პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის დამონტაჟდა.
„როდესაც ჩნდება ინფორმაცია პროვოკაციული თუ სხვა ტიპის უკანონო ქმედებების თაობაზე, არ ვფიქრობთ, რომ ლოგიკურია კითხვა, რატომ გვიცავს ჩვენ პოლიცია?! პოლიცია უნდა იცავდეს ყველას. თუკი შესაძლებელია, რაიმე ტიპის პროვოკაცია იყოს მოსალოდნელი, ეს საფრთხეები მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ, მერე რომ არ გაჩნდეს კითხვა, სად იყო ხელისუფლება ან პოლიცია. ეს ღონისძიება გულისხმობს იმას, რომ ჟურნალისტების, ტელევიზიის უსაფრთხოება იყოს დაცული და წინასწარ იყოს პრევენციული ღონისძიებები გატარებული. გარე პერიმეტრი არ იყოს ისე, რომ სამართალდამცავების მხრიდან ყურადღება მოდუნდეს.
ტელევიზიის შიგნით, თუ რაიმე ტიპის დახურული შეხვედრები იქნება, ბუნებრივია, ამ კამერებს წვდომა არ აქვს. შიდა სამზარეულოში ვერავინ ჩაერევა. ამის უფლება არავის აქვს", - განაცხადა ბესელიამ.