გორის სოფლებში - წედისსა და ბნავისში ცხოველების დაცემის ფაქტთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ აღნიშნულ სოფლებში ოქტომბრის დასაწყისიდან დღემდე სულ 4 სული მსხვილფეხა პირუტყვის დაცემა დაფიქსირდა, რომლის მიზეზი დაავადება ემკარი გახდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ემკარი არ არის განსაკუთრებით საშიში დაავადება და მის წინააღმდეგ პროფილაქტიკური თუ სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარება სახელმწიფო პროგრამით არ არის გათვალისწინებული, სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტების დახმარებით ჩატარდა მოსახლეობის კუთვნილი საქონლის ვაქცინაცია. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მიმართონ კერძო ვეტერინარებს და პროფილაქტიკის მიზნით, კუთვნილ შინაურ ცხოველებს ვაქცინაციები ჩაუტარონ ისეთ დაავადებებზე, რომლებზეც სახელმწიფო პროგრამით იმუნიზაცია გათვალისწინებული არ არის. სააგენტოს სპეციალისტები მზად არიან, კონსულტაციები გაუწიონ მოსახლეობას", - ნათქვამია განცხადებაში.