კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას ინიციატივით, 8 წლის განმავლობაში შეწყვეტილი საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალის „არილი" გამოცემა განახლდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალი „არილი" 1993-2005 წლებში გამოდიოდა. კულტურის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ განიხილა საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება, ჟურნალის აღდგენის შესახებ.
ჟურნალის პრეზენტაციას, რომელიც ხვალაა დაგეგმილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი თეონა დოლენჯაშვილი, წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი დეა მეტრეველი, სამინისტროს თანამშრომლები, ჟურნალის ძველი და ახალი ავტორები, მწერლები და ერთგული მკითხველები დაესწრებიან.
ჟურნალში იბეჭდებოდა ინტერვიუები ცნობილ ადამიანებთან, ხელოვანებთან, თანდართული უნიკალური ფოტომასალით.