ექსპერტი დემურ გიორხელიძე ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკურ პროცესებს „რეპორტიორთან" ინტერვიუში აფასებს.
- ბატონო დემურ, რას ფიქრობთ „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე?
- ნებისმიერი გაზეთი იქნება თუ ელექტრონული მედიის რომელიმე წარმომადგენელი უნდა შეფასდეს მხოლოდ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში საქმიანობის კუთხით. თავისთავად ცხადია, რომ ნებისმიერი სხვა მოტივით მედიის შეზღუდვა ვერანაირი პრინციპით ვერ გამართლდება, რადგან შეუძლებელია, ხელისუფლება ან ვინმე ცდილობდეს, ისეთი მედიასაშუალებების ჩამოყალიბებას, რომლებიც მხოლოდ ხელისუფლებაზე დადებითად ისაუბრებს. ეს არის ზოგადი პრინციპი, რომელსაც ჩვენ ვერ გადავალთ.
ადრეც მითქვამს და ახლაც ვამბობ, რომ აბსოლუტურად თავისუფალი მედია არ არსებობს, რადგან მედია ყოველთვის არის დამოკიდებული ადამიანთა იმ ჯგუფზე, რომლის სახსრებითაც არსებობს. ფაქტობრივად, ნიკა გვარამიამ გაახმაურა ის, რაც პრინციპში ყველასთვის ცნობილია. „რუსთავი 2" გარკვეული მსოფლმხედველობის ფარგლებში მოქმედებს. ვინმეს მოსწონს თუ არა ეს, სხვა საკითხია. დიახ, ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის" რუპორები, იმიტომ რომ „ნაციონალური მოძრაობაც" ზუსტად იმავე ჩარჩოში მოქმედებს. შესაძლოა, არ მოგვწონდეს ეს, მაგრამ ჩემთვის მთავარი ამოსავალია კანონიერება და კონსტიტუციისადმი შესატყვისობა. თუ ეს ტელევიზია ხელისუფლების კონსტიტუციური წყობის დამხობისკენ არის მიმართული, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ სამართლის ენაზე. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, „რუსთავი 2" ეს არის გარკვეული მსოფლმხედველობის ფარგლებში მოქმედი ტელევიზია და თუკი ვინმეს ის არ მოსწონს, კეთილი ინებოს და ჩამოაყალიბოს ალტერნატიული შეხედულებების მქონე ტელევიზია, სადაც იქნება ტრადიციული ქართული კონსერვატიზმი.
თუ ჩვენ გვინდა არსებობდეს ერთიანი თამაშის წესები ქვეყანაში, იგი მკაცრი და დაცვადი უნდა იყოს და ყველას მიმართ ერთნაირად უნდა ხორციელდებოდეს. ჩვენ შეგვიძლია, ამ ტელევიზიას მოვთხოვოთ ერთადერთი რამ, იმოქმედოს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში.
- ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოში სიტყვის თავისუფლებას?
- საქართველოში სიტყვის თავისუფლება არ წარმოადგენს წმინდა ქართულ საშინაო საქმეს. რაკი ჩვენ უკვე ასოცირებული ვართ ცივილიზებულ სამყაროსთან, ამ ურთიერთობების შედეგად ვერ ვიქნებით იმ პრინციპებიდან იზოლირებული, რასაც თავისუფლების მომენტი, გამოხატვის თავისუფლების უფლება კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში, ჰქვია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ზედმეტად არის საუბარი, თითქოს სიტყვის თავისუფლებას რაიმე ემუქრება. საქართველოში სიტყვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება, რადგან საქართველო ვერ დაბრუნდება ტოტალიტარულ წყვდიადში.
- პრეზიდენტის განცხადებას სამოქალაქო დაპირისპირებასთან დაკავშირებით, როგორ აფასებთ?
- აქ არის ძალიან ფაქიზი მომენტი. ნებისმიერ შემთხვევაში პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი, რადგან მის ფუნქციებს კონსტიტუცია განსაზღვრავს. პრეზიდენტის მოქმედება სასამართლოსთან მიმართებაში არ იყო სწორი. რადგან, ნებისმიერი ფორმით, ეს არის ზემოქმედება სასამართლოზე. ამიტომ, ვისურვებდი, რომ ასეთ დაძაბულ სიტუაციებში პრეზიდენტი რომელიმე მხარის ინტერესების გამტარებელი არ ყოფილიყო. თუ პრეზიდენტი აღმოჩნდება მხარე, ჩვენ მივიღებთ აღმასრულებელი ხელისუფლების შეცდომების კვალობაზე სამოქალაქო დაპირისპირებას.
- დღეს რამდენად ხედავთ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეებს?
- დღეს სამოქალაქო დაპირისპირების არანაირი საფრთხე არ არსებობს. იგი შეიძლება გაჩნდეს ხელისუფლების შეცდომების შედეგად. ამიტომ ჩვენ გვინდა ხელისუფლების მხრიდან ზუსტი მოქმედებები. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი არ იყო ზუსტი. ეს ქმნის საფრთხეს. მთავრობა ვერ არის გამართული და ვერ მოქმედებს ერთიანი პრინციპებით.
- საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე რას ფიქრობთ?
- ეს არის ხელოვნურად გაჩენილი თემა. საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოს მრეწველობის მდგომარეობა, ანუ ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მომხმარებელი ვინც უნდა იყოს, არის მიზერული, რადგან ყველაფერს ძირითადად მოსახლეობა მოიხმარს. საქართველო იღებს ბუნებრივ აირს რუსეთიდან სომხეთში ტრანზიტის საფასურის სახით. ასევე ჩვენ ვიღებთ ტრანზიტიდან ბუნებრივ აირს ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენიდან. ჩვენ ამ გაზსადენიდან გვაქვს შეღავათიანი შესყიდვის უფლება. დღევანდელი მოხმარების პირობებში, როცა ეკონომიკა ფაქტობრივად დგას, თუ რაიმე საყიდელია, ცხადია, აზერბაიჯანი თავისუფლად დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. „გაზპრომისთვის" ბუნებრივი აირის ის მოცულობა, რომელსაც საქართველოში კომერციული თვალსაზრისით ვიღაც შეიძენს, მიზერულია და არ წარმოადგენს ეკონომიკურ და ფინანსურ ინტერესს. ანუ აქ გვაქვს საუბარი ორ მომენტზე. ან ხელისუფლება ლობირებს რომელიღაც კერძო ჯგუფს, ან ხელისუფლება ამ ჟესტით რუსეთის მთავრობასთან რაღაც პოლიტიკას აბამს. მაშინ კარგი იქნება, თუ გვეტყვის მთავრობა, რა მიებმება ამ ნაბიჯს. კომერციული თვალსაზრისით, როგორც ქართველებს არ სჭირდებათ დღეს „გაზპრომის" ბუნებრივი აირი, ისე არ სჭირდება „გაზპრომს" საქართველოს ბაზარი.
- რამდენად სანდო პარტნიორი შეიძლება იყოს „გაზპრომი" და ზოგადად რუსეთი?
- რუსეთი ჩვენთვის არის ნომერ პირველი პრობლემა. საქართველო ვერასდროს იქნება უსაფრთხოდ, თუ რუსეთთან ურთიერთობა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისა და სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით არ დალაგდა. არ არსებობს რაიმე ალტერნატივა, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენის გარეშე ქვეყანას უსაფრთხოს გახდის.
რუსულ ორბიტას საქართველო დიდი ხანია მოწყვეტილია, მაგრამ მოწყვეტა იმ ფორმით, რასაც ე.წ. მედასავლეთეები ამბობენ, არის ზღაპარი, რადგან მოწყვეტა არ ნიშნავს მეზობლებს შორის ურთიერთობის არარსებობას. რეგიონალური კრიზისის არსებობის შემთხვევაში, საქართველოსთვის საფრთხე არის კატასტროფულად მაღალი. ერთი კვირის წინ ამერიკულ გამოცემებში დაიბეჭდა მოსაზრებები, რომ 2008 წლისთვის რუსეთი მობილიზებული იყო ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად. დღეს აბსოლუტურად ღიად არის ცნობილი, რომ საჭიროების შემთხვევაში, თუ რუსები საჭიროდ ჩათვლიან, უკრაინა და საქართველო შეიძლება გახდნენ ბირთვული იარაღის გამოყენების პირველი ქვეყნები. არსებობს საფრთხე და ის უნდა მოიხსნას. ეს შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკის გზით და არა კონფრონტაციით. კონფრონტაციული გზა არის გზა კატასტროფისკენ.