ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წარმომადგენლების შუამდგომლობის დაკმაყოფილებას მოსამართლის თვითაცილებასთან დაკავშირებით არ დაეთანხმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია. სალიას განცხადებით, ის არ იცავს თამაზ ურთმელიძეს და არ აინტერესებს, რომელი მოსამართლე ან მოსამართლეთა რომელი კოლეგია განიხილავს ამ საქმეს.
სალიამ „რუსთავი 2"-ის ადვოკატებს მიმართა და განაცხადა: „თქვენი მიზანია, საერთოდ აიცილოთ სამართალწარმოება. ეს დაიწყო ნიკა გვარამიამ ამ საქმესთან დაკავშირებით, როდესაც არცერთი მტკიცებულება არ ჰქონდა, ეჭვის საფუძველიც კი არ ჰქონდა, მის პირველივე საეთერო განცხადებაში, გააკეთა მწვავე განცხადებები მოსამართლის მიმართ.
პირველ მოსამზადებელ სხდომაზე, ნიკა გვარამიამ განაცხადა შემდეგი: - დიახაც, ჩვენ მიზანმიმართულად ვავრცელებთ ამ განცხადებებს, იმიტომ რომ სასამართლო არ იყოს მიუკერძოებელი და იყოს ობიექტური.
სხვათა შორის, თქვენს დღევანდელ შუამდგომლობაში წერია, რომ ვინაიდან სახეზე გვაქვს მოპასუხე მხარის მიერ დეკლარირებული უნდობლობა სასამართლოს მიმართ, ეს იწვევს მართლმსაჯულების სერიოზულ ხარვეზს. რას ნიშნავს ეს?! - იურისტებმა უნდა ვთქვათ, რას ნიშნავს მოწინააღმდეგე მხარის დეკლარირებული უნდობლობა. - თქვენი დეკლარირებული უნდობლობა, გარდა თქვენი სურვილისა, უნდა ემყარებოდეს ობიექტურ ეჭვს. ობიექტური ეჭვის დამადასტურებელი რაიმე გარემოება, გარდა თქვენივე, დაინტერესებული მხარის მიერ შექმნილი სიუჟეტებისა და თქვენივე მოსაზრებების გარდა, თქვენ ვერ წარმოადგინეთ. თქვენ ცდილობთ, თქვენს მოსაზრებაში საზოგადოებაც დააჯეროთ და საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს გონებაში გაუჩინოთ ეჭვი ეჭვის საფუძველზე. ასე არ არის!
კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა საფუძველი, რაზეც თქვენ მიუთითეთ დღესაც და წინა შემთხვევებშიც, არის ყურით მოთრეული. თქვენ კითხულობთ თეა წულუკიანის განცხადებას და აცხადებთ, რომ თამაზ ურთმელიძე მოიაზრება წულუკიანის გუნდში და ითხოვთ თამაზ ურთმელიძის აცილებას. თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომ რაღაც გუნდები არსებობს, ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. რა გარანტია გვაქვს, რომ ხვალ არ დაინიშნება ვიღაცა, ვისზეც თქვენ ასევე არ იტყვით, რომ ეს არის თეა წულუკიანის გუნდის წევრი? მე თქვენსავე განცხადებას გაგახსენებთ, - ერთ-ერთ მოსამზადებელ სხდომაზე თქვენ მოსამართლეს საყვედური უთხარით, - მეორე მხარეც გვეთანხმებოდაო განხილვაზე. მე დავადასტურე ჩემი პოზიცია, რომ გეთანხმებოდით და არ მქონდა პრობლემა. ანუ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ჩემთვის სულერთია, ვინ იქნება მოსამართლე. თქვენ თვითონ თქვით ასეთი რამ ამის საპასუხოდ - ილუზია მაინც შეგექმნათ, რომ რეალურად იხილავთ ამ საქმესო. თქვენ ამით მართლმსაჯულებას გამოუცხადეთ უნდობლობა.
თქვენ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, რადგან ხართ მედია და გაქვთ საშუალება, საზოგადოებას მოახვიოთ თავზე თქვენი მოსაზრება, თვითონვე აკეთებთ დასკვნებს, რომ მართლმსაჯულება აიცილოთ. ანუ სასამართლოში მიმდინარე კერძო დავა, რომელიც ეხება ქონების დაბრუნებას, სამოქალაქო სამართლებრივი ქმედებების ბათილობის საკითხს, გსურთ გადაიტანოთ ტელევიზიაში და როგორც სიუჟეტი გააკეთეთ „თელასთან" დაკავშირებით და მოსამართლე დღეს სხდომაზე გამოაცხადეთ კორუმპირებულად, ასე გინდათ გამოაცხადოთ ქიბარ ხალვაში ადამიანად, რომელსაც არ აქვს კავშირი „რუსთავი 2"-თან.
ძალიან დიდი ბოდიში, ეს ვერ მოხდება. სამართალწარმოება განხორციელდება. სასამართლო, იქნება ეს თამაზ ურთმელიძის სახელით, სამი მოსამართლის სახელით, შემდეგ აპელაციის შედეგად თუ უზენაესი სასამართლოს სახელით, სასამართლო აუცილებლად მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საქმეზე. შეიძლება, ის გადაწყვეტილება ჩვენ არ მოგვეწონოს, შეიძლება, თქვენ არ მოგეწონოთ. არსებობს ამის გასაჩივრების საშუალებები და გზები. არავის აუკრძალავს არავისთვის სასამართლოში გასაჩივრება.
და ყველაზე მთავარი, რაც მინდა ვთქვა - ნებისმიერი ადამიანი დამერწმუნება, რომ მიმდინარე დავა არანაირად არ არის გამოხატვის უფლებასთან დაკავშირებული დავა. არცერთი ჩვენი მოთხოვნა, რაც დავაყენეთ სასამართლოში, გამოხატვის უფლების შეზღუდვას არ ეხება. ჩვენ არ მოვითხოვთ თქვენთვის გამოხატვის უფლების შეზღუდვას, ეს მიზანი არ არსებობს. ჩვენც ვართ ერთგული იმ პრინციპისა, რომ სიტყვა უნდა იყოს თავისუფალი. ეს ქიბარ ხალვაშმა თავის დროზე დაამტკიცა და ეს გამოჩნდება კიდევ.
რაც შეეხება იმას, რომ „რუსთავი 2"-ს რამენაირად შეეზღუდა გამოხატვის თავისუფლება, მე მგონი, ერთი ადამიანიც არ იტყვის, ვინც თქვენს ეთერს აკვირდება, რომ „რუსთავი 2"-ს გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული აქვს.
დღეს მე თავს შევიკავებ ნიკა გვარამიას განცხადებების შეფასებისგან, მაგრამ აშკარად იყო მის განცხადებებში ის, რასაც იურისტი არ უნდა აკეთებდეს. ის არის პროფესიონალი და განათლებული იურისტი და მან იცის, რომ ეს არ უნდა გაკეთოს.
ამ შემთხვევაში, პირადად ჩემი აზრით, თქვენ სასამართლო სხდომაზე გინდათ, დადასტურებულ ფაქტად წარმოაჩინოთ, რომ მუქარა განხორციელდა. ეს უნდა დადგინდეს. ეს იგივეა, მე რომ გავიდე სასამართლოდან და განცხადება გავაკეთო, რომ ადვოკატმა დიმიტრი ძაგნიძემ შეურაცხყოფა მომაყენა და მუქარა განახორციელა. პროკურატურა ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მუქარა განახორციელეთ ჩემს მიმართ. ეს უნდა დადგინდეს.
ნიკა გვარამია დღეს მოწმის სახით არის დაბარებული პროკურატურაში და არა როგორც დაზარალებული. აქედან გამომდინარე, ნუ შეგყავთ შეცდომაში საზოგადოება, რომელიც თქვენს კამერას უყურებს. გაირკვევა ეს ფაქტი და თუ მუქარა და შანტაჟი იყო, პირობას გაძლევთ, მე ვიქნები პირველი, ვინც მოითხოვს ამ ფაქტის სამართლიანად და ობიექტურად გამოძიებას, ჩვენთვის, ქიბარ ხალვაშისთვის, ასეთი პრინციპები და ასეთი მოქმედებები ყოველთვის მიუღებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას თავად აშანტაჟებდნენ, ძმა ციხეში ჩაუსვეს, დაუჭირეს ნათესავები, ადამიანი სულ, 2007 წლიდან მოყოლებული სამართლებრივი საშუალებებთ იცავდა და იცავს თავს.
ამდენად, არ არსებობს მოსამართლის აცილების საფუძველი. კიდევ ერთხელ ვამბობ, - ეს არის გამოგონილი ისტორიები. ამ ისტორიებს უშვებთ ეკრანზე და გვაჯერებთ, რომ ეს ასე არის. ეს ასე არ იქნება, სანამ არ იქნება წარმოდგენელი უტყუარი მტკიცებულებები. ეჭვიც რომ გაჩნდეს, თუნდაც ის წერილი თუ რაღაც, რასაც თქვენ დაარქვით ანონიმური წერილი, არ არის დადასტურებული, რეალურად ბუნებაში არსებობს თუ არა. ერთი მტკიცებულება მაინც წარმოადგინეთ სასამართლოში, ვინ გიშლით", - განაცხადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ მიმდინარე სასამართლო პროცესზე.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დღესაც არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წარმომადგენლების შუამდგომლობა მოსამართლის თვითაცილებასთან დაკავშირებით.