ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეზე მოსარჩელე მხარის ადვოკატები არ იზიარებენ მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება „რუსთავი 2"-ის ადვოკატების შუამდგომლობის დაკმაყოფილებას სხდომის გადადების თაობაზე.
ადვოკატ პაატა სალიას განცხადებით, მაშინ, როდესაც მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულებები, მათ გასაანალიზებლად მოპასუხე მხარის მოთხოვნა სხდომის გადადებასთან დაკავშირებით გაუგებარია.
ამასთან, პაატა სალიას თქმით, „რუსთავი 2"-ის ადვოკატებს ჰქონდათ საკმაო დრო, რათა გაეანალიზებინათ და შეესწავლათ ექსპერტიზის დასკვნა და დოკუმენტაციის სიყალბეზე გამოთქმული ვარაუდები.
„რუსთავი 2"-ის ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება შეაფასა.
„ჩვენ ვადა გვჭირდება, რათა მოპასუხე მხარე მოვემზადოთ პაექრობისთვის. ჩვენ არ გვქონდა სათანადოდ მომზადების საშუალება, რადგანაც ექსპერტის დაკითხვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. სწორედ ამისთვის ვითხოვეთ დრო და მოსამართლეს არ ჰქონდა უარის თქმის საფუძველი", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.