reportiori.ge - დათო ლორთქიფანიძე: პრეზიდენტის განცხადება აღიქმება სასამართლოზე ზეწოლად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:17
ინტერვიუ
დათო ლორთქიფანიძე: პრეზიდენტის განცხადება აღიქმება სასამართლოზე ზეწოლად
ავტორი:
22 ოქტომბერი, 2015. 18:14


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე „რეპორტიორთან" ინტერვიუში „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს აფასებს:


- „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებში ხელოვნურობის ნიშნები შეინიშნება. აბსოლუტურად გაუგებარია ატეხილი ამბავი, როდესაც დავა არის ორ სუბიექტს შორის ქონების გამო. თუმცა, „რუსთავი 2"-ის კოლექტივი საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის ისე, თითქოს ხელისუფლებას სურს ტელეკომპანიის საქმიანობის შეჩერება. ვფიქრობ, ამის საფუძველი მათ არ აქვთ.


მე, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და პარლამენტის წევრი, ვერ ვხვდები, სად არის ლოგიკა. თუ ეს კომპანია, როგორც აქამდე აცხადებდა მისი გენერალური დირექტორი, იყო მომგებიანი და წარმატებული ბიზნესი, მაშინ რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ბიზნესმენს, თუ ის დაიბრუნებს თავის წილებს, რომ აღნიშნული კომპანია გააჩეროს? თუ ვერ დაიბრუნებს, ბუნებრივია, კომპანია მუშაობს და ასე გააგრძელებს. აქ რაიმე ლოგიკას და კვეთას ვერ ვხედავ, რომ ვინმე იყოს დაინტერესებული კომპანიის დახურვით. ეს არის ბიზნესინსტიტუტი, რომელიც, გარედან ჩანს, რომ საკმაოდ კარგად არის აწყობილი. ფაქტია, რომ აწყობილი ბიზნესის დაბრუნების შემთხვევაში, ქიბარ ხალვაში მისი დახურვით დაინტერესებული არ იქნება. საუბარი იმაზე, რომ ხალვაში გააჩერებს ტელეკომპანიის მუშაობას და ამაზე წინასწარ აჟიოტაჟის ატეხა, ვფიქრობ, აზრს მოკლებულია. ეს ყველაფერი არის საზოგადოების დიდი ნაწილის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საბედნიეროდ, ეს ასე არ ხდება. ამიტომ, უმჯობესია, სასამართლოს ვაცადოთ გადაწყვეტილების გამოტანა და ამის შემდეგ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.


- რას ფიქრობთ პრემიერ-მინისტრის გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე? ეწინააღმდეგებოდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება კონსტიტუციას?


- ვფიქრობ, პრემიერს არაფერი ისეთი განცხადება არ გაუკეთებია, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდეს. მის განცხადებაში ასეთი ქვეტექსტები ვერ ამოვიკითხე. მინდა, აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტი კონსტიტუციურად დამოუკიდებელი ინსტიტუტებია, ყველა უწყებას აქვს უფლება, თავისი პოზიცია დააფიქსიროს და ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ამ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ჭიქაში ქარიშხლის ატეხას აზრი არ აქვს. თუმცა, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის პათოსი, რაც ეხებოდა კონსტიტუციურ წყობილებასა და გარკვეულ მოსალოდნელ საფრთხეებს, უადგილოა. არანაირი ნიშნები კონსტიტუციური წყობილების ხელყოფისა ქვეყანაში არ არსებობს.


- ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მასზე გარკვეული სახის ზეწოლა განხორციელდა. რას ფიქრობთ აღნიშნულზე?


- ნიკა გვარამიას განცხადებების, მისი პიროვნების ბექგრაუნდიდან გამომდინარე, მე, როგორც პარლამენტის წევრს, როგორც მოქალაქეს, არ მჯერა. მისი ყალბი გამომეტყველების არ მჯერა. ასეთივე გამომეტყველებით გვარამია 9 წლის განმავლობაში გვკვებავდა სიცრუით ყოველ დილა-საღამოს, ხან მინისტრის და ხან პროკურორის პოზიციიდან. თუკი მას ვინმე დაელაპარაკა, ეს მათი საქმეა. კარგია, რომ გამოძიება დაიწყო. არ მგონია, რომ ალექსი ახვლედიანი იმ დონის პოლიტიკური ფიგურა იყოს, ხელისუფლებას დასჭირვებოდა მისი შუამავლობა და რჩევების მიცემა. გვარამიაც და ახვლედიანიც აღიარებენ, რომ არიან ახლო მეგობრები. მეგობრებში ბევრი საუბარი ხდება. ჩემთანაც მოსულან მეგობრები და რჩევები მოუციათ და მეც მოვქცეულვარ ასე. თემის გადატანა იმაზე, რომ ახვლედიანმა უთხრა გვარამიას, რომ უბედურების წინაშე დგას, სასაცილოა. ეს არის საზოგადოების აჟიტირებისთვის გაკეთებული.


გუშინ ვუსმინე დეფი გოგიბედაშვილის გამოსვლას, რომელიც ამბობდა, რომ ხალხი ქუჩებში საშინელ ფილმებს უყურებდა და ეს ძალიან ცუდია. ამ საშინელებებს რომ აკეთებდნენ თავად, ამაზე რატომ არავინ საუბრობს? ესაა მთელი უბედურება.


- აქვე გკითხავთ, რას ფიქრობთ პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებაზე?


- პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება მოცემულ რეალობასთან შეუსაბამო იყო. მსგავსი განცხადების გაკეთების არანაირი საფუძველი პრეზიდენტს არ ჰქონია. პრეზიდენტს აქვს უფლება გააკეთოს განცხადება და შეხვდეს ვისაც უნდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში აპოკალიფსია მოსალოდნელი.


- პრემიერის ან პრეზიდენტის მხრიდან, გამორიცხავთ სასამართლოზე ზეწოლას?


- სასამართლოზე ზეწოლას ვხედავ „რუსთავი 2"-ის მენეჯმენტისგან, მათი მხარდამჭერებისგან და „ნაციონალური მოძრაობისგან". პრეზიდენტის განცხადებაც ზეწოლად აღიქმება, როდესაც მან მოუწოდა სასამართლოს, რომ ხისტი გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავოს. ვფიქრობ, ეს არის პირდაპირი ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში და ეს არის ზეწოლა სასამართლოზე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016