ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოსამართლე ურთმელიძეზე ზეწოლა ხორციელდება. როგორც ხაჭაპურიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისთვის ერთნაირად ღირებულია მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობა, ამიტომ ის პროცესები, რაც მოსამართლე ურთმელიძის გარშემო ხორციელდება, მისთვის ყოვლად მიუღებელია.
„ის, რაც ნიკა გვარამიამ წინასასამართლო პროცესზე გააკეთა, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ჩვენთვის ერთნაირად ღირებულია მედიის თავისუფლება და მოსამართლის დამოუკიდებლობა. თუ ერთი ილახება მეორის ხარჯზე, ეს აბსოლუტურად მიუღებელია.
როდესაც მოსამართლემ გვარამიას სასამართლო პროცესი დაატოვებინა, მან განაცხადა, რომ ამ ყველაფერს ინიშნავს და მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს ყველაფერი დაედება იმ საბრალდებო დასკვნას, რომელიც ურთმელიძის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ეს არის პირდაპირი მუქარა მოსამართლეზე, რაც აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია.
დავინტერესდით ურთმელიძის დედის საკითხითაც და გაირკვა, რომ ურთმელიძეს სიმსივნით გარდაეცვალა 41 წლის და, რომელსაც დარჩა მცირეწლოვანი შვილი. მამამ ბავშვი მიატოვა. მამა გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი, საკმაოდ შენიღბული აქტივისტი. ურთმელიძის დედა, 75 წლის ქალბატონი იძულებული გახდა, ბავშვი თავად წაეყვანა ლეჩხუმის ერთ-ერთ რაიონში და აღეზარდა. ამის შემდეგ ურთმელიძის სიძემ მიაკითხა ამ ქალბატონს და მოსთხოვა ერთადერთი დარჩენილი ბინა, რაზეც ამ ქალისგან საკმაოდ სერიოზული რეაქცია მიიღო. გამოძიებამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც სხეულის ნაკლებ მძიმე დაზიანება. ეს იყო აბსოლუტურად უვიცი კვალიფიკაცია, რომელიც ამ ქალბატონს წარედგინა. ეს იყო ქალბატონის ძლიერი სულიერი აღელვების გამო გამოწვეული ქმედება. ძლიერი სულიერი აღელვების დროს გამოწვეული ქმედება თუ სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებაა, საერთოდ არ ექვემდებარება გამოძიებას. იმდენად აღმაშფოთებელია ეს მოქმედება, მზად ვარ, ურთმელიძის დედა დავიცვა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
ასევე გაუკუღმართებული ფორმით ჩატარებული აქციები გახლავთ მოსამართლეზე ზეწოლა. ზეწოლა გახლავთ ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, რასაც ბოლო დღეებში ვისმენთ „რუსთავი 2"-ის მხარდამჭერებისგან. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ მოსამართლეზე ხდება ზეწოლა", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.