"თარგმნა მსახიობობასაც ჰგავს..."
გამოცდილება არასდროს ჰქონია, თუმცა სცადა და დაიწყო წიგნების თარგმნა... მცდელობამ გაუმართლა და დიდი წარმატებები ხვდა წილად. თარგმნა ისეთი დიდი მწერლის შემოქმედებით დაიწყო, როგორიც იაპონელი მწერალი ჰარუკი მურაკამია, მაგრამ მისი ნაწარმოებების თარგმნაზე თანხმობის მიღება არც ისე იოლია, მან კი ეს შეძლო... 25 წლის მთარგმნელი თამარ სუბელიანი თავის შემოქმედებაზე „რეპორტიორს" უამბობს.
- ბიზნეს-ადმინისტრირებაში ბაკალავრის ხარისხი მაქვს. ახლა ვსწავლობ მაგისტრატურაში, მეორე კურსზე ვარ, მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტზე - შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით. თარგმნა დაახლოებით სამი წლის წინ დავიწყე. ასეთი ბლოგი მქონდა „კაფკა პლაჟზე" (ახლა აღარ მაქვს), სადაც პოსტებს ვწერდი. მკითხველებიც მყავდნენ. ერთ დღეს ვიფიქრე, წიგნის მკითხველთა რაოდენობის გასაზრდელად, კარგი იქნებოდა, რამე მეთარგმნა. ჰარუკი მურაკამის ორი წიგნიდან - „კაფკა პლაჟზე" და „ნორვეგიული ტყე" ნაწყვეტები ვთარგმნე.
შემდეგ უკვე თავიდან ბოლომდე ვთარგმნე ეს ორივე წიგნი. იმ დროს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში ვმუშაობდი და თარგმანი მთავარ რედაქტორს ვაჩვენე, რომელმაც მითხრა, ეს საქმე კარგად გამოგდის და ხომ არ გინდა, ვცადოთ და წიგნის თარგმნა დაიწყოო? რა შარში გავყავი თავი, მაშინ ვერ ვხვდებოდი. პირველი იყო „კაფკა პლაჟზე", რომელზეც თითქმის ერთი წელი ვიმუშავე.
ახლა უფრო ნაკლები დრო მჭირდება წიგნზე სამუშაოდ. პირველი წიგნი როცა ვთარგმნე, გამომცემლობიდან დამირეკეს, ხომ არ გინდა, კიდევ თარგმნოო და ვიფიქრე, ერთხელაც ვცდი-მეთქი და მერე მთლიანად ჩავერთე ამ საქმეში.
- ჰარუკი მურაკამის თარგმანს საინტერესო ისტორიები აქვს...
- ზოგადად, საქმე კეთდება ასე. აქაური გამომცემლობა უთანხმდება მთარგმნელს, მაგრამ, ვიდრე თარგმანს დაიწყებდეს, იქაურმა გამომცემლობამ (ამ შემთხვევაში ინგლისურენოვანმა) უნდა დაამტკიცოს მთარგმნელი. მთარგმნელის CV ეგზავნება ჯერ გამომცემლობას, თუ გამომცემლობა პირველ ეტაპზე უარყოფს, ამ CV-ს წიგნის ავტორთან აღარ გზავნიან. გამომცემლობამ პირველ ეტაპზე უარი შემოთვალა, რადგან არანაირი გამცდილება არ მქონდა ამ სფეროში. თუმცა სულაკაურის გამომცემლობის თანამშრომელმა ისევ მისწერა, სთხოვა... მერე უარის შემთხვევაში ვაპირებდით, რომ ფსევდონიმით მეთარგმნა, მოკლედ, „ცუდი იდეები" გვქონდა, რომ როგორმე დაგვთანხმებოდნენ. ბოლოს ისე მოხდა, რომ მოგვწერეს - ავტორს გადავუგზავნით CV-ს და თუ ის დაგვთანხმდება, ამ შემთხვევაში თარგმნის უფლებას მივცემთო. რამდენადაც ვიცი, მურაკამის ჩემი CV უნახავს. ამ ამბიდან ორ წელის მერე, თუ არ ვცდები, „ნიუ-იორკერმა" დაბეჭდა სტატია მურაკამის ერთ მთარგმნელზე და სწორედ იქ ეწერა, რომ მურაკამი ყოველთვის ნახულობს მთარგმნელის CV-ს და წიგნის ყდებს. არცერთ ენაზე მისი წიგნი ისე არ იბეჭდება, თუ მან არ ნახა ყდა, არ შეაფასა და არ მოიწონა. აქედან გამომდინარე, ვიცით, რომ ჩვენი წიგნის ორი ყდა უნახავს და მოსწონებია.
- ახლა რაზე მუშაობთ, რას თარგმნით?
- ახლა ჯონ სტეინბეკის „რუსულ დღიურს" ვამთავრებ, რომელიც საბჭოთა კავშირში მოგზაურობაზეა, დოკუმენტური პროზაა, საქართველოსაც აღწერს. კიდევ რუსეთსა და უკრაინაშიც იმოგზაურა. ამას რომ დავასრულებ, შემდეგ ისევ მურაკამის წიგნზე ვიწყებ მუშაობას, „უფერული ცუკურუ ტაძაკი და მისი პილიგრიმობის წლები", ეს მისი ბოლო რომანია, უკვე ახალ რომანზე მუშაობს.
- გარდა იმისა, რომ მურაკამი თქვენი საყვარელი მწერალია, მაინც რატომ გახდა ის დომინანტი თქვენს საქმიანობაში?
- მურაკამის თარგმნა ყოველთვის ჩემი ინიციატივით ხდება. სხვა ავტორებზე, როგორც წესი, გამომცემლები მითანხმდებიან. მურაკამი ჩემი უსაყვარლესი მწერალია. მის გარდა კიდევ ბევრი მწერალი მიყვარს, თუმცა მგონია, რომ მურაკამი ისე წერს, როგორც მე ვისურვებდი, რომ მეწერა. ყველაფერი მომწონს მისი: სიუჟეტები, წერის სტილი, ასევე ის დიდი მარტოობა, რაც მურაკამის წიგნებშია, ის დიდი სევდაც... ასევე გაგიჟებით მიყვარს კიდევ ერთი მწერალი - მიშელ უელბეკი, მაგრამ სამწუხაროდ, ფრანგული არ ვიცი და მის თარგმნას ხელს ვერ მოვკიდებ.
- მურაკამის შემოქმედებას თქვენ შინაგან სამყაროს ხომ არ უკავშირებთ?
- გარკვეულწილად ალბათ ასეა. მის ნაწარმოებებში ვავლებ ხოლმე პარალელს საკუთარ თავთან. ერთადერთი წიგნი, რომელშიც სრული იდენტიფიკაცია მოვახდინე პერსონაჟთან, არის „უფერული ცუკურუ ტაძაკი", როცა წავიკითხე, მეგონა, ჩემზე ეწერა... აქამდე სხვა პერსონაჟებთან ასეთი იდენტიფიცირება არასდროს მომიხდენია. მის ნაწარმოებებში არის რაღაც ამბები, ისტორია პერსონაჟისა, რაც ჩემთან ახლოსაა. „კაფკა პლაჟზე“-სა და „ნორვეგიულ ტყეში"-ც ასე იყო... სხვათაშორის, მურაკამის შემოქმედებაში ჩემს თავს უფრო მამაკაც პერსონაჟებს ვამსგავსებ, ვიდრე ქალებს. მისი გმირები ცხოვრებაში საყვარელი ქალის დაბრუნებას ყოველთვის ელიან, მეც ასეთი უსასრულო მოლოდინი ვიცი. ქალები ძალიან მომთხოვნი ჰყავს, მკაცრები, კაცებს არაფერს პატიობენ და მუდამ ბევრს ითხოვენ მათგან. ჩემი მეგობრები კი ქალ პერსონაჟებს უფრო მამსგავსებენ.
- არ ფიქრობთ, რომ ოდესმე შეხვდებით ჰარუკი მურაკამის? ალბათ, ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია, თქვენ ამის ცოცხალი მაგალითი ხართ...
- ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, მაგრამ რომც იყოს მასთან შეხვედრა შესაძლებელი, ალბათ, იმედების გაცრუების შემეშინდებოდა. როგორ მურაკამისაც მე ვიცნობ, შეიძლება ის რეალურად არ არსებობდეს... მის მიმართ დამოკიდებულებას მისი წიგნები მიქმნის და არა მისი პიროვნება. შეიძლება, ძალიან ცივი, უხეში აღმოჩნდეს, ან კონტაქტიც არ შედგეს ჩვენს შორის, რაც ალბათ ყველაზე მტკივნეული იქნება ჩემთვის.
- ლიტერატურული კონკურსის „წეროს" ჟიურის წევრიც იყავით...
- დიახ, ასეა. ზოგადად, ჟიურის წევრები ყველანი ლიტერატურასთან ახლო მდგომი ადამიანები არიან. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ყველას თავისი გემოვნება აქვს და იმ კრიტერიუმების მიხედვით ირჩევ მოთხრობებს, რომლებიც მოგწონს, ხშირია უკმაყოფილება. ზოგადად, დამწყები თუ შემდგარი მწერლისთვის ძალიან რთულია იმ ფაქტთან შეგუება, რომ ჟიურის რომელიმე მისი ნაწარმოები არ მოეწონა და სხვა ნაწარმოები არჩია. იყო შემთხვევები, როცა ამის გამო ლამის პიროვნული დაპირისპირება შექმნილა. მაგალითად, ერთ-ერთი მონაწილე აღარ მესალმება. მეც ვწერ... მთელი ბავშვობა „წეროში" მოთხრობებს თვითონ ვგზავნიდი, იქ არასდროს მოვხვედრილვარ, მაგრამ ის, რომ მაგალითად, კარგად ვერ ვწერ, არ ნიშნავს, რომ კარგად ვერ ვაფასებ. გული მწყდებოდა, „წეროში" რომ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ისე არა, რომ „მტრების" სია ჩამომეწერა. ეს იყო პირველი და უკანასკნელი კონკურსი, სადაც მე ჟიურის წევრი ვიყავი.
- თავად თქვით, რომ წერთ... ამაზე გვიამბეთ...
- ბავშვობიდან ვწერ. ვუდი ალენმა ასეთი რამ თქვა, წერა მანამდე დავიწყე, სანამ კითხვას დავიწყებდიო... ის წერას კი არა, ამბების შეთხზვას გულისხმობდა... მეც ასე ვიყავი... ამბებს ვიგონებდი, რაღაც ეტაპზე ვიგრძენი, რომ წერა უფრო კარგად გამომდის, ვიდრე სხვა რაღაცები. პირველად რომ დავწერე ვრცელი ნაწარმოები, 11 წლის ვიყავი, იმ წლებში აქტიურად ვწერდი, შემდეგ შევეშვი, ბოლო პერიოდში ისევ დავიწყე. ჯერ არაფერი გამომიცია, ვწერ მოთხრობებს. ერთი რომანი დავწერე სახელწოდებით - „მდინარეს თევზები შეჭამენ", ცოტა ხანს უნდა დავფიქრდე... დავამუშაო და შემდეგ უკვე გამოცემაზე ვიფიქრებ.
- წიგნის თარგმნის პროცესი რამდენ ხანს გრძელდება?
- რამდენიმე თვე, გააჩნია წიგნს... ბოლო 2 წლის განმავლობაში მეშვიდე წიგნს ვასრულებ.
- სხვა მთარგმნელები როგორ გაფასებენ?
- მეუბნებიან, რომ სწრაფი და საშიში ტემპი მაქვს აღებული...
- ალბათ, ამ საქმიანობას ბოლომდე მიჰყვებით...
- ნამდვილად ასეა, უბრალოდ, არ მგონია, ასეთი ტემპით გავაგრძელო და ასეთი სიხშირით ვთარგმნო წიგნები. ძალიან შრომატევადი საქმეა, დიდ ენერგიას მოითხოვს. ემოციურად ძალიან გამომფიტველია... თარგმნას მთელი ჩემი სასიცოცხლო ენერგია მიაქვს. შეიძლება საკუთარი ცხოვრების რამდენიმე წელი რაღაცისთვის გაიღო, მაგრამ არა მთელი ენერგია... ვფიქრობ, წელიწადში ერთი წიგნის თარგმნა სრულიად საკმარისი იქნება.
- რით განსხვავდებიან წიგნის მკითხველი და მთარგმნელი ერთმანეთისგან?
- ვთქვათ, ერთი პერსონაჟი მეორეს წერილს სწერს და ეს უნდა ვთარგმნო. მკითხველის თვალი ამ ნახევარგვერდიან წერილს კითხულობს მალე... ამ ძალიან ემოციური წერილის გადასათარგმნად კი მე რამდენიმე საათი მჭირდება. ყველა სიტყვასთან ჩხირკედელაობ, ებრძვი... კითხულობ უამრავჯერ, ათასჯერ... ხმამაღლა, ჩუმად (თვალით)... მთარგმნელი თავიდან წერს იმ წიგნს, ოღონდ სხვა ენაზე. უფრო მწერალთანაა ახლო კავშირში, ვიდრე მკითხველთან. მწერალი გაწვდის ჩარჩოს, სიუჟეტს ყველაფრიანად და შენ ამ ჩარჩოში უნდა შეინარჩუნო შემოქმედებითობა. წერ არა შენებურად, არამედ ისე, როგორც ის მწერალი, შენ არ გაქვს უფლება, მის ნაწარმოებში შენეული ვერსია წარმოაჩინო. მთარგმნელი გაცილებით მეტ დროს ატარებს იმ წიგნთან... ტექსტთან... ვიდრე მკითხველი.
- ამ კონკრეტულ შემოქმედებით პროცესში როგორ განწყობას იქმნით, უკეთესად რომ იგრძნოთ თავი მუშაობის პროცესში?
- ისევ მურაკამის შევეხები, მაგალითად, მის შემოქმედებაში ყოველთვის ნახსენებია მუსიკა... რომელ მუსიკაზეც ის წერს, ყოველთვის იმას ვუსმენ... ყოველთვის ვნახულობ იმ ფილმს, რაც ნაწარმოებშია ნახსენები. თუ რომელიმე წიგნზე საუბრობს პერსონაჟი, იმ წიგნებს ვკითხულობ თუ წაკითხული არ მაქვს. მთლიანად ვცდილობ პერსონაჟის როლში შესვლას... ერთი პერიოდი ვცდილობდი, თუ წიგნში ნახსენები იყო საუზმე, მესაუზმა ისე, როგორც პერსონაჟი საუზმობს... ცოტა სასაცილო შემთხვევა მქონდა სტეინბეკის თარგმნის დროს. როდესაც ის უკრაინაში მოგზაურობდა, დილას არყის სმით იწყებდნენ, მე ასე არ შემეძლო. მურაკამი რომ ყოველ დილით შავ ყავას სვამს, ვიცი. მე არ მიყვარს შავი ყავა დილით, მაგრამ მისი ხათრით მიცდია... და კიდევ ბევრ ასეთ რამეს ვაკეთებ... ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ თარგმნა მსახიობობასაც ჰგავს...