„რეპორტიორი" ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს დაუკავშირდა, რომელმაც განგვიცხადა, რომ ის ფაქტი, თითქოს ამერიკაში საქართველოს ყოფილ საპატიო კონსულს ლაშა დარბაიძეს „ქართული ოცნების" სახელით ფულს სძალავდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
-ჩეკს ვინც ნახავს, თარიღს დააკვირდეს, და დამერწმუნეთ, მეტი კითხვა აღარ გაუჩნდება. ჩეკი გამოწერილია მაშინ, როდესაც უმუშევარი ვიყავი. ჩეკი ლაშამ წარმოადგინა „ნივთმტიკცებად". თან ამბობს, მე თვითონ გამოვუწერეო. ბანკიდან რომ დაურეკეს, განაღდების დროს თავადაც დააუდასტურა, რომ თანხა ნებაყოფლობით გასცა. ცხრა თვის მერე აღმოჩნდა, რომ გამოვძალე თურმე. მანქანა რომ მათხოვა და თვენახევარი მისი მანქანით დავდიოდი თბილისში, ეგეც გამომიძალია და სახლის გასაღებიც. აღარ მინდა, გულწრფელად გეტყვით, ამდენი შიზოფრენიკის სისულელეებზე კომენტარის გაკეთება. ვუჩივლებ და ეგ იქნება. ვის დააკავებენ და გაასამართლებენ ვნახოთ! თქვენ ნახეთ ჩეკი?
-დიახ ვნახეთ.
-რა თარიღი აწერია?
-10/22/12.
-მერე ცხრა თვის შემდეგ რას მერჩის?
-თანხის დაბრუნებას არ აპირებთ?
-თვითონ ამბობს, ვაჩუქეო და თუ საჩუქარს მოითხოვს, უკან დავუბრუნებ, ოღონდ ნაწილ-ნაწილ.
-ამასთან დაკავშირებით ესაუბრეთ ბატონ ლაშას?
- არ დამკავშირებია. გაზეთებით მელაპარაკება. მე სასამართლოთი ვუპასუხებ!
-ხომ არ გგონიათ, რომ ეს ანტიპიარკამპანიაა როგორც თქვენს, ასევე „ქართული ოცნების" წინააღმდეგ?
- რა არის ანტიპიარი მაინც ვერ გავიგე. ფული რატომ გამოვართვი, რომლითაც მე და ჩემს მეგობარს საქართველოში წამოსასვლელად დაგვეხმარა? ანუ, სადაა რამე დანაშაული, ან ცუდი საქციელი?
-ბატონი ლაშა ამბობს, რომ „ქართული ოცნების" სახელით სძალავდით ფულს.
-უმუშევარი კაცი ხელისუფლების სახელით როგორ სძალავდა ფულს? მანქანაც „გამოვძალე"? ბანკიდან რომ დაურეკეს ჩეკის განაღდების დროს, რატომ არ უთხრა გამომძალეს და არ მისცეთ ფულიო, ან 9 თვის მერე რატომ მოვიკითხე, როდესაც სიგუა დანიშნეს მას მერეო?
-ავტომობილს რა ბედი ეწია?
-თვენახევარში უკან წაიყვანა.
-რას ითხოვს თქვენგან და თუ დაგიკავშირდათ?
- ფულს არ ითხოვს, საქმეც მაგაშია. ჩამოყალიბებული არ არის რა უნდა. როგორც ამბობს, ნიღაბი უნდა ჩამომხსნას. არა, არ დამკავშირებია.
-როგორც თავად ბატონი ლაშა აცხადებს, სააკაშვილმა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერობისთვის მას უფლებამოსილება შეუჩერა.
-როგორც ვიცი საქართველოს საპატიო კონსული იყო, ნიუ - ჯერსის შტატში ჰქონდა ეგ სტატუსი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რას ცდილობს ამ საქციელით , ეგ მან უფრო კარგად იცის.
შეგახსენებთ, გაზეთ „ყველა სიახლეში" დაიბეჭდა სტატია, სადაც ლაშა დარბაიძე, საქართველოს ყოფილი საპატიო კონსული აშშ-ში, აცხადებს, რომ ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სიგუა აშშ-ში ყოფნის დროს მისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდა. როგორც დარბაიძე აცხადებს, მას სიგუამ 15 ათასი დოლარი სთხოვა, რაზეც ჩეკი გამოუწერა. შემდგომში, როგორც ის აცხადებს, სიგუამ კვლავ სთხოვა 15 ათასი დოლარი, რომლის შემდეგაც დარბაიძე მიხვდა, რომ სიგუა მას „ქართული ოცნების" სახელით ფულს სძალავდა. დარბაიძის თქმით, ფულს არ მოიკითხავდა, მაგრამ სიგუას კეთილსინდისიერებაში შეეპარაა ეჭვი და ახლა აპირებს „ქართულ ოცნებასაც" აუხილოს თვალი, თუ ვინაა რეალურად გიორგი სიგუა.
„როგორც კი გიორგი სიგუა შემობრძანდება აშშ-ში, მაშინვე დააკავებენ",-აცხადებს დარბაიძე. ამის დამადასტურებლად კი ჩეკის ამონაბეჭდი მოაქვს.
ლილი მიროტაძე