დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეომასალები მიხეილ სააკაშვილის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ უკრაინულ პოლიტიკურ ძალებს თავად ნაციონალებმა გადასცეს. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა დაპირიპირებებია.
„უკრაინაში სააკაშვილის მოწინააღმდეგ პოლიტიკურ ძალებს ეს კადრები გადასცეს თავად „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა. პარტიაში არის შიდა დაპირიპირება; ერთმანეთზე არიან გადაკიდებულები, მერაბიშვილმა სააკაშვილს შუთვალა, თუ ციხიდან არ გამიყვან, ყველაფერზე ავლაპარაკდებიო... ეს მანიაკები თავს თვლიან პოლიტიკურ ძალად და ისინი რომ თავს პოლიტიკურ ძალად თვლიან, ამაში მე ჩემს მცირე პირად შეცდომასაც ვხედავ. ისინი 2012 წლის არჩევნების შემდეგ, როგორც პოლიტიკური ძალა, არ უნდა ყოფილიყვნენ პოლიტიკურ ასპარეზზე", - განუცხადა „რეპორტიორს" ბრეგაძემ.
სანდრო ბრეგაძის თქმით, ის თავად არის მომსწრე პატიმრის ცემით მოკვლისა, როდესაც ის გლდანის ციხეში იმყოფებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ძალიან რთული ყმაწვილკაცობა ჰქონდათ. ისინი მუდმივად იყვნენ დაჩაგრულ მდგომარეობაში. წარმოიდგინეთ აკო მინაშვილის ბავშვობა, ალბათ, რადიატორთან კუთხეში იჯდა მთელი ყმაწვილკაცობის განმავლობაში. ისინი საზოგადოებამ გაიცნო მას შემდეგ, რაც გახდნენ დეპუტატები და მინისტრები. როდესაც ეს დაკომპლექსებული, ჩაგრული ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში, თავიანთი კომპლექსებიდან გამომდინარე, ჩამოყალიბებული ჰქონდათ მანიაკალური მისწრაფება სადიზმისკენ.
შეიძლება, ადამიანმა ადამიანი სცემოს, რამე ესროლოს, როცა წყობიდან გამოდის, მაგრამ ის, რაც ჩვენ ამ კადრებში ვნახეთ, თუ არ ხარ მანიაკი და ავადმყოფი, ამას ვერ ჩაიდენ. შემსრულებლები კი არა, მთავარი დამკვეთია! ესაა სააკაშვილი, რომელიც გაიძახოდა: ყველანი ციხეშიო! ავიღოთ კალმახელიძე ხათუნა; ჩვენი ხელისუფლების სუსტი წერტილია, რომ დღეს ის ციხეში არ ზის. მე თავად ვიჯექი მისი მინისტრობის დროს ციხეში. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ კლავდნენ ცემით პატიმრებს. არავის არაფერი უკითხავს ჩემთვის, არადა, ყველა იმ ჯალათის გვარ-სახელი ვიცი, რომლებიც გლდანის ციხეში მუშაობდნენ და პატიმრებს ცემაში კლავდნენ", - განაცხადა ბრეგაძემ.