ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „რეპორტიორთან" ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მმართველი გუნდის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს:
- თუ ვინმეს ეგონა, რომ მსგავსი ისტორია, რომელიც შემონახულია ასეთი ფაქტობრივი მოცემულობის სახით, შეიძლება როდისმე გაქრეს, ძალიან შეცდა. ამ ყველაფერში გამავრცელებელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. რეალურად არ ვიცით, მაგრამ არსებობს მოსაზრებები, რომ შესაძლოა, კადრები გავრცელდა თავად „ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან, რომლებიც შიდა დაპირისპირებაში იმყოფებიან პარტიის სხვა წარმომადგენლებთან. ასევე იყო საუბრები, რომ ბევრი ასლი არსებობს ამ კადრების.
რამდენიმე დღის წინ შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ როდესაც ერთ მხარეს არის ეს ამბები, რაც კადრებშია აღწერილი, მეორე მხარეს არაფერი აღარ არის. ძალიან კარგად გამოკვეთა მან ჩემი პოზიციაც. ასევე ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ გავრცელებული კადრები არაფერია იმასთან შედარებით, რაც კიდევ არსებობს. ეს თემები უფრო მაინტერესებს პრინციპში. ტუღუშმა თქვა, რომ იმ კადრების ნახვის შემთხვევაში შეიძლება, ხალხმა იარაღი აიღოს ხელში და დამნაშავეების დევნა თავად დაიწყოს. წინა ხელისუფლების პირობებში პრაქტიკულად ყველაფერი იწერებოდა. ანუ, ეს საკითხი ზოგადად გასაანალიზებელი და გასააზრებელია. ვფიქრობ, კარგად არ გვაქვს გაცნობიერებული, რასთან გვქონდა საქმე და რა ისტორიას ინახავს ეს კადრები. წინა ხელისუფლება ავრცელებს პასაჟს, რომ ეს იყო შეცდომა. ეს არ იყო შეცდომა, ეს იყო დანაშაული. ეს არის დამნაშავე სისტემა. დღეს „ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს მომავლის საშიშ პერსპექტივას. ეს კადრები არ არის ისტორია, ეს კადრები არის მომავლის პერსპექტივა. ის, რაც წარსულში იყო, შესაძლოა, გახდეს ჩვენი მომავალი. ეს კარგად უნდა გაიაზროს საზოგადოებამ. ეს გუნდი დღეს წასული რომ იყოს პოლიტიკიდან, კადრებში აღბეჭდილი რეალობა შესაძლოა ჩაგვეთვალა წარსულად. მაგრამ ეს ადამიანები დღეს კვლავ ხელისუფლების გადაბარებაზე საუბრობენ. სწორედ ეს არის ის საშიში პერსპექტივა და მომავალი. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვნად გასააზრებელი ეს საკითხია.
- „გაზპრომსა" და საქართველოს მთავრობას შორის არსებულ მოლაპარაკებაზე რას ფიქრობთ?
- ზოგადად, მომხრე ვარ, რომ ინფორმაცია თავიდანვე იყოს გამჭვირვალე. სწორი ინფორმაციის თავიდანვე მოწოდება მეტ საშუალებას ქმნის, რომ მისი მოდიფიცირება არ მოხდეს და ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმში არ აღმოჩნდეს. თავიდანვე რომ საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინა ხელისუფლებას საზოგადოებისთვის, უკეთესი იქნებოდა. მაგრამ, პრობლემას ქმნის ის, რომ ნებისმიერი ინიციატივის გაჩენისთანავე ოპოზიცია მომენტალურად აქცევს მას მოდიფიცირების საგნად. ამიტომ, თავისთავად ეს პროცესი დილემის წინაშე დგას ხოლმე ხელისუფლების წინაშე, რადგან შესაძლოა, პირველივე ინფორმაცია გახდეს ისეთი სახით ინტერპრეტირებული, რომ ამან სამომავლოდ პრობლემები გააჩინოს. ასეთი შემთხვევები არაერთხელ გვქონია.
რაც შეეხება თავად „გაზპრომის" საკითხს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ საქართველოში გაზიფიცირების საკითხი იზრდება. თუ ჩვენს მომწოდებლებს არ შეუძლიათ, ბოლომდე დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები, ბუნებრივია, გაჩნდება რესურსის გაზრდის საკითხი. არ მიმაჩნია, რომ რუსეთი სანდო პარტნიორია, ის არის საშიში მტერი, მაგრამ, ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით, ისტორიის მანძილზე მტრებთან გარკვეული ურთიერთობები არსებობს. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს საშიშია. მაგრამ, როდესაც არსებობს მოთხოვნა, ბუნებრივია, გარკვეული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, რაღაც დონეზე ეს უნდა გადაწყდეს. რამდენადაც ვიცი, მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს ისეთ მასშტაბებზე, რომ რუსეთს რაიმე განსაკუთრებული ზიანის მოყენების საშუალება მიეცეს. თან საქართველოს წლების მანძილზე ჰქონდა „გაზპრომთან" მოლაპარაკებები, საქმიანი ურთიერთობები. ამ კუთხით წინა ხელისუფლებასაც ვერ გავამტყუნებდი, რადგან სხვა გამოსავალი ევროპასაც კი არ გააჩნია დღეს.
კარგი იქნება ხელისუფლებამ მუდმივად მიაწოდოს სწორი ინფორმაცია მოსახლეობას, რომ ინტერპრეტაციის ეფექტი ბევრად დაბალი გახდეს.
- ლეონიდ თიბილოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. რას ფიქრობთ ამ საკითხზე და როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში?
- რამდენადაც მე ვნახე, თიბილოვმა ხაზი გაუსვა, რომ მან უბრალოდ გამოხატა ამის მზაობა და რეფერენდუმზე საუბარი არ მიმდინარეობს. თუმცა, რომც იყოს ეს ლაპარაკი, ეს არ იქნება პირველი - ჩვენი ქვეყნის სეპარატისტულ რეგიონებში ჩატარდა უკვე რეფერენდუმები. ფაქტობრივ დონეზე გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. ფორმალურ დონეზე მსოფლიო ჩვენს სუვერენიტეტს იცავს. ამიტომ, დამოუკიდებლობა იქნება თუ შეერთება, ფაქტობრივი მდგომარეობა ერთი იქნება, ფორმალური მეორე. ეს რეფერენდუმი იქნება იმ სახის, რომელსაც მსოფლიო არ სცნობს.
არ ვიცი, ამ შემთხვევაში რა შედის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შესაძლებლობებში და რა უნდა განახორციელოს გარდა იმისა, რომ მაქსიმალურად მოიპოვოს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა. ამიტომ, ბუნებრივია, ეს არის გარკვეული ფიქტიური პროცესი, რომლის ცნობაც ჩვენი და მსოფლიოს მხრიდან შეუძლებელია. ფაქტობრივ მხარეს რაც შეეხება, ჩვენ ისედაც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ჩვენს ტერიტორიებზე რუსული პოლიტიკა ვრცელდება. კიდევ რა დამატებით სტატუსს შესძენენ ამას, შესაძლოა ითქვას, რომ უინტერესოც კია. შესაძლოა, აღნიშნული საკითხი მხოლოდ პოლიტიკოსებმა გამოიყენონ ხელზე დასახვევ თემად. ეს საკითხი მტკივნეული და მძიმეა, მაგრამ რეალურად რეფერენდუმით არაფერი იცვლება.
- მედიაში მიმდინარე პროცესებზე რა აზრის ხართ?
- „რუსთავი 2"-თან მიმართებაში, ვფიქრობ, რომ მოცემულობა ძალიან მარტივია. არსებობს მოდავე, რომელსაც აქვს პრეტენზია ქონებაზე. რომც დაუკმაყოფილდეს ამ ადამიანს პრეტენზია, შესაძლოა გამოჩნდეს კიდევ სხვა მოდავე, რომელიც კიდევ უფრო დამაჯერებელი იქნება სასამართლოსთვის ვიდრე ხალვაშია და პროცესები კვლავ გაგრძელდეს. ეს პრობლემა დგას სწორედ იმიტომ, რომ „რუსთავი 2"-ის მფლობელების საკითხი ყოველთვის იყო გაუმჭვირვალე. ეს ტელევიზია ყოველთვის იყო რომელიღაც პოლიტიკურ ჯგუფზე და პოლიტიკურ სუბიექტებზე მომუშავე ინსტრუმენტი. ის არასდროს წარმოადგენდა თავისუფალ მედიასაშუალებას. „რუსთავი 2" უფრო საკომუნიკაციო ხერხი იყო, რომელსაც მედიის ფორმა ჰქონდა და არა შინაარსი. თუმცა, ამგვარ მედიასაშუალებასაც აქვს არსებობის უფლება და არ არის ლაპარაკი მის დახურვაზე. „რუსთავი 2" ჩვეულებრივ მაუწყებლობს და ასეც გააგრძელებს. დადგინდება მისი მფლობელი, რომელიც, დიდი ალბათობით, დღევანდელი მფლობელები არ უნდა იყვნენ, რადგან ყველაფერი ამისკენ მიანიშნებს. „რუსთავი 2"-ის მფლობელები ისე იცვლებოდნენ ხოლმე, რომ საზოგადოება ამას ვერც იგებდა. ეს პროცესი ახლა, უბრალოდ, ხმაურიანად მიდის, რადგან შესაძლოა, ყოფილ ხელისუფლებას უკანონოდ მითვისებული ინსტრუმენტი წაართვან და დაუბრუნონ უფრო კანონიერ მფლობელს. ეს არის მთავარი საკითხი.
სხვა არხებზე გადაცემების დახურვას უფრო ჩავთვლიდი მტკივნეულ საკითხად. მათ შორის, გრიგოლიასა და მიშველაძის გადაცემების დახურვას. უფრო კარგად რომ ჩამოყალიბებულიყო წინაპირობები, შესაძლოა, ჩვენი პოზიცია სხვანაირი ყოფილიყო. იყო გარკვეული არგუმენტები, მაგრამ ვფიქრობ, რომ არგუმენტები წინ უნდა უძღვოდეს პროცესს და არა შედეგს.
რამდენადაც ვიცი, ეკა მიშველაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლად დღემდე რჩება, მაგრამ მისი გადაცემა დახურულია. თუმცა, მიმაჩნია, რომ არგუმენტები კიდევ უფრო მეტად უნდა ყოფილიყო ნაჩვენები. რისკით შედეგის განსაზღრა ყოველთვის არ არის სწორი. მედიაპროდუქტი ფაქიზი პროდუქტია და მისი დახურვა ასე მარტივად არ შეიძლება. ჩემი აზრით, ეკა მიშველაძეს უნდა მისცემოდა მუშაობისა და თავისი პოზიციის გამოხატვის საშუალება. თუ ის გამოხატავდა ისეთ მიკერძოებულობას, რომელიც გადაცემის დახურვისთვის საკმარისი იქნებოდა, მაშინ ყველაფერი გასაგები იქნებოდა.
გრიგოლიასთან მიმართებაშიც გადაწყვეტილება ცოტა გაუგებარია. კერძო ტელევიზიას, რა თქმა უნდა, უფლება აქვს, გადაცემა დახუროს. არსებობს მოსაზრებები, რომლებიც თუნდაც რეიტინგული გადაცემის მიმართ უარის თქმას გაამართლებს, მაგრამ, მაინც მგონია, რომ ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნები არის. ვფიქრობ, გრიგოლიას გადაცემა ასე მოულოდნელად არ უნდა დახურულიყო.
- ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები. დღევანდელი გადმოსახედიდან, ვინ მიგაჩნიათ „ქართული ოცნების" რეალურ ოპონენტად?
- „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს მხოლოდ იმის ინტერესი, რომ თავი წარმოაჩინოს პოლიტიკური პერსპექტივების მქონედ და ამაში, სამწუხაროდ, ხელს უწყობს ოპოზიციური სპექტრი. ყოველთვის ღიად და საჯაროდ ვთავაზობ პოლიტიკურ პარტიებს, რომ სწორად დაგეგმონ საზოგადოებრივი პროცესები. აქ იგულისხმება ის, რომ თუკი სურთ ხელისუფლების ჩანაცვლება, ამისათვის პირველ რიგში უნდა მოიპოვონ პირველობა ოპოზიციაში. სანამ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევენ ხელისუფლების მთავარ ოპონენტად, პრაქტიკულად გამოდის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ხელს უწყობს ნაციონალებს. ჯერ უნდა ჩამოიშორონ ეს პარტია პოლიტიკური ბაზრის პრინციპით და მხოლოდ ამის მერე უნდა ეცადონ ხელისუფლებაში მოსვლას. ამიტომ, სანამ ეს პროცესი არ მოხდება, ხელისუფლების ოპონენტი შეიძლება იყოს მხოლოდ ყოფილი ხელისუფლება. ყველა პოლიტიკურ პარტიას საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში. მაგრამ, სანამ პოლიტიკური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამენ წყალს, მანამდე შეუწყობენ ხელს „ქართული ოცნების" პოლიტიკურ პერსპექტივებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მაღალი რეიტინგი აქვს ხელისუფლებას. ის ელექტორატი, რომელიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს, სანამ ყოფილი ხელისუფლება ითვლება მთავარ ოპოზიციურ ძალად, მათი სრული უმეტესობა გამოდის კვლავ „ქართული ოცნების" მხარდამჭერი და არჩევნებზეც მას მისცემს ხმას. რეიტინგების მიუხედავად, პერსპექტივა არის ის, რომ „ქართული ოცნება" დარჩეს ხელისუფლებაში, რადგან ის 50 %, რომელმაც თავი შეიკავა რომელიმე პარტიის დასახელებისგან, რეალურ გადაწყვეტილებას მაინც „ქართული ოცნების" სასარგებლოდ მიიღებს, როდესაც საპირწონედ იქნება „ნაციონალური მოძრაობა".