედეგებზე რას ფიქრობთ?


- NDI-ის კვლევა ყველანაირ საზღვრებს სცილდება და აქ მხოლოდ იმის თქმა, რომ მათი კვლევა სიყალბეა და რეალობას არ ასახავს, ძალიან ცოტაა. NDI-ის კვლევა ხელყოფს ჩვენი ქვეყნის ღირსებას. NDI ამ დასკვნით ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე რეიტინგული ყოფილა პარტია, რომელიც სჩადიოდა იმას, რაც ვნახეთ გავრცელებულ კადრებში. ჩვენ გვითხრეს - ის ხელისუფლება, რომელიც გაუპატიურებდათ, გხოცავდათ, ქონებას გართმევდათ, არის ყველაზე რეიტინგული. ეს არის ღირსების შემლახავი დასკვნა. დღეს მთელი სამოქლაქო საზოგადოება, თავის პოლიტიკური პარტიებიანად უნდა გაერთიანებულიყო და ეთანამშრომლათ ყველაზე ავტორიტეტულ, რეალურად სოციოლოგიურ სამსახურებთან და დაეკვეთათ სოციოლოგიური კვლევა. მათ უნდა ეჩვენებინათ მსოფლიოსთვის, თუ როგორ პასუხობენ იმ უღირს საქციელზე, რომელიც NDI-მ ჩაიდინა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და უნდა ეჩვენებინათ, რა არის რეალობა. არ ვამბობ, რომ „ქართულ ოცნებას" მაღალი რეიტინგი აქვს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას" რომ საქართველოში რაიმე რეიტინგი აქვს, წარმოუდგენელია. ეს იქნებოდა სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური პასუხი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016