reportiori.ge - ელისო ჩაფიძე: ადგილი აქვს 2003 წლის მოვლენების გამეორების მცდელობას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:04
ინტერვიუ
ელისო ჩაფიძე: ადგილი აქვს 2003 წლის მოვლენების გამეორების მცდელობას
ავტორი:
23 ოქტომბერი, 2015. 18:09


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესები 2003 წლის მოვლენების გამეორებას ისახავს მიზნად. როგორც ჩაფიძემ „რეპორტიორთან" ინტერვიუში აღნიშნა, პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან „რუსთავი 2"-ის საქმეში მიმართებაში რაიმე დაინტერესება გამორიცხულია.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე:


- მიმდინარეობს ძალიან არასასიამოვნო პროცესი. ვფიქრობ, გარკვეულწილად ადგილი აქვს 2003 წლის მოვლენების გამეორების მცდელობას. ნიკა გვარამია, არა როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალების წარმომადგენელი, არამედ როგორც პოლიტიკური აქტივისტი, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ფუძემდებელი ცდილობს, საზოგადოებაში აწიოს ტემპერატურა და აჩვენოს მათ, თუ რამდენი ადამიანის გამოყვანა შეუძლია ქუჩაში. დიდი იმედი მაქვს, სახელმწიფო ასეთ ქმედებებს არ დაუშვებს და შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. ამავე დროს დიდი იმედი მაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის, რომელიც არ დაუშვებს მოვლენების ესკალაციას.


„რუსთავი 2"-ს აქვს ქონებრივი დავა, რომელიც უნდა გადაწყდეს სასამართლოში და არსად მის გარდა. სასამართლოში არსებობს უამრავი ინსტანცია. შესაბამისად, წინასწარ, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს სასამართლო, ისტერიის ატეხვა სასამართლოზე ზეწოლის მცდელობად მიმაჩნია. ბუნებრივია, ნაპროკურორალ გვარამიას კარგად უნდა ესმოდეს ამ მოვლენების მთელი სიმძიმე.


ბატონმა გვარამიამ პირველ რიგში უნდა დაასახელოს, ვინ დაუკავშირდა მას უშუალოდ, რადგან არ შემიძლია ვთქვა, რომ ვიცი ხელისუფლების ყველა წევრის საქმიანობა. მაგრამ, პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან „რუსთავი 2"-ის საქმესთან მიმართებაში რაიმე დაინტერესებას გამოვრიცხავ. ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ აქვს უფლება, ბატონ ქიბარ ხალვაშს აუკრძალოს ქონებრივი დავის წარმოება „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით. ასევე მინდა მოვისმინო, როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით ყარამანაშვილების პოზიცია. რადგან ქიბარ ხალვაშის მეორე მხარე ნამდვილად არ გახლავთ პოლიტიკური აქტივისტი ნიკა გვარამია. ხალვაშის მოწინააღმდეგე მხარე გახლავთ ყარამანაშვილები. ამ აქტივობით კი ნიკა გვარამია და „ნაციონალური მოძრაობა" ადასტურებენ, რომ სინამდვილეში „რუსთავი 2"-ის მფლობელები გახლავთ არა ყარამანაშვილები, არამედ საქმე გვაქვს პოლიტიკური ძალის მხრიდან ტელევიზიის მიმართ ინტერესებთან. ეს ნამდვილად არ არის კარგი და სასარგებლო თავად „რუსთავი 2"-სთვისაც.


- თქვენი, როგორც უმრავლესობის წევრის დამოკიდებულება როგორია უკრაინულ მედიაში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით?


- ვგმობ იმ სასტიკ სისტემურ და არაადამიანურ დანაშაულს, რომელზეც ამ კადრებშია მოთხრობილი და რომლის გამოც სააკაშვილის ხელისუფლებამ ბოდიში მაინც უნდა მოუხადოს ქართულ საზოგადოებას. თუმცა, ბოდიში არ არის ადეკვატური პასუხი იმ საშინელ დანაშაულზე, რომლის ორგანიზატორებიც ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იყვნენ.


პირადად მე არავითარი სურვილი არ მაქვს, აღნიშნულ კადრებს ვუყურო. გარდა იმისა, რომ ეს არის საშინელი ძალადობა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ კონკრეტული ადამიანების ბედზე, რომლებიც გახდნენ არაადამიანური მოპყრობისა და საშინელი წამების მსხვერპლნი. ამ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ, რომ გაიარონ რეაბილიტაცია და ისინი საზოგადოებას არ უნდა ვაჩვენოთ ამ კადრების სახით. ამ შემთხვევაში ძალიან მაინტერესებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ქალბატონი თამარ ქალდანის პოზიცია და შს სამინისტროს პოზიცია. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ მთავარ პროკურატურაში აღძრულია საქმე და იმედი მაქვს, რომ დამნაშავეები უახლოეს დროში დაისჯებიან. მიმაჩნია, რომ ამ საშინელების ჩადენაც და კადრების გავრცელებაც არ ჯდება ზნეობრივი და სისხლისსამართლებრივი რეგულირების სფეროში. ეს არის კაცობრიობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. მაგრამ, ჩადენის სისასტიკე უფრო მეტია, ვიდრე კადრების გავრცელებისა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ადამიანის მორალური სიკვდილიც არ არის ნაკლებად მძიმე დანაშაული, ვიდრე ის ძალადობა, რომელსაც ამ კადრებზე ვხედავთ.


- მსგავსი სახის კადრები 2012 წლის არჩევნებამდეც გავრცელდა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. არჩევნების შემდეგ კი „ქართული ოცნება" მოსახლეობას დაჰპირდა, რომ აღნიშნული ქმედებები გამოძიებული იქნებოდა და დამნაშავეები დაისჯებოდნენ. დღეს, 3 წლის შემდეგ, კადრები კვლავ ვრცელდება. ამ კონტექსტში, რამდენად კმაყოფილი ხართ პროკურატურის საქმიანობით?


- მივიღეთ საკმაოდ მანკიერი სისტემა, რომლის შეცვლაც რამდენიმე დღეში ძალიან რთული და შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ ჩატარდა პროკურატურის საფუძვლიანი რეფორმა და ახლა მიმდინარეობს რეფორმა გლობალური თვალსაზრისით, რომელიც საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს პროკურატურის, როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი ინსტიტუციის ჩამოყალიბებამდე. ასევე იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში პროკურატურა ამ კადრებთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვებზე მაინც გაგვცემს პასუხს. საზოგადოების აღშფოთება, რომ დამნაშავეები არ დაისაჯნენ, სრულიად სამართლიანია და მეც ვითხოვ, რომ დამნაშავეები მაქსიმალურად იყვნენ დასჯილები. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, საკმაოდ ბევრი მათგანი მიეცა პასუხისგებაში და ბევრი მათგანია დასჯილი, მაგრამ ამ საშინელებაში მონაწილესაგან არავინ უნდა დარჩეს დაუსჯელი


- „გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე რას იტყვით, რა მიმარულებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ზოგადად როგორია თქვენი პოზიცია აღნიშნული კომპანიის მიმართ?


- „გაზპრომთან" ურთიერთობას აქვს რამდენიმე მხარე, ესენია პოლიტიკური და ეკონომიკური-სამართლებრივი საკითხები. პოლიტიკურ ნაწილში აბსოლუტურად გამოვრიცხავ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რაიმე დათმობაზე წასვლას. ეს არანაირად არ ზის საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში. მოწინააღმდეგე ძალა გვიკიჟინებს ვითომ რაღაც იდუმალ გარიგებაში მონაწილეობაზე, ნამდვილად არ მგონია, ეს სიმართლეს შესაბამებოდეს. მე კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც წინა ხელისუფლების დროს „გაზპრომისათვის" მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვაზე იყო საუბარი და აღნიშნული საკითხი მხოლოდ ჩვენი დასავლელი მოკავშირეების ჩარევის შედეგად ჩაიშალა. ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები „გაზპრომთან" ყველა მეზობელ სახელმწიფოს აქვს, გარდა პოლონეთისა.


თუმცა, იმედი მაქვს, რომ საკუთარ ენერგოუსაფრთხოებას გავაძლიერებთ, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით და ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული რომელიმე ქვეყნის პოლიტიკურ გაზზე.


- ლეონიდ თიბილოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანებასთან დაკავშორებით რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. რას ფიქრობთ ამ საკითხზე და როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში?


- თიბილოვის მხრიდან აღნიშნული ინიციატივის გაჟღერება წარსულის გადამღერებაა, რადგან ასეთი ტიპის ე.წ. რეფერენდუმი უკვე გაიმართა ორჯერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და ამას არანაირი სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია. მათ ვურჩევდი, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელიც კონსტრუქციულადაა განწყობილი, გაეგრძელებინათ მოლაპარაკებები და მივიდეთ საერთო აზრამდე, რომ ჩვენ შევძლებთ ერთ სახელმწიფოში ცხოვრებას. დღეის გადმოსახედიდან ეს შესაძლოა ძალიან რთულად ჟღერდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებს განვითარების სხვა პერსპექტივა, გარდა საქართველოს შემადგენლობაში ყოფნისა, არ გააჩნიათ და მათ არასდროს აღიარებს მსოფლიო თანამეგობრობა დამოუკიდებელ სუბიექტებად.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016